ჩვენ ახლა ვიწყებთ სპეციალური სტატუსის შემუშავებას იმ სოფლებისა და მცხოვრებლების, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან იმყოფებიან. შემდგომ ამ სპეციალურ პაკეტს წარვადგენთ პარლამენტში მთავრობასთან განსახილველად, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ქაცარავა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, პოლიტიკურმა პარტიების მიერ ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში დააბრუნონ.
„ანტისაოკუპაციო საბჭოს პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ის, რომ საბჭოში წარმოდგენილი პოლიტიკოსების დახმარებით, მოხდება პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნება.
სამწუხაროდ, როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს თემა არის უკანა პლანზე და პოლიტიკოსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია ამ საბჭოს მუშაობაში იქნება ამ თემის აქტუალიზაცია და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მოწოდება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ვაიძულოთ ხელისუფლება და გადადგას სწორი ნაბიჯები, ვინაიდან ის პოლიტიკა, რასაც თვალყურს ვადევნებთ ხელისუფლების მხრიდან არის აბსოლუტურად ფიასკო და მას მხოლოდ და მხოლოდ უკუეფექტი აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ ოკუპანტების შეჩერებას. მხოლოდ სიტუაციის გაუარესებას ვადევნებთ თვალყურს. დღეს რომ გადავხედოთ ამ ადამიანების ყოფას, ისინი ვერანაირი ხელშესახები ბენეფიტებით ვერ სარგებლობენ. აბსოლუტურად უყურადღებოდ არიან დარჩენილი და მიტოვებულები არიან ერთ-ერთზე ოკუპანტებთან.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინიციატივით შექმნილ საბჭოში 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა – “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა”.
დავით ქაცარავამ საბჭოს გაფართოება არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ოკუპაციის თემის გარშემო პოლიტიკოსებთან ერთად ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
„სამწუხაროდ, დღეს ვერ მოახერხა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ჩამოსვლა, მაგრამ ისინიც შემოგვიერთდებიან. ჩვენ არ ვზღუდავთ არავის. ვფიქრობთ, ანტისაოკუპაციო საბჭო შესაძლოა გახდეს ის ღერძი, რომლის ირგვლივ შესაძლოა, მოხდეს რეალური გაერთიანება, ვინაიდან ოკუპაცია ა ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა, უნდა იყოს ზეპარტიული იდეა.
შეიძლება ნებისმიერი პოლიტიკური პარტია შეიკრიბოს, ბუნებრივია არ იგულისხმება რუსეთუმე პარტიები, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, ეს საბჭო გაფართოვდება და იქნება საკმაოდ წარმომადგენლობითი. მაქსიმალურად შევეცდებით დიდი ეფექტი მოვახდინოთ ანტისაოკუპაციო საქმიანობაში“, – განაცხადა დავით ქაცარავამ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა”.