პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტის მთავარი არსი იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნაა.
მოქმედ კანონში ცვლილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კანონით უკვე ძალაში შესულია ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე GMP-სტანდარტის მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ.
ოფიციალური განმარტების თანახმად, კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება ერთიანი მიდგომა ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის, GMP-ის სტანდარტის მოთხოვნის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ფარმაცევტულ ბაზარზე სამართლიან კონკურენციასა და ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებას.