სამკურნალო წყლები, გამორჩეული ბუნება, სტრატეგიული ლოკაცია, უნიკალური არქიტექტურა და გეგმარება, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც წყალტუბოს საერთაშორისო დონის, ოთხი სეზონის კურორტად აქცევს. ლევან დავითაშვილმა ამის შესახებ გუშინ კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
„წყალტუბოს საინტერესო მდებარეობა აქვს – ის ძალიან ახლოსაა ქუთაისთან, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბო – ეს ბალნეოლოგიური კურორტი ისტორიაში შეიქმნა სწორედ უნიკალური წყლის გარშემო. ეს არის როგორც თერმული, გაზური, ისე საკმაოდ რადიაქტიული წყლები. ეს არის მართლაც უნიკალური თვისებების წყალი, რომლის ანალოგიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ წლის განმავლობაში წყალტუბოში სამკურნალო-მინერალური წყალი მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა, განსხვავებით სხვა ქვეყნებში მსგავსი შემადგენლობის მქონე წყლისგან”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის განმარტებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბო არის კურორტი, რომელიც ადრე ოთხი სეზონის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა და ახლა სრული პოტენციალი არსებობს, რომ ეს წარმატებით დაბრუნდეს კურორტის ცხოვრებაში. მინისტრის თქმით, უნიკალური არქიტექტურა და გეგმარება ასევე განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს კურორტს – საბჭოთა პერიოდის ნეოკლასიკური სტილის არქიტექტურა და ე.წ. საბჭოური მოდერნიზმის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო მაგალითები, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.
„ეს იყო კურორტი საკურორტო გეგმარებით გამორჩეული რეკრეაციული, ბალნეოლოგიური სხვადასხვა ზონით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ არის შენარჩუნებული და ჩვენ შეგვიძლია ამის კარგად გამოყენება – ახალი გენგეგმის ფარგლებში ეს გათვალისწინებულია, მაგრამ ამასთან, თანამედროვე განვითარების დინამიკა არის სწორად დანახული. გამორჩეული არქიტექტურა თავის ხიბლს სძენს ამ კურორტს იმისთვის, რომ ჩვენ ისტორიულად ღირებული კულტურული მემკვიდრეობა გვქონდეს და წყალტუბომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი დიდი კურორტების გვერდით”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება წყალტუბოს კიდევ ერთ უპირატესობას – ეს არის სტრატეგიული მდებარეობა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქუთაისთან და საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე, რაც განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს არეალი უნიკალური ბუნებით გამოირჩევა – აქ არის ძალიან ბევრი კარსტული მღვიმე, რაც ძალიან საინტერესო ტურისტული მარშრუტების განვითარების საშუალებას იძლევა. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია ახლომდებარე ისტორიული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობა.
„ეს ყველაფერი, წყალტუბოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან უპირატესობებს ანიჭებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ სწორად მოვახდენთ ამ კურორტის განვითარებას, წყალტუბო დაიმკვიდრებს ადგილს იუნესკოს დიდი სპა-კურორტების გვერდით, როგორიცაა ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, მონტეკატინი ტერმე და ა.შ. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობები გააჩნია და სპეციალიზებულია კონკრეტული მიმართულებით. წყალტუბო უნდა იყოს მრავალფუნქციური, ფართო სეგმენტურ მოგზაურზე გათვლილი, მდგრადი და ინკლუზიური კურორტი, რომელიც მოგცემს ბევრი მიმართულების განვითარების საშუალებას. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, კურორტი ოთხივე სეზონის განმავლობაში მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ვიზიტორებითა და ტურისტებით დავტვირთოთ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.