LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთიდან სამშვიდობო ჯარების გაყვანას იწყებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია

108
1

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთიდან სამშვიდობო ჯარების გაყვანას იწყებს. 

ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯარების გაყვანის პროცესი დღეს დაიწყება და 10 დღეში დასრულდება.

კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაყვანის პროცედურას ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების საბჭო დაამტკიცებს. საბჭოს რიგგარეშე სხდომა დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართება.

შეგახსენებთ, გუშინ, ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგგარეშე სამიტის შედეგებით კმაყოფილია და მოკავშირეებს “ტერორისტული თავდასხმის ფონზე” მხარდაჭერისა და  დროული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ორი დღის წინ, ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.

6-დღიანი უკონტროლო ვითარება კი ქვეყანას ასეთ სტატისტიკად დაუჯდა – დაუზუსტებელი ინფორმაციით, 164 გარდაცვლილი, 8 000-მდე დაკავებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დარბეული სავაჭრო ობიექტები.

შეგახსენებთ, თვის დასაწყისში, ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები უკიდურეს დაძაბულობასა და სამართალდამცავებთან შეტაკებებში გადაიზარდა.

ქვეყნის მთავრობა გადადგა. ყაზახეთის მთავარ ქალაქებში ალმათსა და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოგვიანებით კი ეს რეჟიმი მთელს ქვეყანაში ამოქმედდა.

ამის შემდეგ, შეტაკებები კვლავ გაგრძელდა, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კი ბრძანება გასცა – სამხედროებს გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაეხსნათ “ტერორისტებისთვის”.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები კი ქვეყანაში 7 იანვარს შეიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები