„მე არ მჯერა, რომ ამ რეზოლუციებს რაიმე წნეხის მოხდენა შეუძლია „ქართულ ოცნებაზე“. ამათ უკვე დიდი ხანია გადალახული აქვთ ეს ზღვარი“, – ამის შესახებ პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
„მნიშვნელოვანი ზღვარი იყო, როდესაც შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტი გადაგვახიეს ყველას ერთად თავზე, მათ შორის, ევროკავშირსა და ამერიკასაც. მას მერე იმის ილუზია, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, ან ევროპარლამენტი რაღაცას იტყვის და ესენი ანგარიშს გაუწევენ, აღარ მაქვს. ამათ ფეხზე ჰკიდიათ დასავლეთისგან წამოსული კრიტიკა, რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა, არ აინტერესებთ.
ამ ყველაფერს ყიდიან როგორც არა რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანს, არამედ ყიდიან როგორც არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის და აშტერებენ ხალხს. არ მჯერა, რომ ამას რამე გავლენა ექნება.“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტმა 15 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო