LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს, საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 75 ლარით გაიზარდა

60
18974757861

საქატატის ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტალში, საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 75.2 ლარით გაიზარდა და 1 227 ლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიურ ხელფასს, მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში 1 293.7 ლარითაა განსაზღვრული, საშუალო ბიზნესის– 1 404.9, ხოლო მცირე ბიზნესის- 1 035.2 ლარით.

ამასთან, 2020 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.8 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 8.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.4 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 4 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.5 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2020 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.4 პროცენტი, 12.4 პროცენტი და 10.5 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის I კვარტალში, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.8 პროცენტი ქალია, ხოლო 58.2 პროცენტი – კაცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები