LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერება სწორედ ლაღად, სხვისკენ გახედვის გარეშე, მხოლოდ საკუთარი სურვილებით ცხოვრებაა” – არსენ გვენეტაძის მინიკრებული „იპოვე შენი ბედნიერება“

40
IMG-0042

22 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი არსენ გვენეტაძე სტუმრობდა, რომელმაც ზოგადად ბედნიერებაზე და პირველ რიგში, იმ სასიამოვნო გრძნობაზე ისაუბრა, რომელიც ბავშვის დაბადებას მოაქვს მშობლისა და ექიმისთვის.

– ბატონო არსენ, რას გულისხმობს ჯანმრთელობა?

–  ვფიქრობ, ჯანმრთელობა – ფიზიკური, მენტალური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობაა და არა ტკივილის არ არსებობა, როგორც ბევრს ჰგონია.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის ბედნიერება?

– რთული სათქმელია, ბედნიერებაა ჯანმრთელობის მთავარი შემადგენელი თუ პირიქით. ბედნიერება სინამდვილეში მხოლოდ შეგრძნებაა, რომელიც აქ, ახლა და მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, რადგან შეუძლებელია ბედნიერება გუშინ, ხვალ და სამომავლო გეგმებში. აღსანიშნავია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი უკვე 81 წელია იკვლევეს ბედნიერებას, მოხალისეთა დიდმა ნაწილმა კი, დიდი ხანია 80 წელს გადააბიჯა, ამიტომ ექსპერიმენტში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მონაწილეობს. სწორედ მათი ნააზრევის შეჯამებით გააკეთა კვლევის ხელმძღვანელმა მორიგი დასკვნა და აღმოაჩინა, რომ უდიდეს ბედნიერებას ადამიანური ურთიერთობა წარმოადგენს. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოება ნაკლებადაა თავისუფლი, ადამიანები არა საკუთარი ნებით, საკუთარი თავისთვის, არამედ სხვის დასანახად, მათ ჯიბრზე ან მათი აზრის გათვალისწინებით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ყველას აზრი გასათვალისწინებელია, თუმცა ბედნიერება სწორედ ლაღად, სხვისკენ გახედვის გარეშე, მხოლოდ საკუთარი სურვილებით ცხოვრებაა.

– თქვენი კლინიკის ერთ-ერთი სლოგანის თანახმად, ბედნიერება – მშობლად გახდომაა. საინტერესოა, თავად რეპროდუქტოლოგი რას გრძნობს, როცა სხვას ჩუქნის ამგვარ ბედნიერებას?

– რამდენიმე დღის წინ მომხდარ უცნაურ შემთხვევას გავიხსენებ, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ქალბატონს შევხვდი 7 წლის გოგონასთან ერთად, რომელიც ჩვენს კლინიკაში აღმოჩნდა დაბადებული. ვფიქრობ, რეპროდუქტოლოგის ბედნიერება სწორედ ესაა – წლების შემდეგ ნახოს საკუთარი შრომის შედეგი. მიხარია, რომ წელს ჩვენს კლინიკას 393 ორსული ჰყავს, რაც არა უბრალოდ ციფრები, არამედ გაბედნიერებული ადამიანების რიცხვია, რაც პირველ რიგში პროფესიონალიზმის და პატიოსნების დამსახურებაა, რადგან მხოლოდ ამ ორი თვისების მქონე ექიმს შეუძლია წელში გამართვა.

– სულ ცოტა ხნის წინ მინი-კრებული „იპოვე შენი ბედნიერება“ გამოუშვით. რას მიეძღვნა თქვენი წიგნი?

– „იპოვე შენი ბედნიერება“ ფრაზების, ბრძნული გამონაქვამების კრებულია, რომელის შექმნის იდეა ქალიშვილთან და მის მეგობართან ერთად მანქანით მგზავრობისას გამიჩნდა, როცა ერთ ფრაზას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და საბოლოოდ თემატურ წიგნად შეიკრა და გამოიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები