LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში, ეს არის წკიპზე, ყოველ წუთს შეიძლება, გაუთვლელმა ნაბიჯმა კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს: სოზარ სუბარი

67
სოზარ სუბარი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველო უკრაინის მიმართ მხარდასაჭერად მაქსიმუმს აკეთებს და მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისათვის, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში.

„უკრაინის მიმართ საქართველოს თანადგომა გამოხატულია ყველა იმ საერთაშორისო მხარდაჭერაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირის, ევროსაბჭოში, გაერო-სა და ეუთო-ს დონეზე. საქართველო ყველგან მკაცრ პოზიციებზეა. მეორე მხრივ, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ხდება როგორც საქართველოში მყოფი უკრაინელების, ასევე უკრაინის სახელმწიფოს მიმართ და მზად ვართ, მივიღოთ ის ლტოლვილები, რომლებიც საქართველოში გადაწყვეტენ ჩამოსვლას. ამ მიმართულებითაც მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში. ეს არის წკიპზე, ყოველ წუთს შეიძლება, გაუთვლელმა ნაბიჯმა კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს ჩვენც, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო.

ბორის ჯონსონის განცხადება ვნახეთ, რომ ისინი არ ელოდებოდნენ რუსეთის ხელისუფლებისგან იმას, თუ ბირთვულ მუქარაზე გადავიდოდნენ. რასაც არ ელოდა საერთაშორისო სამყარო, ჩვენ ველოდით, როგორც ოკუპირებული ქვეყანა.

ჩვენი ტერიტორიის 22 პროცენტი არის ოკუპირებული და საზღვრის გადმოკვეთაც კი არ სჭირდებათ, საქართველოს საზღვრებში არის რამდენიმე რუსული სამხედრო ბაზა. უმძიმესი და ურთულესი პერიოდია. მსოფლიო დგას ახალი რეალობის წინაშე და ხვალ, ზეგ შეიძლება, გავიღვიძოთ სამყაროში, სადაც ახალი ვითარება იქნება მთელ მსოფლიოში და ასეთ აგრესიებს ადგილი ვეღარ ექნება. ჩვენ უნდა გავძლოთ მანამდე, რომ როგორმე ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. ეს არის პრემიერ-მინისტრის ნომერ პირველი ვალდებულება და მისი ამოცანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები