LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალიმენტი ნებისმიერ შემთხვევაში ეკისრება მშობელს… თუ არ გადაიხდის, დაუყადაღებენ ქონებას”

83
ეკა

განქორწინების დროს, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი ალიმენტის გადახდაა. როგორც იურისტები ამბობენ, ამ მხრივ არაერთი პრობლემური ქეისი არსებობს და ხშირად მშობლებს ავიწყდებათ, რომ მთავარი მათი შვილია. “ფორტუნას” სტუმარი იურიდიული მომსახურების ცენტრის ადვოკატი ეკა ლომიძეა, რომელმაც ალიმენტის თემაზე ისაუბრა.

დავიწყოთ ზოგადი ინფორმაციით, როდის იწყება ალიმენტზე საუბარი, რა დროს ინიშნება და რა არის თავად ალიმენტი, რას მოიცავს?

ალიმენტი ეს არის ის აუცილებელი თანხა, რომელსაც იღებს ადამიანი, ვისაც ეს სჭირდება. შეიძლება ეს იყოს შვილი ან მეუღლე. გარდა იმისა, რომ ბავშვები არიან მიმღები ამ სარჩოსი, ასევე შეიძლება იყოს მეუღლეც, თუ ის შრომისუუნაროა. მან შეიძლება, მოითხოვოს მეუღლისგან რჩენა. ეს პრაქტიკაში ნაკლებად გვხვდება. საზოგადოებას უფრო მეტად აწუხებს პრობლემა, როცა მშობლები შორდებიან, შვილები დედასთან რჩებიან და მინიმალური თანხა სჭირდებათ.

ამ თანხის განსაზღვრა როგორ ხდება, ხელფასის კონკრეტული პროცენტით?

ანონმდებლობა არ განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს მისი ხელფასიდან თუ სხვა შემოსავლიდან დაქვითვა. ეს განისაზღვრება ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან რა თანხა სჭირდება ბავშვს.

ანუ დავაზუსტებ, მაგ. დედა ითვლის თანხას, რა სჭირდება ყოველთვე ბავშვს? კვება, ცურვა, ცეკვა… და ვითხოვ, რომ თვეში სჭირდება დავუშვათ 500 ლარი?..

ცურვა, ცეკვა და წრეები არ არის ალიმენტი. ალიმენტი არის აუცილებელი სარჩენი თანხა, იმისთვის, რომ იკვებოს და განვითარდეს.

ეს თანხა არ არის დაახლოებით განსაზღვრული, რა სჭირდება ბავშვს ნორმალური განვითარებისთვის?

არ არის განსაზღვრული. მაგ, მამას აქვს 1000 ლარი და ორი შვილი ჰყავს. განსაზღვრული დადგენილი არ არის, აქედან რა თანხა უნდა გადაიხადოს.

ანუ მხოლოდ დედა ითვლის და ის ამბობს, რომ სჭირდება ესა და ეს თანხა?

დიახ, დედა ითვლის, რომ ეს სჭირდება კვებისთვის. სასამართლო ითვალისწინებს არა მხოლოდ იმას, ბავშვს რა სჭირდება, არამედ მამას რა შემოსავალი აქვს. თუ 1000 ლარი აქვს ხელფასი, ბავშვისთვის 200 ლარზე მეტიც შეიძლება გაიღოს. თუ დედა დაადასტურებს, რომ კვების გარდა სჭირდება ექიმი, დავუშვათ მასაჟი – ეს უნდა დაასაბუთოს. შეიძლება მამას სამსახური არ ჰქონდეს, ეს არ ნიშნავს, რომ არაა ვალდებული შვილი არჩინოს.

ასეთ დროს რა ხდება, თუ შემოსავალი არ აქვს?

სასამართლო მხოლოდ ყოველთვიურ სამსახურს კი არ უყურებს, არამედ მის ქონებრივ მდგომარეობას. აქვს სახლი, გარკვეული ქონება. დავუშვათ ესეც არ აქვს, მაგრამ ჯანმრთელია და შეუძლია იმუშავოს.

ჯერ განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც სამსახური არ აქვს, მაგრამ აქვს ქონება.

ქონება თუ აქვს, ე.ი. უნარი აქვს, საშუალება აქვს – ასეც რომ არ იყოს, ჯანმრთელია და მას მაინც დაეკისრება კონკრეტული თანხა.

ამ კონკრეტულ თანხას, როცა მამას სამსახური არ აქვს, ისევ მოსამართელ ადგენს? 1000 ლარიან ხელფასზე 200 ლარი შესაძლებელია გადაიხადოს, მაგრამ თუ 500 ლარი აქვს ხელფასი? ან იქნებ მამას სხვა ხარჯები აქვს…

ძირითადად, საქმე მიდის ხოლმე სასამართლოში, სადაც დედას მიაქვს მტკიცებულებები, რომ ამა და ამისთვის სჭირდება შვილს კონკრეტული თანხა, ასევე მამის შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტიც მიაქვს. მამას შეუძლია მიიტანოს დოკუმენტი, რომ მას აქვს საბანკო ვალდებულებები, ან სხვა შვილები ჰყავს. მოსამართლე გვევლინება როგორც არბიტრი, ის ორივე მხარის დოკუმენტს სწავლობს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ბავშვის ინტერესზე უნდა იყოს მორგებული.

თუ არ აქვს არც ქონება, არც არაფერია მის სახელზე, რა ხდება ასეთ დროს?

ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი დაეკისრება, თუ ქონება არ აქვს. მოსამართლე, როგორც გითხარით, აფასებს იმას, რომ ჯანმრთელია, ის მშობელია და ვალდებულია, არჩინოს შვილი.

არც ეს მინიმალური სავალდებულო თანხაა განსაზვრული?

არა, არც ესაა განსაზღვრული.

მაშინ მოსამართლეს რა არგუმენტი მრჩება, რომ დააკისროს ალიმენტი?

როგორც გითხარით, ის, რომ ჯანმრთელია, მამაა, მშობელია, ვალდებულია – კანონში წერია. ასე რომ, ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

ანუ თანხის ოდენობაზე მოსამართლე იღებს პირადად გადაწყვეტილებას?

კი, თუ ვერ შეთანხმდნენ, თანხის ოდენობას თავად საზღვრავს.

 

დავუშვათ, წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ შვილს სჭირდება კონკრეტული თანხა ყოველთვიურად, სასამართლომდე არ მივიყვანეთ, მაგრამ მივდივართ სასამართლომდე, ოღონდ შეთახმების მიუხედავად, არ იხდის, ასეთ დროს რა ხდება?

შეთახმება არის უბრალოდ ზეპირი, იურიდიული ძალა არ აქვს და ისევ მივდივართ სასამართლომდე. ისევ მიმაქვს ყველაფრის მტკიცებულებები. გავარჩიოთ ორი საკითხი. ერთი, როცა ნებაყოფლობით შევთანხმდით და არ იხდის და მეორე, როცა სასამართლომ დააკისრა და არ იხდის. პირველ შემთხვევაში მივდივართ სასამართლოში და უნდა დავაკისრო სასამართლოს წესით, მანამდე ზეპირად შეთანხმებულ თანხას ვერ მოითხოვ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ეს ძალიან პრობლემურია და ბევრი ქეისია, ანუ, როცა სასამართლომ დააკისრა და წლების დაგროვილი თანხებია, ამის ამოღება ვერ ხდება. ბევრი ოჯახია, როცა 2-3 შვილის მამაა და დაუგროვდა. თუ ქონება აქვს, დააყადაღებენ, გაუყიდი და ბავშვებს ჩაურიცხავ, მაგრამ თუ არ აქვს სამსახური ან არ აჩვენებს, თუ არაფერი აქვს, თანხის ამოღება არ ხდება. არსებობს მოვალეთა რეესტრი, მას ჩააგდებენ იქ, როგორც ვალაუვალს, მაგრამ შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გავიდეს, რომ იმ რეესტრში იყოს და თანხა ვერ ამოიღო.

შეიძლება თუ არა, რომ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ალიმენტის დაკისრებამდე არ მივიდეს საქმე, წინასწარ მოილაპარკონ, რომ ხან მე გადავიხდი, მეორე თვეში შენ გადაიხადე და ა.შ. ამას თუ ურჩევთ ხოლმე მშობლებს, ზოგადად რა რჩევებს მისცემთ მათ?

ყველა შემთხვევაში ვურჩევ ხოლმე, გართულებულ ქეისებზეც კი, რომ მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ. წლები შეიძლება გაგრძელდეს პროცესი, მაგრამ როცა მეუღლემ დამაკისრა ალიმენტი, ბევრი შეიძლება გაბრაზებულია სასამართლოში ჩივილის გამო და არ იხდის, ის ვერ აცნობიერებს, რომ მეუღლეს კი არა, შვილს უხდის იმ თანხას, ამიტომ ყველას ვურჩევთ ისე გააკეთონ, რომ ბავშვი დარჩეს მოგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები