დღეს საქართველოში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა. მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობა ნათია თურნავა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა.
მისი ადგილი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაიკავა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე კი პრემიერმა ოთარ შამუგია წარადგინა.
ოთარ შამუგია ამ დრომდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოთარ შამუგია არის დევნილი სოხუმიდან და “თავისი პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას”.
„ოთარი არის დევნილი სოხუმიდან. ის დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას.
ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება.
კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან და ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოთარ შამუგია 2007 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს:
განათლება მიღებული აქვს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში,
პროფესიით არის ეკონომისტი, მაგისტრთან გათანაბრებული.
ფლობს ქართულ და რუსულ ენას. ჰყავს მეუღლე, მარიამ სამხარაძე და სამი შვილი ლუკა, გაბრიელი და ანდრია.
რაც შეეხება ახლად დანიშნულ ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს დღესვე შეხვდა. შეხვედრას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა და მოადგილეები ესწრებოდნენ.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს გუნდის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოსახლეობის მიმართ არსებული მთავარი ვალდებულებების სწორად შესრულებაზე.
„გვესმის, რომ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს ეკონომიკის სწრაფი განვითარების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალ გუნდთან ერთად შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის მიმართ არსებული მთავარი ვალდებულებების სწორად შესრულებას, რაც უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას, მეტ დასაქმებას და ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვას“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
საკადრო ცვლილებეზე შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ცვლილებები რეალურად არაფერს შეცვლის და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება.
გიგა ბოკერიას თქმით, ეკონომიკის მინისტრის ცვლილებით სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ.
„ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა იმ ტიპის ხელისუფლებაა, სადაც ასეთ ცვლილებებს კი არა ლამის პრემიერ-მინისტრი ვის ერქმევა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, მინიმუმ არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ.
ეს მთავრობები, მინისტრები, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიცვალა, ერთნაირად არიან პასუხისმგებლები საკუთარ უპასუხისმგებლობაში იმაზე, რაც საქართველოს ეკონომიკას მოუვიდა. ლარის კურსი, ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ჯერ შენელება, მერე გაჩერება, ბიუროკრატიის ზრდა – ეს ყველაფერი მათი გადაწყვეტილებების შედეგია ჯამში, არა რომელიმე ერთი აღებული მინისტრის, არამედ ამ მასის რასაც ივანიშვილის გარემოცვა ჰქვია,“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სამთავრობო ცვლილებებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ის ვერ ხედავს მეტ პროფესიონალიზმს მთავრობაში და ვერ ხედავს ისეთ ადამიანებს, ვისაც შეუძლია წინ წაიყვანოს ქვეყანა.
“სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება – შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება!
ეს არის რაღაც შიდა ტექნიკური გადაადგილება და მეტი არაფერი. მოდიან ადამიანები, ვისაც არავინ იცნობს. ვიღაც შეიძლება დიდი ხანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, მაგრამ ის, რომ არავინ იცნობს და არ ვიცით, რა გაუკეთებია, თავისთავად მიუთითებს, რომ დიდს არაფერს უნდა ველოდოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„გირჩის“ ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანა არც წინ წასულა და არც უკან – ასე აფასებს ის მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს.
„10 წლის განმავლობაში არც წინ წავსულვართ და არც უკან. თუ „ქართული ოცნება“ ამას წარმატებად შეაფასებდა, მათ ამის უფლება აქვთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის წარმატება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ბუნებრივი პროცესია.
“როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, სინამდვილეში ცხადია, რომ აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება,- განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა. მანამდე ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე იყო.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, იგი 2014 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო მინისტრად 2017 წელს დაინიშნა.