LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულის თანდაყოლილი მანკი და მისი მკურნალობის მეთოდები – გიორგი თოდრია და თენგიზ შირიაევი გადაცემაში ,,პულსი”

17
todrnews

გადაცემის ლაივი LIVE

8 ოქტომბერს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” ,,ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის” გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ შირიაევი და ბავშვთა კარდიოლოგი გიორგი თოდრია სტუმრობდნენ, რომელთაც გულის თანდაყოლილ მანკზე და მისი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრეს.

– ბატონო გიორგი, რას გულისხმობს გულის თანდაყოლილი მანკი, კონკრეტულად რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე?

– მარტივად რომ ავხსნა, გულის თანდაყოლილი მანკი – ნორმალური განვითარებიდან  ნებისმიერ გადახრას გულისხმობს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე შეიმჩნევა.

– რა ასაკში ვლინდება ავადმყოფობა ყველაზე ხშირად?

– როგორც უკვე აღვნიშნე, მანკის დიაგნოზირება ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდიდან შეიძლება. აღსანიშნავია, რომ მანკები, რომლებიც ბავშვის განვითარებაზე ახდენენ გავლენას, ბევრად ადრე ვლინდება, ვიდრე მსუბუქი მანკები, რომლებიც არა ბავშვობაში, არამედ მოზარდობის პერიოდში იჩენს თავს. მაგალითად, წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტი არანაირ გავლენას არ ახდენს ბავშვის განვითარებაზე, ამიტომ სიმპტომებიც გვიან ჩნდება.

– ბატონო თენგიზ, როგორია სტატისტიკა, რამდენად აქტუალურია დაავადება თანამედროვე მსოფლიოში?

– გულის თანდაყოლილი მანკი მეტად გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. მეტიც, 100 ახალშობილიდან ერთი სწორედ ამ დაავადებით იტანჯება. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოში, რადგან წელიწადში საშუალოდ 300 ბავშვი იბადება ამგვარი პათოლოგიით. აღსანიშნავია, რომ ასეთი ბავშვების ქირურგიული ან მედიკამენტური მკურნალობა დაბადებისთანავე, ან ერთ წლამდე ასაკში იწყება.

– კვლევების გათვალისწინებით, რა იწვევს თანდაყოლილ მანკს და შეიძლება თუ არა მისი პრევენცია?

– მართალია, უამრავი კვლევა ტარდება და უზარმაზარი თანხა იხარჯება, მაგრამ სამწუხაროდ, მეცნიერებმა დღემდე არ იციან კონკრეტულად რა განაპირობებს დაავადების გაჩენას. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის, რომ თანდაყოლილ მანკს მეტწილად ალკოჰოლის, ნარკოტიკების და თამბაქოს მოხმარება, მედიკამენტების თვითნებურად მიღება და ორსულობის დროს გადატანილი ვირუსული ინფექცია იწვევს, თუმცა კონკრეტული მიზეზის მოძიება დღემდე შეუძლებელია.

– ბატონო გიორგი, რა სიმპტომებით ვლინდება გულის მანკი?

– მედიკოსები მანკს ბავშვის ზრდა-განვითარების შეფერხების, გულის მოსმენის დროს ე.წ. შუილების ან კანის სილურჯის შემთხვევაში ვარაუდობენ, იმ მანკების შემთხვევაში კი, რომლებიც უსიმპტომოდ ვითარდება, ბავშვი მუდმივად სისუსტეს, დაღლილობას გრძნობს და უჩვეულოდ ხშირად ხდება ავად.

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი დაავადების წარმატებით მკურნალობას მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა განაპირობებს. თქვენ რამდენად დროულად მოგმართავენ პატარა პაციენტები და მათი მშობლები?

– საბედნიეროდ, მშობლები ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან შვილების მდგომარეობას და ჩვენც დროულად მოგვმართავენ. მეტიც, თავის დაზღვევის მიზნით ზოგჯერ მშობლები მცირე ეჭვის შემთხვევაშიც ძალიან შფოთავენ. თუმცა, დაგვიანებას ისევ წინასწარ, ზოგჯერ უმიზეზოდ მომართვა ჯობია.

– ბატონო თენგიზ, ჯო ენის სამედიცინო ცენტრი 1996 წლიდან ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე, თქვენ კლინიკის კოლექტივს 1999 წელს შეუერთდით. საინტერესოა, 2 ათეული წლის მანძილზე რამდენად შეიცვალა თანდაყოლილი მანკის დიაგნოზირების და მკურნალობის მეთოდები?

–  პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სხვა კლინიკებისგან განსხვავებით ჯო ენის კლინიკამ არა ნულიდან, არამედ ამერიკელი მედიკოსების გამოცდილების გაზიარებით დაიწყო საქმიანობა. სწორედ დარგის საუკეთესო სპეციალისტები ჩამოვიდნენ 1990-იანი წლების ბოლოს საქართველოში და დანერგეს დღეს უკვე მრავალგზის აპრობირებული მკურნალობის მეთოდები. იმ პერიოდში ამგვარი კლინიკის დაფუძნება მართლაც საოცრება იყო, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტის და უამრავი სხვა პრობლემის მიუხედავად, ჩვენს კლინიკაში მაინც ურთულესი ოპერაციები უტარდებოდათ ახალშობილებს. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი კარდიოქირურგები არაფრით ჩამორჩებიან ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს. ჩვენი დარგი განსაკუთრებით ბოლო წლებში განვითარდა, რაც ძალიან მახარებს, რადგან მცირედი ჩამორჩენაც კი, უამრავ სიახლეზე უარის თქმას გულისხმობს, ჩვენი მიზანი კი, პაციენტების სწორედ თანამედროვე მეთოდებით მკურნალობაა.

– ბატონო გიორგი, რამდენად ხშირად გხვდებათ მშობლები, რომელთაც ბავშვის გულზე ოპერაციის ჩატარება აშინეთ?

– რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ცდილობს აარიდოს შვილს ოპერაცია, მით უფრო, როცა დეტალებით ინტერესდება და ხვდება, რომ ბავშვს საკმაოდ რთული პროცედურების გავლა მოუწევს. ამ შემთხვევაში სწორედ ჩვენი ვალია დავარწმუნოთ მშობელი ქირურგიული ჩარევის მართებულობაში და ავუხსნათ, რომ მისთვის რთული და შიშის მომგვრელი მანიპულაციები ჩვენი პროფესია და ყოველდღიური საქმიანობაა. საბედნიეროდ, მეტწილად ვახერხებთ მშობლების დარწმუნებას, პრობლემის დროულად აღმოფხვრას და ბავშვების გადარჩენას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადრეულ ასაკში ოპერაცია გადატანილი ბავშვები საკმაოდ სწრაფად ახერხებენ რეაბილიტირებას და არასდროს წუხდებიან ძველი პრობლემებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები