რუსი დამპყრობლების მიერ, უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ბოლო ცნობებით, 30 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაღუპულთა შორის 15 წლის გოგონაც არის. რაც შეეხება დაშავებულებს, 70 მეტი დაშავებული ადამიანიდან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.
დნიპროში რუსი დამპყრობლების ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
როგორც ზელენსკი აცხადებს, სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ სიცოცხლის გადარჩენის უმცირესი შანსიც არსებობს.
„დნიპროში ტერორისტების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა სიაში ამ დროისთვის 30 ადამიანია, მათ შორის ერთი ბავშვი – გოგონა, ის 15 წლის იყო. ჩვენ ვიბრძვით თითოეული ადამიანისათვის! სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ სიცოცხლის გადარჩენის უმცირესი შანსიც არსებობს. სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინამ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერისგან, საზოგადო მოღვაწისგან, ჟურნალისტისა და რიგითი მოქალაქისგან მოისმინა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩენილა! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ადამიანები გაერთიანდნენ ტერორის საპასუხოდ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსებს მიმართა და გააფრთხილა, რომ მათი დუმილი იმაზე, რაც ხდება იმით დასრულდება, რომ იგივე ტერორისტები ერთ დღეს მათთანაც მივლენ.
„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც რუსეთშია და რუსეთიდანაა, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დაგმობის რამდენიმე სიტყვა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს მშვენივრად ხედავენ და იციან. თქვენი მშიშარა დუმილი, თქვენი მცდელობა „დაელოდოთ“ რაც ხდება, მხოლოდ იმით დასრულდება, რომ იგივე ტერორისტები ერთ დღეს თქვენთანაც მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ნანგრევების ქვეშ ხალხია“ – რუსებმა დნიპროში 9-სართულიან კორპუსს რაკეტა ესროლეს