LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია ინსულტის დროულად დიაგნოზირება – ინსულტი და მისი მკურნალობის სირთულეები

22
chaduneli

გადაცემის ლაივი LIVE

10 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი და ამავე კლინიკის ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე სტუმრობდნენ, რომელთაც მეტად აქტუალურ და სენსიტიურ თემაზე – ინსულტსა და მისი მკურნალობის სირთულეებზე ისაუბრეს.

– ბატონო ნიკოლოზ, რამდენად მნიშვნელოვანია ინსულტის დროულად დიაგნოზირება?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გამოთქმაც კი არსებობს „დრო – ტვინიაო“, რადგან პაციენტის გადარჩენა მხოლოდ სწრაფი რეაგირებით – დაავადების დროული ამოცნობით და იმ კლინიკაში მიკითხვით შეიძლება, სადაც ინსულტს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობენ. გასულ საუკუნეში არსებული მეთოდები, რომლებიც ნაკლებად იძლეოდნენ პაციენტის გამოჯანმრთელების ან ინვალიდობისგან გადარჩენის გარანტიას, დიდი ხანია მოძველდა, ამიტომ 2015 წელს ჩვენმა კლინიკამ ევროპაში აპრობირებული მეთოდები დანერგა  და საკმაოდ ძვირადღირებული მოწყობილობა – ანგიოგრაფი შეიძინა, რომელიც დღეს ერთადერთი ინსტრუმენტია თრომბექტომიის ჩასატარებლად ანუ თავის ტვინის სისხლძარღვიდან თრომბის ამოსაღებად. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ინსულტის პირველივე სიმპტომების – სახის ასიმეტრიის, კიდურის პარალიზების და მეტყველების უნარის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს პაციენტი კლინიკაში.

– რა უპირატესობით სარგებლობს თქვენი ცენტრი?

– როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენი კლინიკა უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ამასთანავე, ჩვენ თრომბოლიზის ანუ მედიკამენტის საშუალებით თრომბის დაშლაც შეგვიძლია შევთავაზოთ პაციენტებს. საკმაოდ რთულ პროცედურას უმაღლესი დონის სპეციალისტი, ბატონი გიორგი ეგუტიძე ასრულებს, რომელმაც საზღვარგარეთ მიიღო განათლება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 7 წლის მანძილზე უამრავ ადამიანს შევუნარჩუნეთ სიცოცხლე და გადავარჩინეთ ინვალიდობისგან.

– ბატონო გიორგი, სად მიიღეთ განათლება და როგორ მოხვდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

– ქირურგიის ინსტიტუტში 2012 წელს დავიწყე მუშაობა, როცა ბატონ ნიკოლოზს ინსულტის ცენტრის გახსნა შევთავაზე. რა თქმა უნდა, მსგავსი ცენტრის ამუშავებას ძვირადღირებული აპარატურა და გამოცდილ მედიკოსთა გუნდი სჭირდებოდა, რისი უზრუნველყოფა ინსტიტუტმა უმოკლეს დროში მოახერხა, მერე კი, ჩემი უცხოეთში გამგზავრება და  კვალიფიკაციის ამაღლებაც საკუთარ თავზე აიღო.

– ბატონო ნიკოლოზ, რამდენად ხშირად მოგმართავენ პაციენტები?

– სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით, რადგან არსებული წესის მიხედვით, სასწრაფო დახმარებას ნებისმიერი პაციენტი უახლოეს კლინიკაში გადაჰყავს, სადაც არც შესაბამისი აპარატურაა, არც პერსონალი ინსულტის დიაგნოზირებისა და მკურნალობისთვის. სწორედ ასე ვკარგავთ უძვირფასეს წუთებს, დაგვიანება კი პაციენტს სრულად გამოჯანმრთელების შანსს უკარგავს.

– თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ამგვარი პრობლემის მოგვარება?

– მაქსიმალურად ვცდილობთ პრობლემური საკითხის ყველასთვის სასარგებლოდ გადაწყვეტას. მრავალგზის მივმართეთ შესაბამის სტრუქტურებს და არგუმენტებით დავუსაბუთეთ ჩვენი მოთხოვნა. მართალია, საწყის ეტაპზე საკმაოდ ძვირი ჯდება ჩვენს კლინიკაში მკურნალობა, მაგრამ თუ იმ პროცედურებს გავითვალისწინებთ, რომელთა გავლა ინსულტგადატანილ პაციენტს უხდება წლების მანძილზე, საბოლოო ჯამში მაინც იაფი გამოდის. იმედი მაქვს მალე მოგვარდება პრობლემა და თბილისში მხოლოდ რამდენიმე ინსულტის კლინიკა იარსებებს თავისი ლიცენზირების წესებითა და პირობებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა კი, ვალდებული იქნება სწორედ ამ კლინიკებში გადაიყვანოს პაციენტი. თუმცა, მანამდე თვითონ შევქმენით 112-ის ანალოგიური მომსახურების ტელეფონის ნომრით 577 600 004, რომელიც სწორედ ინსულტისა და მწვავე ინსულტის პაციენტებზეა გათვლილი. ჩვენი სამსახური ყოველთვის ოპერატიულად მუშაობას და პაციენტების ტრანსპორტირებასაც თვითონ უზრუნველვყოფთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გამოძახება სრულიად უფასოა ნებისმიერი პაციენტისთვის, ისე როგორც ძვირადღირებული მკურნალობა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები