კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ასეულობით საჯარო მოხელეს მოუწია ემტკიცებინა, – რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები.
ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან
თეა წულუკიანის თქმითვე, მომავალ თაობებს ხელში უჭირავთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელზედაც წერია, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები რუსებმა აწამეს და მოკლეს და რომ ოკუპაცია მიმდინარეა:
„მას მერე, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის ოქტომბერში, ჩემს ტყავზე, იუსტიციელების ტყავზე, პროკურორების, პოლიციელების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჯარის, გენშტაბის და ყველა ამ ადამიანის ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში.
გვახსოვს 2008 წელს, როდესაც ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, სადაც ეწერა ფრაზა, რომ ვინმე სააკაშვილმა და მისმა არც თუ ისე პატარა დედამ კი არა, საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომიო, ამ ფრაზას არ შეეწინააღმდეგა არც დავით დარჩიაშვილი, არც გოგა გაბაშვილი, არც ჩიორა თაქთაქიშვილი, არც – ახლა ვითომ პროგრესული ტელევიზიიდან რომ გვმოძღვრავს – გიორგი თარგამაძე, რომელიც მაშინ „ნაცების“ მიერ დანიშნული ოპოზიცია იყო, არც გიორგი კანდელაკი და ა.შ. მათ ერთხმად კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ამ ფრაზას, თურმე ქართველი ჯარისკაცების მიერ ყოფილა აგვისტოს ომი დაწყებული.
ამას ემატებოდა ისიც, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო მოგროვებული და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეულობით საჯარო მოხელეს, რომლებსაც დღეს მადლობას ვუხდი, მოგვიწია, გვემტკიცებინა სიმართლე. მარტივი სიმართლე, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები.
მაშინ ისინი რეზოლუციას უჭერდნენ მხარს საკუთარი ჯარის წინააღმდეგ. ამ ხუთმა ადამიანმა, რომლებიც „ნაციონალების“ ლიდერები იყვნენ, უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს საკუთარი ჯარის, სამშობლოს წინაშე ამგვარი დანაშაული, როდესაც ჩვენი ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, რატომ არ აწარმოებდნენ კვალიფიციურად დავას სტრასბურგსა და ჰააგაში, სადაც ერთგანაც გავიმარჯვეთ ჩვენ და მეორეგანაც ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგად.
ასევე, პასუხი უნდა გაგვცენ – რატომ არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს, რატომ არ ჰქონდათ და ამბობდნენ დავკარგეთო, მაგალითად ერთ-ერთი ბრძანება, რომლითაც ჩვენ მარტივად დავამტკიცებდით, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ეს ხომ აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ. ასევე, რატომ გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დასაბრუნებელი გახდა, რადგან, რუსი სტრასბურგში როდესაც საწინააღმდეგო მხარეს იდგა, დაგვცინოდა, არ ჩამოვარდნილა და ეს ქართველების ფოტოშოპიაო. სად იყო ეს მტკიცებულებები. რატომ არ აწარმოეს დავა, რატომ დაადანაშაულეს საკუთარი ჯარი და სად იყვნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ევალებოდათ სიმართლისთვის ბრძოლა.
მინდა, ყველას მოგილოცოთ, რომ დღეს სიმართლე დამტკიცებულია, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ხელში უჭირავთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვა სამხედრო ტყვეები აწამეს და მოკლეს რუსებმა, რომ ოკუპაცია მიმდინარეა.
ეს სიტყვაც სანატრელი იყო „ნაცების“ დროს, რომ ვინმეს გამოეყენებინა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოა, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით, გილოცავთ, თუმცა სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოკრძალებითა და სიდინჯით განვაგრძოთ ამ თემებზე საუბარი, ვინაიდან ჰააგაში გამოძიება კი დასრულდა, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს, მმართველი პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „საქართველოს ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა რომ არ მოეგო, ვიღაცები რისკის წინაშე იყვნენ:
„ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ამ ისტერიულ კამპანიას მათი მხრიდან ჰქონდეს, არის გაღმა შედავების პიარული პრინციპი, მეტი ახსნა არ აქვს. თავად თქვენზე და ჩემზე კარგად იციან. თავის დროზე, ვიდრე ჩვენ აღმოვაჩენდით, ეს რეზოლუცია ხომ იცოდნენ? თვითონ ხომ იცოდნენ, რომ ომის დაწყება დაუფიქსირეს, 7 აგვისტოს და 9 აგვისტოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ რუსეთის ჯარები 8 აგვისტოს შემოვიდნენო. აქ რომ 7 აგვისტო წერია და აქ 7 აგვისტოს ოსი სეპარატისტები მოქმედებდნენ, რუსეთი არაფერ შუაში არ იყოო, პრაქტიკულად, ამას ლაპარაკობდნენ და 8 აგვისტოს დაუფიქსირა რუსის ჯარებს შემოსვლა როკის გვირაბით, ეს ხომ ჩვენზე კარგად იციან?…
და ახლა, ღალატი ხომ გადაჭარბებული არ არის, რადგან ეს შავით თეთრზე წერია შეფასებად, ამ ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება რაღაც თითქოს მათი მხრიდან აჟიტირებული გაკაპასებული კამპანიის წარმოება.
რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს მოცემულობა, რაც მათ დაუშვეს და რითაც თავის სამხედროებს უდიდესი დარტყმა მიაყენეს, ამ შემთხვევაში, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მოძიებული უამრავი მტკიცებულება, არ ვიცი, გენშტაბის უფროსი, სამხედროები, გასაგებია, რომ რიგით სამხედროებზე შეიძლება არ ყოფილიყო ლაპარაკი.
ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, ვიღაცები რისკის წინაშე იყვნენ. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა. ჩვენი მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი სამართლებრივი, სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა.