LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის გენომის კვლევა – გენეტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი ნათია ცაბუტაშვილი სტუმრად გადაცემაში „პულსი“

20
pulsi

გადაცემის ლაივი LIVE

25 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ გენეტიკური კვლევის ცენტრის „ალელი“ დირექტორი ნათია ცაბუტაშვილი სტუმრობდა, რომელმაც აქტუალურ და მეტად საინტერესო თემაზე – ადამიანის გენომის კვლევებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნათია, ის რასაც რამდენიმე წლის წინ ბევრი ფანტასტიკის სფეროდ მიიჩნევდა, დღეს უკვე რეალობაა. საინტერესოა, როდის და რა მიზნით დაიწყო ადამიანის გენომის კვლევა და შესწავლა?

– გეთანხმებით, გენომის სწავლება მართლაც უახლესი სიტყვაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოში. გრანდიოზული პროექტი ჯეიმს უოტსონის ხელმძღვანელობით, რომელზეც 3  მილიარდი დოლარი დაიხარჯა, 1990 წელს დაიწყო და მთელი 13 წელი გაგრძელდა. სწორედ უოტსონმა გაიშიფრა პირველად ადამიანის დნმ და დამსახურებულად მიიღო ნობელის პრემია. დღეს მსოფლიოს სამეცნიერო ინსტიტუტები ინტენსიურად მუშაობენ, რათა დნმ-ს კვლევა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს და აქტიურად დაინერგოს კლინიკურ მედიცინაში, რადგან თანამედროვე ეპოქაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია პერსონალიზირებული მედიცინა ამგვარი კვლევის გარეშე.

– პერსონალიზირებული მედიცინა პაცინტთან ინდივიდუალურ მიდგომას და მკურნალობის კურსის სწორედ მისი თავისებურებების გათვალისწინებით შერჩევას გულისხმობს. რა უპირატესობით სარგებლობს ამგვარი მეთოდი, სტანდარტულ, შეიძლება ითქვას „შაბლონურ“ მედიცინსთან, რომელიც ზოგადი სქემებით მოქმედებს?

– მედიკოსები დიდი ხანია დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი დაავადება ადამიანის ინდივიდუალური თვისებების მიხედვით ვითარდება ანუ ერთი დაავადება ყველა ინდივიდში განსხვავებული სიმტომებით ვლინდება და ამიტომ, მკურნალობაც განსხვავებული სჭირდება. განსაკუთრებით აქტუალურია გენომის კვლევა ონკოლოგიაში,  რადგან სწორედ დნმ-ში აღმოჩენილი ცვლილებებია წამყვანი ამ დარგში. დღეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია ქიმიოთერაპიით მკურნალობა მოლეკულურ-დიაგნოსტიკური კვლევებით აღმოჩენილი მუტაციის განსაზღვრის გარეშე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოლეკულური დიაგნოსტიკა ფილტვის, ნაწლავის ან კანის სიმსივნის შემთხვევაში, ბევრად ძვირადღირებულ იმუნოთერაპიით მკურნალობასას და ჰემატოლოგიაში ლეიკემიების დიაგნოზირებისას. რა თქმა უნდა, დაავადების გათვალისწინებით ანალიზიც განსხვავებული მეთოდით კეთდება და ბიოლოგიური მასალაც განსხვავებულია – სისხლის, ნერწყვის და შარდის, ოპერაციული და ბიოფსიული მასალის ჩათვლით. ამასთანავე,ზოგჯერ მკურნალობის მეთოდის შერჩევის ნაცვლად, მხოლოდ დიაგნოზს ვაზუსტებთ. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის კვანძის შემთხვევაში, როცა ჩვეულებრივი ციტოლოგიური კვლევა უძლურია, სწორედ დნმ-ს კვლევით დგინდება ზუსტი დიაგნოზი.

– საინტერესოა, რა მომსახურეობის გაწევა შეუძლია თქვენს ცენტრს პაციენტისთვის და რამდენად შესაძლებელია ანალოგიური მომსახურეობის მიღება მეზობელ ქვეყნებში?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ „ალელი“ ერთადერთი პრაქტიკული ცენტრია ამიერკავკასიაში. მართალია, ჯერ მხოლოდ ერთი წელია ვემსახურებით პაციენტებს, მაგრამ ჩვენი გუნდი მანმდეც საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალი პერსონალი, რადგან დნმ-ს კვლევების მეთოდის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ჩვენს სამეცნიერო გუნდში მეტწილად ქართველი, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების სპეციალისტები გაერთიანდნენ, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მთელ მსოფლიოში, ლაბორატორია კი,  უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი, ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა იმ მომსახურების გაწევა შეგვიძლია, რასაც ევროპისა და ამერიკის კვლევის ცენტრები სთავაზობენ პაციენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის შედეგების გაცემის ვადა, რომელიც მაქსიმუმ 5-7 დღეს შეადგენს და ჩვენი მომსახურების ფასი, რომელიც სულ მცირე 5-ჯერ გაიაფდა და ერთნაირად მისაღები აღმოჩნდა როგორც პაციენტისთვის, ისე სადაზღვევო სექტორითვის.

– საქმიანობის რომელს სფეროს მიიჩნევთ პრიორიტეტულად?

– ონკოლოგიის აქტუალურობის გათვალისწინებით, ჩვენი ცენტრი სრულადაა უზრუნველყოფილი როგორც ტექნიკურად, ისე ინტელექტუალური რესურსით, ამიტომ პრობლემის გარეშე შეგვიძლია ნებისმიერი კვლევის ჩატარება. ამასთანავე, შეგვიძლია ონკო-ჰემატოლოგიური, გენეტიკურ-ჰემტოლოგიური დაავადებების კვლევა, მეტად საინტერესო მამოლოგიური და ნევროლოგიური ტესტების ჩატარება, ახლო მომავალში კი, გულ-სისხძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვან კარდიო-გენეტიკის, ასევე  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების, კონკრეტული საკვების მიმართ მგრძნობელობის და ფიტნეს-გენეტიკის ტესტებს შევთავაზებთ ყველა მსურველს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები