სულ მალე თბილისში სასტუმრო „გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისი” გაიხსნება.
ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “ბიზნესკურიერი” საინვესტიციო ჰოლდინგ, “ბლოკ ჯგუფის” მმართველმა პარტნიორმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე თითქმის ყველა სამუშაო დასრულებულია და სასტუმროს გახსნა მაისის თვეში იგეგმება.
„გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისი“ მაისში გაიხსნება. პრაქტიკულად, ყველა სამუშაო დასრულებულია. მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო პროდუქტი გამოგვივიდა. ვფიქრობ, როგორც ჩამოსული ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის საინტერესო იქნება. სასტუმრო მდებარეობს ქეთევან წამებულის გამზირზე, არაჩვეულებრივი ხედები იშლება განსაკუთრებით ძველ თბილისზე და გვგონია, რომ ნამდვილად შევძელით და შევქმენით ე.წ. „ლენდ მარქ“ ადგილი თბილისისთვის. ეს იყო ჩვენი მოტივაცია, რომ გამორჩეული შენობა ყოფილიყო, ბევრი დეტალია საინტერესო. შენობის ფასადი ყოველ ღამე შეიცვლება. ყველა ნომერი არის ქართველი მხატვრების მიერ მოხატული და ყველგან უნიკალური ხელით ნამუშევარი შეგხვდებათ, რომელიც საქართველოს ისტორიას გვიყვება.
მგონია, რომ ტურიზმის განვითარებას ამით ხელი უნდა შევუწყოთ, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და ინდუსტრია არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს მიმართულება პანდემიამ ძალიან დააზიანა, თუმცა წელს უკვე არის იმის მოლოდინი, რომ დავუბრუნდებით იმ ნიშნულებს, რომლებიც იყო 2019 წელს,” – თქვა თორნიკე ჯანაშვილმა.
თორნიკე ჯანაშვილმა “ბიზნესკურიერის” ეთერში აღნიშნა, რომ სასტუმრო „გოლდენ ტულიპი“ ადგილობრივი კადრებით დააკომპლექტეს.
“ახლა ჩვენ სასტუმრო მთლიანად ადგილობრივი კადრებით გვყავს დაკომპლექტებული, მაგრამ გამოცდილი კადრები არიან, რომლებსაც 10 წელზე მეტი აქვთ ნამუშევარი სტუმარ-მასპინძლობის წამყვან ბრენდებში. „გოლდენ ტულიპი“ ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მსოფლიოში. ეს ძალიან გვეამაყება, იმიტომ რომ მართლა გამოცდილი და ადგილობრივი გუნდი შევკარით, რომლებმაც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი უნდა გადმოთარგმნონ.
ეს არაა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესი, ეს სრულიად განსხვავებული ბიზნესია, რომელსაც ადამიანები აკეთებენ და ამაზე ძალიან დიდ აქცენტებს ვაკეთებთ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ასეთი ბრენდები შემოდიან ჩვენთან. მათთან ერთად მოდის განსხვავებული სტანდარტები, რაც აუცილებლად გვჭირდება.
საინვესტიციო ჰოლდინგ, “ბლოკ ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია აგრძელებს ინვესტიციების მოზიდვას:
“ეს არის ადგილობრივი კომპანია და ადგილობრივი ინვესტიციები. ჩვენ გვყავს პარტნიორი ბანკები, რომლის დახმარებითაც ამას ვაკეთებთ. თუმცა არის დაინტერესება უცხოეთიდანაც და ვგეგმავთ, რომ უახლოესი 3-4- წლის განმავლობაში უფრო დიდი ინვესტიციები შემოვიტანოთ სხვა ბაზრებიდანაც,” – აცხადებს ჯანაშვილი.