LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ პანდემიის გამოწვევები და ქართული ჯანდაცვის სექტორის მზაობა – მაია მახარაშვილი „პულსში“

14
pulsii

გადაცემის ლაივი LIVE

რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ ქართული ჯანდაცვის სექტორი და როგორ უმკლავდებიან ამ ყველაფერს ქართული კლინიკები – თემაზე გადაცემაში „პულსი“ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი საუბრობს.

ქალბატონო მაია, მადლობა სტუმრობისათვის. ვისაუბროთ პანდემიის გამოწვევებზე და იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ჯანდაცვის ასოციაცია, ვის აერთიანებს ის და რა გამოწვევების წინაშე დგას პანდემიური რეალობის ფონზე?

მაია მახარაშვილი: ჯანდაცვის ასოციაცია ამ სახელით არსებობდა, თუმცა უფრო პატარა ჯგუფის სახით. დღეს კლინიკების და სამედიცინო დაწესებულებების ჯგუფმა განვაახლეთ, გავააქტიურეთ და გაცილებით ქმედითი გავხადეთ ასოციაცია, გარდა ამისა შეიცვალა ფორმატი, რისი მიზანიც იყო რაც შეიძლება მეტი სამედიცინო დაწესებულებისათვის მიგვეცა შანსი, რომ ასოციაციას შეერთებოდნენ. ჯანდაცვის ასოციაციაში დღესდღეობით წარმოდგენილი არიან მსხვილი ქსელები, მაგ: „ავერსი“, „ევექსი“, ჯეო ჰოსპიტალსი“, ასევე ცალკეული კლინიკები, მათ შორის სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკა, „პსპ“, „ნიუ ჰოსპიტალის კლინიკა“ და ა.შ. ასოციაციის კარი ყველა სამედიცინო დაწესებულებისათვის ღიაა. მიზანი არის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და ამ მხრივ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სახელმწიფოსთან, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. ფორმატი, რომელსაც ვთავაზობთ სხვა კლინიკებს, გულისხმობს წევრი კლინიკებისათვის ხმის უფლების მინიჭებას, რათა ყველას პრობლემის გაზიარება და მოსმენა შევძლოთ და ყველას ინტერესი იყოს დაცული. ყველა წევრს ასოციაციაში თანაბარი უფლება აქვს, რისი მიზეზებიც ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარება და სექტორის გაძლიერებაა.

რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას დღესდღეობით ქართული სამედიცინო სექტორი, რა საერთო პრობლემები აქვთ კლინიკებს და რა პრობლემებზე მუშაობს ამჟამად ასოციაცია?

მაია მახარაშვილი: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ძირით|ადად პანდემიამ გამოიწვია, არის ტარიფიკაცია. ტარიფები, რომლებიც სახელმწიფომ დაადგინა, 2013 წლიდან მოქმედებს. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, ბუნებრივია მოქმედებს ჯანდაცვის სექტორზეც, სადაც ყველაფერი გაძვირებულია და ჩვენ ფასების უმნიშვნელო ზრდაზე არ ვსაუბრობთ, ყველაფერი დაახლოებით 200-300%-ით არის გაძვირებული, მედიკამენტები ექსპორტია, რაც ფასებზე გავლენას ახდენს, ამას დამატებული ინფლაცია… რასაკვირველია ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია დეფიციტი, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა, ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. ყველამ კარგად ვიცით, რომ გაძვირების შემდეგ გაიაფება ნაკლებად ხდება. სამედიცინო სექტორს ძალიან უჭირს, ეს არ არის მხოლოდ მოგების არარსებობაზე საუბარი, თუ არ მოხდა ტარიფების ახლიდან დადგენა, თუ არ მოხდა რეალურად დათვლა, თუ რა უნდა ღირდეს ესა თუ ის მომსახურება, ჯანდაცვის სექტორს კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეექმნება და ეს არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორს დააზარალებს, არამედ დააყენებს რისკებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების კუთხით.

ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობაზე მინდა გკითხოთ. კოვიდსექტორში ეს არის პირდაპირი ანაზღაურება, რაც ალბათ ყველაზე კომფორტულია კლინიკებისთვის, თუმცა საინტერესოა რა ხდება სხვა სფეროებშიასევე მინდა გთხოვოთ, განვმარტოთ პირდაპირი ანაზღაურების ცნება

მაია მახარაშვილი: დიახ, სახელმწიფომ კოვიდ-პანდემიიდან და კოვიდის თავისებურებებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კლინიკებს კოვიდ-პაციენტების მომსახურების სანაცვლოდ მიეღოთ პირდაპირი ანაზღაურება, მით უმეტეს რომ მათ საკმაოდ კომპლექსური კვლევები ესაჭიროებათ. ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება თავად პირდაპირი ხარჯის ანაზღაურებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ანალიზის და კვლევის საფასურს, რაც შეიძლება პაციენტს დასჭირდეს, მათ შორის ისეთი კვლევის ხარჯებს, როგორიცაა კატე, იხდის სახელმწიფო. ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტს ყველა ადეკვატური კვლევა ჩაუტარდეს. ეს ყველაფერი სპეციალური პროტოკოლების მიხედვით იმართება, პაციენტს უკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა და ამ მხრივ არ ვართ შეზღუდული.

რაც შეეხება არა-კოვიდ მომსახურებას, ამ შემთხვევაში ტარიფი არის ფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე სახელმწიფო იხდის მაგალითად, 1000 ლარს. ადმინისტრაცია ცდილობს ამ 1000 ლარში იყოს განსაზღვრული ხელფასი, ხარჯი და ა.შ. თუ პაციენტი გართულდა, გადასცდა ამ ლიმიტს, ამას სახელმწიფო აღარ იხდის. კლინიკებს, მით უმეტეს მულტიპროფილურ კლინიკებს თავისით უწევთ ამ ყველაფრის დაბალანსება. როგორც აღვნიშნე, ტარიფების განსაზღვრა ბოლოს 2013 წელს მოხდა, შესაბამისად მაშინდელი ფასები დღევანდელ რეალობასთან შედარებით არაადეკვატურია.

რას გვეტყვით კოვიდსექტორის დამატებაზე კლინიკის სივრცეში, როგორ მოხდა ტრანსფორმირება მას შემდეგ, რაც კლინიკებში მოეწყო როგორც კოვიდპაციენტების მისაღები ადგილები, ასევე გრძელდება სხვა პაციენტების მიღებაც?

მაია მახარაშვილი: ბუნებრივია, ჰიბრიდი კლინიკებისთვის ეს არ იყო მარტივი. მაგალითად ჩვენ მოგვიწია რემონტის ჩატარება, რათა ის ფლიგელი, სადაც კოვიდ-პაციენტები უნდა მიგვეღო, სრულიად იზოლირებული ყოფილიყო დანარჩენი კლინიკისგან და ჰქონოდა ყველაფერი საკუთარი, ლიფტი, კიბე და ა.შ. სირთულეები ამ მხრივ ძირითადად ნოემბერში იყო. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვდა დამატებით ინვესტიციას და აღჭურვილობას, ამას დავუმატოთ ისიც, რომ ფორს მაჟორში ვიყავით. კიდევ ერთი გამოწვევა რაც ახლავს კოვიდის მართვას, არის კადრების სიმცირე. ჩვენ მოგვიწია გარკვეული განყოფილებებიდან ხალხის წაყვანა და კოვიდ-ფლიგელში სამუშაოდ გაშვება. ამ კადრების მობილიზება იყო საკმაოდ ძნელი, რადგან საჭიროა სპეციფიკური კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები. ამ ყველაფერში განუზომელია ექთნების და ექთნის დამხმარეების როლი, რადგან ისინი მუდამ პაციენტებთან არიან. ექიმების მობილიზება უფრო ადვილია, ისინი შედიან, სინჯავენ პაციენტს და გამოდიან, ხოლო საშუალო მედპერსონალი მუდამ პაციენტს უვლის.

საინტერესოა, ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით როგორ ააწყვეთ სისტემა, რამდენად რთულია მისი მართვა და რამდენად რთულია კოვიდ და არაკოვიდ პაციენტებს შორის ინფექციის გავრცელების პრევენცია? ზოგადად როგორ შეხვდნენ ქართული კლინიკები ამ გამოწვევას?

მაია მახარაშვილი: საბედნიეროდ, ჩვენთან კრიზისული პერიოდი შედარებით გვიან დაიწყო, ამიტომ მოგვეცა საშუალება, გვესწავლა სხვის შეცდომებზე და გაგვეზიარებინა მათი გამოცდილება. მედ-პერსონალთან მიდიოდა სისტემატური ტრენინგები, მათ შორის სანიტრებთანაც, ვინც ასუფთავებს ფლიგელს, მათაც უნდა სცოდნოდათ, როგორ დაეცვათ თავი მუშაობის დროს ინფიცირებისაგან. ეს ყველაფერი საკმაოდ მკაცრად კონტროლდება და ეს არის სწორედ სამედიცინო დაწესებულების მუშაობის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი. მთავარი მაინც სამედიცინო პერსონალის დაცვა იყო ჩვენთვის, რადგან პაციენტების შემთხვევაში საფრთხე არ არსებობს. როგორც აღვნიშნე, ჩვენს კლინიკაში კოვიდ-სივრცე მთლიანად იზოლირებულია კლინიკის დანარჩენი ნაწილისაგან, მას აქვს საკუთარი ვენტილაცია, ლიფტი, კიბე და ა.შ. შემიძლია ვთქვა, რომ შიდა აფეთქებები არ გვქონია და შედარებით მშვიდად გავიარეთ ეს პერიოდი.

როგორია ჯანდაცვის ასოციაციის კომუნიკაციის ხარისხი სახელმწიფო ორგანოებთან, მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან –  რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ მათთან და რამდენად პროდუქტიულია ურთიერთობა თანამშრომლობის კუთხით?

მაია მახარაშვილი: კოვიდ-პანდემიის მართვაში მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, ჩვენს კლინიკებში მიმდინარეობს აცრები, მჭიდრო თანამშრომლობაა კოვიდ-პაციენტების მართვის კუთხითაც. ვთვლი, რომ ამ სექტორმა გამოიჩინა შესაბამისი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ბევრი კლინიკაა ამ ყველაფერში ჩართული. ამ მხრივ მასიურად არანაირი კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა, ყველა იმ ეტაპზე, როცა რამე იყო საჭირო, იქნებოდა ეს საწოლების დამატება თუ რამე სხვა, საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ…

თუმცა რჩება პრობლემებიც და საინტერესოა ვისაუბროთ ასოციაციის უახლოესი მომავლის გეგმებზე, რა პრობლემები არსებობს დღესდღეობით და როგორ აპირებთ მათ გადაჭრას?

მაია მახარაშვილი: პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიის პროცესში ჩართვა, სადაც გვჭირდება მჭიდრო კომუნიკაცია სახელმწიფოსთან. უნდა ვიცოდეთ რა იგეგმება და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია. აქ მნიშვნელოვანია ჩართულობა ორივე მხრიდან, ამ ყველაფრის განხილვა უშუალოდ ასოციაციაში. ამასთანავე ასოციაცია არის პლატფორმა რომელსაც შეუძლია ამ პროცესში ჩართოს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, შეგვიძლია დავეყრდნოთ საერთაშორისო გამოცდილებას, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოგვწონს, რა არა და რატომ არა. თუნდაც ათწლიანი გეგმა რომ იყოს სახეზე, ძალიან კარგი იქნება და უკვე ვისაუბრებთ სექტორის განვითარების ხანგრძლივ პერსპექტივაზე. მნიშვნელოვანია სექტორმა იცოდეს, თუ საით მიდის სისტემა და აქედან გამომდინარე დაგეგმოს სამომავლო განვითარება. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ტარიფების ახლიდან განსაზღვრა. არის იდეა, რომ ვითხოვოთ ტარიფების ინდექსაცია, ამისთვის საჭიროა სამუშაო ჯგუფების შექმნა, მათ შორის შიგნით ასოციაციაშიც.

კიდევ ერთი საკითხია ჩვენი ქვეყნის სპეციფიკურობა. ბაზარზე გვაქვს უამრავი კერძო სამედიცინო დაწესებულება, ამასთან დაკავშირებითაც საინტერესოა თქვენი მოსაზრება.

მაია მახარაშვილი: ჩემი პირადი მოსაზრებით ის ფაქტი, რომ კლინიკების უმეტესობა კერძოა,  არ არის არანაირი პრობლემა და ეს კოვიდ-პანდემიის პირობებშიც გამოჩნდა. ყველა ჩაერთო ამ პროცესში პრობლემების შექმნის გარეშე, რადგან მიუხედავად იმისა რომ კლინიკების უმეტესობა კერძოა, თავისი რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ბოლომდე ჩაერთო კოვიდის მართვაში, არც უარი უთქვამს არავის კოვიდ-პაციენტების მიღებაზე. არის კლინიკები, რომლებიც კერძოა და კლინიკები, სადაც შემსყიდველი არის სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები.  არსებობს რეგულაცია, რომლითაც ყველა კლინიკას ესა თუ ის მომსახურება ამა თუ იმ ხარისხით მოეთხოვება, მიუხედავად იმისა, კერძოა თუ არა. არსებობს კრიტერიუმები, რომლებსაც ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს იმისათვის, რომ ხარისხიანი მომსახურება მივიღოთ. მიუხედავად იმისა, კლინიკა კერძოა და სახელმწიფო, კლინიკა უნდა იყოს რენტაბელური და მისი მართვა უნდა იყოს ეფექტური. თუ სახელმწიფო კლინიკა არ არის რენტაბელური ეს იმას ნიშნავს, რომ ის მუდამ სუბსიდირებული უნდა იყოს ბიუჯეტიდან. ამიტომ რენტაბელობა მნიშვნელოვანია, რენტაბელობით შემოსული შემოსავალი კი უნდა ჩაბრუნდეს კლინიკის განვითარებაში. განვითარების გარეშე კლინიკა კონკურენტუნარიანობას კარგავს. დღეს ქვეყანაში რა რაოდენობის კლინიკებიც არის და რა დონის ინფრასტრუქტურაც არის ეს იმის დამსახურებაა, რომ ეს კლინიკები კერძოა. ის, რომ კლინიკები გარემონტებულია, აქვს დენი, წყალი და საჭირო ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწორედ ამის დამსახურებაა. გულახდილად გეტყვით, რომ არა კერძო სექტორი, საქართველოს ვერ ექნებოდა ამდენი კარგი კლინიკა, რადგან საქართველო არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა,რომ ამხელა ინფრასტრუქტურის განვითარება და ტექნოლოგიური წინსვლა ბიუჯეტის ხარჯით უზრუნველყოს. შესაბამისად, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ქვეყანაში ამდენი კერძო კლინიკა ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები