LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსულტის პირველი კლინიკური ნიშნები, როდესაც კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია – გიორგი მაღალაშვილი და ნათია ბაბუხადია ინსულტსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე გადაცემაში ,,პულსი”

132
გიორგი-მაღალაშვილი

27 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგია-ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მაღალაშვილი და ამავე კლინიკის ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ბაბუხადია სტუმრობდნენ, რომელთაც ინსულტსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ნათია, რას წარმოადგენს ინსულტი და რატომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ დაავადებად, რომლის მკურნალობა პირველ რიგში ქვეყნის ჯანდაცვას აწვება ტვირთად?

– ინსულტი – სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა თავის ტვინში, რაც ადამიანის ინვალიდიზაციას და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას, ზოგჯერ კი, გარდაცვალებას იწვევს. არსებობს ორგვარი – იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი. ინვალიდიზაციის მაღალი ალბათობის გამო ინსულტის მკურნალობა და შემდგომი რეაბილიტაცია მეტად ხანგრძლივი, კომპლექსური და ხარჯიანი პროცესია, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთია სახელმწიფოსთვის.

– რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების სიმპტომების დროულად აღმოჩენა, სწორად დიაგნოზირება და მკურნალობა?

– თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ დროის ფაქტორია გადამწყვეტი. პაციენტი პირველივე კლინიკური ნიშნების – თავბრუსხვევის და თავის ტკივილის, სხეულის რომელიმე ნაწილის დასუსტების ან დაბუჟების, მეტყველების გართულების და სახის ასიმეტრიის აღმოჩენისთანავე უნდა იქნას გადაყვანილი კლინიკაში, რათა არ განვითარდეს თავის ტვინის ქსოვილის კვდომა.

– ბატონო გიორგი, რა პროცესები ვითარდება თავის ტვინში ინსულტის დროს?

– თავის ტვინის ქსოვილი ბევრად უფრო მგრძნობიარეა უჟანგბადობის მიმართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქსოვილი. მართალია, ფეხზე ან ხელზე არტერიის დახშობის შემთხვევაში სისხლის მიმოქცევის აღდგენა 24-48 საათის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ თავი ტვინის ქსოვილის შემთხვევაში 5-10-წუთიანი უჟანგბადობაც კი, ნეკროზს ანუ ტვინის ინფარქტს და ნერვული ქსოვილის კვდომას იწვევს. ინსულტის მკურნალობისას მთავარი არა მხოლოდ დაზიანებული ქსოვილის, არამედ მის გარშემო ნეკროზული უბნისა და პენუმბრის ზონის გადარჩენაა. პენუმბრის ზონა – ის უბანია, რომელიც გარკვეული რაოდენობით იღებს ჟანგბადს სისხლძარღვებიდან, თუმცა არასაკმარისს ფუნქციონირებისთვის, ამიტომ 3-5 საათში კვდება. სწორედ ამ პერიოდში უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი პენუმბრის ზონაში სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და დეფექტის მინიმუმამდე დაყვანისთვის.

– რა შესაძლებლობები აქვს ქართულ ნეიროქირურგიას ინსულტის სამკურნალოდ?

– (ნათია ბაბუხადია) ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდად თრომბოლიზისური თერაპია ითვლება, რომელიც მედიკამენტის ინტრავენურად შეყვანას, თრომბის დაშლას და სისხლის ნაკადის აღდგენას გულისხმობს. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი პროცედურა აუცილებლად დროულად, მაქსიმუმ 4 საათში უნდა ჩატარდეს, ამასთანავე ის მხოლოდ დროს აძლევს ნეიროქირურგებს მოემზადონ ოპერაციისთვის.

– (გიორგი მაღალაშვილი) თრომბოლიზისი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა, რადგან ქირურგიული ჩარევა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. საბედნიეროდ, თანამედროვე ქირურგია იმდენად განვითარდა, რომ ახლა თავისუფლად შეგვიძლია ენდოვასკულარული მანიპულირებით ბარძაყის სისხლძარღვიდან თავის ტვინის იმ არტერიაში შესვლა, სადაც თრომბოლიზისის შედეგად დარბილებული და დამუშავებული თრომბია, მისი დაშლა და კედლებიდან მოშორება კი ბევრად მარტივია. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ინსულტიანი პაციენტების ტრანსპორტირების სპეციალური სასწრაფო მანქანებიც კი არსებობს, პაციენტს ადგილზე უკეთდება თრომბოლიზისი და მზადდება ოპერაციისთვის, საავადმყოფოში მიყვანილი კი, ფორმალური პროცედურების გავლის გარეშე ხვდება საოპერაციოში. სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერი პრობლემურია იურიდიული საკითხების ჩათვლით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ პაციენტი ინსულტით მოხვდა კლინიკაში, მის ახლობლებს არ აქვთ ფიქრის დრო, ისინი ვალდებული არიან ეჭვისა და პროტესტის გარეშე ენდონ ექიმს, რომელიც ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.

– ბატონო გიორგი, ნეიროქირურგიული პაციენტები მაინც საზღვარგარეთ ამჯობინებენ მკურნალობას. თქვენი აზრით, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

– ქართული ნეიროქირურგია საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, კლინიკებიც გამართულია და პერსონალიც ძალიან კვალიფიციურია, თუმცა პაციენტებს მაინც არ აქვთ ნდობა და ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ უფრო ხარისხიან მკურნალობას მიიღებენ. რა თქმა უნდა, ნეიროქირურგიის ზოგიერთი დარგის, მათ შორის პარკინსონის ოპერირების დანერგვას აზრი არ აქვს, რადგან ძალიან ხარჯიანი პროცედურაა, მხოლოდ აპარატურა ღირს საშუალოდ 300 ათასი ევრო, რომ არაფერი ვთქვათ სამედიცინო პერსონალზე, ამიტომ ნამდვილად არ უღირთ კლინიკებს ამხელა თანხის გადახდა წელიწადში მხოლოდ ორი ოპერაციის გასაკეთებლად.

– ქალბატონო ნათია, რამდენად შესაძლებელია ინსულტიანი პაციენტის გადარჩენა დროული ჩარევის შემთხვევაში?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ინსულტის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტის ახლობლებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ 112-ს, რომელიც სასწრაფო დახმარების წყალობით პაციენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას უზრუნველყოფს, სადაც ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შესაძლებელია, მით უფრო, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ნეიროქირურგები. რა თქმა უნდა, თუ ყველა პროცედურა დროულად ჩატარდა, პაციენტს არა მხოლოდ ინვალიდიზაციისგან გადარჩენის, არამედ სრულფასოვან ცხოვრებას დაბრუნების ყველა შანსი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები