ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დაბალბიჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის“ დაბრუნების საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ფრენებს მარტის ბოლოდან აღადგენს.
როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, საწყის ეტაპზე, ავიამიმოსვლა ქუთაისიდან 20 მიმართულებით აღდგება.
„ვიზეარი მარტის ბოლოდან ანახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას”, – აღნიშნა თურნავამ.
მისივე განცხადებით, ასევე მარტის ბოლოდან, “ვიზეარი” ფრენებს აბუ-დაბის მიმართულებითაც შეუდგება. “მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია “ვიზეარ აბუ-დაბი” და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელს ანდრაშ რადოსაც იმედი აქვს, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ოპერირებას განაახლებს.