უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, შვედეთის კუნძულის – გოტლანდის ოკუპაცია მოახდინოს.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტის წევრებს, მიმართვის დროს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში რუსული აგრესია ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ყველა მეზობელი სახელმწიფო საფრთხეშია და მათ შორის არის შვედეთიც:
“უკრაინაში რუსული აგრესია ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ყველა მეზობელი სახელმწიფო საფრთხეშია, მათ შორის შვედეთიც. რუსეთის პროპაგანდისტული სამთავრობო არხები უკვე ღიად განიხილავენ თქვენი ტერიტორიის, კუნძულ გოტლანდიის ოკუპაციის საკითხს.
რუსეთს მიზანში აქვს ამოღებული გოტლანდიის კუნძულები, სადაც სამხედრო ბაზისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებას გეგმავს. შემდეგ სამიზნედ კი შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნები აირჩიოს.
თანამედროვე ევროპა მშვიდობაზე დგას, რაც თავის მხრივ, მორალურ პრინციპებს ეფუძნება. ამ პრინციპების თანახმად, სახელმწიფო საზღვრების გადალახვა ძალისმიერი მეთოდებით დაუშვებელია. ყველა ქვეყნის მოსახლეობას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მისი მომავალი, გააკეთოს არჩევანი დიქტატურას და დემოკრატიას შორის და აირჩიოს მომავალი ოკუპაციის გარეშე. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ ევროპასთან გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა, მჭიდრო თანამშრომლობა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის საშუალება მშვიდ გარემოში შეგვეძლო. ასე იყო, ვიდრე რუსეთის მთავრობამ არ გადაწყვიტა, დროში ემოგზაურა, არ უთხრა უარი 21-ე საუკუნის მშვიდობას და ძველი ეპოქისთვის დამახასიათებელი ტოტალიტარული იდეოლოგიით არ შემოიჭრა ჩვენ მიწაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტს ონლაინფორმატში დღეს მიმართა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში