LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,განსაკუთრებით სახიფათო მცენარეებად ამბროზია და ავშანი ითვლება” – მაკა რუხაძე პოლინოზზე ანუ მცენარეების მტვერზე სეზონურ ალერგიულ რეაქციაზე გადაცემაში ,,პულსი”

39
მაკა-რუხაძე

გადაცემის ლაივი LIVE

5 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პროფესორი მაკა რუხაძე სტუმრობდა, რომელმაც მეტად აქტუალურ პრობლემაზე – პოლინოზზე ანუ მცენარეების მტვერზე სეზონურ ალერგიულ რეაქციაზე ისაუბრა.

– ქალბატონო მაკა, პოლინოზები მეტწილად გაზაფხულის სეზონთან ასოცირდებოდა, თუმცა ბოლო დროს ზაფხულშიც მეტად აქტუალური გახდა. საინტერესოა, რა ტიპის პოლინოზები ვრცელდება ზაფხულის სეზონზე და რა თავისებურებებით ხასიათდება ალერგიული რეაქცია ამ პერიოდში?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ პოლინოზი მცენარის მტვრის მიმართ ადამიანის ალერგიული რეაქცია, რომელიც სხვადასხვა დაავადებით – ალერგიული რინოკონიუქტივიტით (თვალის და ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), ალერგიული ატოპიური დერმატიტით და ალერგიული ასთმით ვლინდება. მართალია, პოლინოზი ბევრისთვის გაზაფხულთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში, ყვავილობის სამი პერიოდი არსებობს. კლიმატისა და ამინდის გათვალისწინებით, ჩვენთვის ალერგიული სეზონი გაზაფხულის დადგომამდე – იანვრ-თებერვლში იწყება, როცა განსაკუთრებით მაღალი ალერგენული თვისებების მქონე კვიპაროსი ხარობს, მეორე პერიოდად ბალახისა და მარცვლოვნების ყვავილობის სეზონი ითვლება, რომელიც პიკს მაისის ბოლოსა და ივნისს დასაწყისში აღწევს, თუმცა ზაფხულის ბოლომდე გრძელდება, მესამე პერიოდად კი,  აგვისტოს დასაწყისი – სარეველების ყვავილობის პერიოდია მიჩნეული.

– რომელია ყველაზე ძლიერი და აგრესიული ალერგენი ზაფხულის სეზონზე?

– განსაკუთრებით სახიფათო სარეველა მცენარეებად ნაცარქათამა, ჭინჭარი და ბაბუაწვერა, ამბროზია და ავშანი ითვლება, რომლის ყვავილობა ხელსაყრელი კლიმატური პირობების ფონზე ნოემბერშიც გრძელდება და ძირითადად თვალების სიწითლით, ცხვირიდან უხვი წყლისებრი გამოდინებით, სპაზმური ხველით ხასიათდება. მართალია, საქართველო მდიდარია მცენარეებით, მაგრამ საბედნიეროდ ყველა არაა ალერგიული. არსებობს ალერგენული თვისებების შეფასების 5-ბალიანი შკალა, რომლის მიხედვით ყველაზე აგრესიულად სწორედ ამბროზია და ავშანი ითვლება, ნაძვი კი, პირიქით, განსაკუთრებით წვიმის დროსაა სარგებლის მომტანი, როცა ერთგვარად „რეცხავს“ და წმენდს ქალაქს ალერგიული მტვრისგან.

– ქალაქის გამწვანების სამუშაოების დროს, რამდენად აუცილებელია კონსულტაციის ალერგოლოგებთან გავლა?

– ქალაქის გამწვანება – ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და გლობალური პრობლემაა, რომელსაც უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია სწავლობს ევროკავშირის ჩათვლით. მეტად საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სპეციალური კომისიის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მტვრის საფარის გავრცელებას სწავლობს, საქართველოც ჩართულია. სხვათა შორის, მეტად სახიფათო ამბროზია – სინამდვილეში ამერიკული მცენარეა, რომელიც ჯერ ევროპაში გავრცელდა და დამკვიდრდა, მერე კავკასიაში შემოვიდა. დღეს ჩვენს ქვეყანაში მცენარის 70-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთაც ბოტანიკოსებთან ერთად ალერგოლოგებიც იკვლევენ. მეტიც, ეროვნული კალენდარიც კი გვაქვს, რომელიც ყოველკვირეულად აღნუსხავს მცენარის ალერგიული მტვრის კონცენტრაციას ჰაერში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეკოლოგიურ კატასტროფებს არა მხოლოდ ტოქსიკური გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება, არამედ მცენარეული მტვრის გავრცელებაც იწვევს, რაც გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების ფონზე უფრო აქტუალური გახდა.

– რა უპირატესობას აძლევს ალერგიით დაავადებულს ამგვარი მონაცემების ცოდნა?

– მონაცემების გათვალისწინება ერთნაირად აუცილებელია როგორც მედიკოსებისთვის, ისე პაციენტებისთვის, რათა ერთის მხრივ, დროულად დადგინდეს დაავადება და თავიდან იქნას აცილებული გამწვავება, მეორეს მხრივ, უსაფრთხოდ დაიგეგმოს გადაადგილება და სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეში მოგზაურობა.

– რამდენად ეფექტურია ალერგიის მართვა მისი ადრეული დიაგნოზირების შემთხვევაში?

– რა თქმა უნდა, პოლინაციის ანუ მცენარეების ყვავილობის პერიოდში ალერგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს. ზოგადად, არსებობს ალერგიის დიაგნოზირების ორი მეთოდი – ინვივო ანუ ალერგენის გამოვლენა კანზე ექსტრაქტების დაწვეთებით და სისხლის შრატში სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენა, დეტალური დიაგნოსტიკის საუკეთესო მეთოდს კი მოლეკულური დიაგნოსტიკა წარმოადგენს, რომელიც პერსონიფიცირებულ მიდგომას გულისხმობს და პირველ რიგში რამდენიმე ალერგენის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებისთვისაა შეუცვლელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები