კორონავირუსის გავრცელების საფრთხედ საქართველოსთვის სხვა ქვეყნებს შორის იტალიაც მიიჩნევა. დღეს უკვე კორონავირუსით დაინფიცირებული მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეა. დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა მოექცნენ. მისი თქმით, იტალიიდან ჩამოსულმა პირებმა, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ.
„მრავალ ადამიანს, რომელიც შემოდის განსაკუთრებით იტალიიდან, ეძლევა რჩევა, რეკომენდაცია, რომ თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნება და ისინი არიან ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორიით, იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში და თუ თვითიზოლაციის პერიოდში ვინმეს ეწყება სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია მიმართონ ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში უკვე ორი ინფექციის მატარებელი პაციენტი გამოვლინდა. რამდენიმე ადამიანი ამ დროისათვის ბოქსირებულ პალატებში დაკვირვებას გადის.