LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზია და წნევის რა მაჩვენებლები ითვლება საგანგაშოდ – ზურაბ კლიმიაშვილი გადაცემაში ,,პულსი”

15
pulsisho21

გადაცემის ლაივი LIVE

18 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” სამედიცინო ეკოსისტემა პინეოს კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში ზურაბ კლიმიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც არტერიულ ჰიპერტენზიაზე, მის თავისებურებებსა და საფრთხეებზე ისაუბრა.

– ბატონო ზურაბ, რას წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზია და წნევის რა მაჩვენებლები ითვლება საგანგაშოდ?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის განმარტება,  რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, რომ დაავადებით იტანჯება. მეტიც, სწორედ ჰიპერტენზია იქცა მსოფლიო ჯანდაცვის მთავარ საზრუნავად, რადგან  მსოფლიოს ყოველი მესამე ზრდასრული მოქალაქე რისკის ჯგუფში აღმოჩნდა. ზოგადად,  ჰიპერტენზია არტერიული წნევის მატებაა, ნორმად კი – 140/90-ზე ითვლება. იმ შემთხვევაში კი, თუ პაციენტი სისტემატურად განიცდის წნევის მატებას, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

– როგორც აღნიშნეთ, ნორმალურ წნევად 140/90-ზე ითვლება. რამდენად ეთანხმებიან თქვენი უცხოელი კოლეგები ამგვარ პარამეტრებს?

– ძალიან საინტერესო  შეკითხვაა, რადგან არტერიული ჰიპერტენზია სწორედ ის დაავადებაა, რომელიც მუდმივად კამათის საგანი ხდება. ერთი შეხედვით მარტივი დაავადება სინამდვილეში ძალიან რთული სამართავია, რადგან ყველას საკუთარი საზომი აქვს. ევროპელი კოლეგები 140/90-ს მიიჩნევენ ნორმად, ამერიკელები კი, 130-ის მაღლა ნიშნულს თვლიან ჰიპერტენზიად. მედიკოსებს მკურნალობის მეთოდებიც განსხვავებული აქვთ, ევროპელებისთვის სამიზნე ციფრი – 130/80-ა, ამერიკელებისთვის კი, 120/70. რა თქმა უნდა, მსგავსი პარამეტრების დადგენისას, ყველას თავისი არგუმენტაცია აქვს, თუმცა მე ევროპელი კოლეგების მოსაზრებებს უფრო ვიზიარებ.

– განსხვავებულად აფასებს წნევას მოსახლეობაც, ზოგისთვის მაღალი წნევაა ნორმა, ზოგისთვის კი პირიქით – დაბალია მისაღები,

– ამგვარი მიდგომა კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემის სირთულეზე. ზოგჯერ ადამიანი მხნედ გრძნობს თავს, არაფერი აწუხებს, აბსოლუტურად ვერ გრძნობს მომატებულ წნევას და ძალიან უკვირს, როცა მკურნალობას ურჩევენ. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ორგანიზმი ეჩვევა მომატებულ წნევას და მართალია, ადამიანს არ აქვს ჩივილები, მაგრამ სწორედ ამგვარი გულგრილობით და უყურადღებობით მძიმდება დაავადება, რადგან ზედმეტად იტვირთება ორგანოები, რომლებიც ცვდება და ზიანდება.

– რა მთავარი წესით უნდა ვიხელმძღვანელოთ წნევის გაზომვისას?

– წნევის გაზომვისას ადამიანი მშვიდ, მოდუნებულ მდგომარეობაში უნდა იყოს, რამდენიმე წუთით ადრე უნდა თქვას უარი ფიზიკურ დატვირთვასა და სიგარეტის მოწევაზე, არ უნდა ჰქონდეს მიღებული მატონიზირებელი სასმელები – ჩაი ან ყავა, ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელის სწორად გამართვა მყარ ზედაპირზე.

– რა ასაკიდანაა მართებული წნევის სისტემატური გაზომვა?

– სისტემატურად წნევის გაზომვა 40 წლიდანაა რეკომენდირებული. ქალბატონებმა განსაკუთრებული ყურადღება მენოპაუზის შემდეგ უნდა გამოიჩინონ, როცა განსაკუთრებით მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

– რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის სათანადო მომზადება?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლია ვალდებული დაამუშაოს სკრინინგით მიღებული ინფორმაცია, გამოავლინოს პრობლემა და მართოს საწყისს ეტაპზე.

– როგორ უნდა მართოს ექიმმა წნევა?

– რა თქმა უნდა, არტერიული წნევის მართვისას განსაკუთრებული ყურადღება მედიკოსის ცოდნას და გამოცდილებას ენიჭება. ექიმი პირველ რიგში პაციენტის ცხოვრების წესით უნდა დაინტერესდეს, რადგან სწორედ ჯანსაღი ცხოვრება და რეჟიმის დაცვა უზრუნველყოფს წარმატებულ მკურნალობას, თუმცა ადამიანებს ძალიან არ სიამოვნებთ შეზღუდვებზე საუბარი, რაც სინამდვილეში არა აკრძალვას, არამედ კვების, ძილის და ფიზიკური აქტივობის მოწესრიგებას გულისხმობს. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას – საკმაოდ ბევრი პრეპარატი არსებობს წნევის დასარეგულირებლად, თუმცა დაავადების მართვისას, არა მხოლოდ წნევის სამიზნე ციფრებამდე დაყვანაზე, არამედ სამიზნე ორგანოების დაცვაზე და პროგრესირებადი დაავადების შეჩერებაზე უნდა ვიზრუნოთ, რასაც ყველა წამალი ვერ ახერხებს. გამოცდილმა ექიმმა სწორედ  საკუთარი ცოდნის ხარჯზე უნდა შეარჩიოს პრეპარატები, რომლებიც კომპლექსურად მოაგვარებენ პრობლემას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები