ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს შეფასებები მოყვა როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესშიც, რადგან შეხვედრაზე ვაქცინების საკითხი აქტიურად იქნება განხილული.
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ადამიანის უფლებების დარღვევების გახშირებული ფაქტები და სხვა პროვოკაციული ქმედებები იქნება დეტალურად განხილული. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში. მიშელის ვიზიტი ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი”.- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების თქმითვე, ვიზიტმა გარკვეული ძვრები უნდა შეიტანოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.
“მიმაჩნია, რომ მიშელის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ პოლიტიკურად ნორმალურ ფაზაში გადავიდეს ის მდგომარეობა, რაც დღეს ოპოზიციის დესტრუქციული ქმედების გამოა შექმნილი”.- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შარლ მიშელი საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან დროს ჩამოდის. “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელს ექნება მკაფიო გზავნილები, რადგან მისი თქმით ახლა ორაზროვანი გზავნილების დრო არ არის.
დღეს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა
ვისთან გამართავს შეხვედრებს შარლ მიშელი?
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი აღნიშნავს, რომ მიშელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის დროს.
„მიშელის ვიზიტი უნდა აღვიქვათ დემოკრატიის გადარჩენისა და „ქართული ოცნებისაგან“ დახსნის მისიად. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ველით, რომ ეს კრიზისი გადაიჭრება და ეს ვიზიტი ამაში შეიტანს მნიშვნელოვან როლს. დარწმუნებული ვართ, რომ იქნება ძალიან მკვეთრი და მკაფიო საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს კრიზისი. დარწუნებული ვართ, რომ ბატონი მიშელი ნათლად გააღჟერებს ჩვენი დასავლელი პარტნიორის და მეგობრის პოლიტიკურ ვნებას, რომელიც არის ის, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და ქართული დემოკრატია უნდა გათავისუფლდეს ამ ფსევდოდემოკრატიული წნეხისგან, დაინიშნოს ახალი რიგგარეშე არჩევნები, რათა გადავტვირთოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა“. – განაცხადა გეგელიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ბელგიის სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში შეხვდება ორივე მხარეს, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც.
შარლ მიშელი საქართველოში მოლდოვიდან ჩამოვა. თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან.