ეპიდემიებთან ბრძოლის საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება მაქვს და აქამდე არსად მინახავს ასეთი მასშტაბით ასეთი გმირობა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთში ყოველდღიურად იბრძვიან, რათა ვირუსი მსოფლიო მასშტაბით არ გავრცელდეს.
“არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ჩინეთში მცხოვრები მოქალაქეების და ექიმების სამოქალაქო გმირობას, რომლებიც დღეებისა და კვირეების განმავლობაში არ გამოდიან საავადმყოფოებიდან. ყოველდღიური გმირობები ხდება ჩინეთში. ეპიდემიებთან ბრძოლის საკმაოდ დიდი ხნის, საკმაო გამოცდილება მაქვს და აქამდე არსად მინახავს ასეთი მასშტაბით ასეთი გმირობა. ის, რაც დღეს ჩინეთში ხდება ნამდვილი გმირობაა. ჩვენც, რაღაცნაირად, ყველას სოლიდარობა გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან, რომ მსოფლიოში არ გავრცელდეს ეს დაავადება“, – აცხადებს პაატა იმნაძე.
შეგახსენებთ, ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 361-ს მიაღწია. გუშინ კი ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა ფილიპინებში მოხდა, გარდაცვლილია 44 წლის მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში ქალაქ უხანიდან იყო ჩასული.