LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის აუცილებელი გააფართოვოთ თქვენი კომფორტის ზონა – FM ქოუჩი

38
giorgi-kalatozishvili

გადაცემის ლაივი LIVE

ხშირად ადამიანები გაურბიან ცვლილებებს, ეგუებიან იმ მდგომარეობას, რომელშიც არიან. თუმცა წარმატებული ადამიანები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები აუცილებელია, სასურველია გააფართოვოთ თქვენი “კომფორტის ზონა” და უფრო მეტად განვითარდეთ, მისცეთ საკუთარ თავს შანსი მეტს მიაღწიოთ. რატომ არის აუცილებელი გააფართოვოთ თქვენი კომფორტის ზონა – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი გიორგი კალატოზიშვილი.

რა არის კომფორტის ზონა?

კომფორტის ზონა არის სასიცოცხლო სივრცის სფერო, რომელიც განიჭებს კომფორტის, სიმყუდროვისა და უსაფრთხოების შეგრძნებას. როდესაც საუბრობენ კომფორტის ზონაზე, გულისხმობენ როგორც გარე ფაქტორებს, რომლებიც ქმნიან კომფორტს, ისე შინაგან ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ადამიანი გრძნობს თავს დაცულად და კომფორტულად. ასე რომ, როდესაც ცალსახად მოუწოდებენ ადამიანებს „დატოვონ“ კომფორტის ზონა, ჩემთვის ცოტათი გაუგებარია, რადგან იმ შემთხვევაში, როდესაც კომფორტის ზონაში დარჩენა უზრუნველყოფს ადამიანის უსაფრთხოების დაცვას, ზონაში დარჩენა არ არის უარყოფითი ფაქტორი. ასეა თუ ისე, ადამიანი ავლენს თავის მიდრეკილებას და სურვილს დარჩეს თავისი კომფორტის ზონაში ვერბალური კომუნიკაციის დროსაც. ამ დროს ადამიანები ხშირად იყენებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც მიგვანიშნებენ იმაზე, რომ მოსაუბრეს არ სურს ზემოხსენებული კომფორტის ზონის დატოვება, ან მისი გაფართოვება. ამ დროს ამბობენ „არ მინდა“, „შეუძლებელია“, „მირჩევნია“, „მეეჭვება“, „სხვა დროს იყოს“, „არ არის აუცილებელი“, „ხვალ“, „ზეგ“, „მაზეგ“… მთავარია ახლა დარჩეს თავისი კომფორტის ზონაში, რომელშიც აფასებს არსებულ რეალურ, ან მოჩვენებით სტაბილურობას.

რატომ უჭირთ ადამიანებს დატოვონ კომფორტის ზონა?

როგორც წესი, კომფორტის ზონა ვლინდება და განისაზღრება შაბლონური ქმედებით: რასაც მიეჩვია ადამიანი, ის არის მისთვის კომფორტული. ეს არის მყარი სამყარო, რომელშიც მისთვის ყველაფერი ნაცნობია. სტაბილურია და პროგნოზირებადი. კომფორტის ზონის მიღმა იმყოფება რისკის ზონა. გამოცდის ზონა, დაძაბულობის ზონა და მოსალოდნელი ან სავარაუდო საფრთხის ზონა. ეს ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რატომ ურჩევნია ადამიანს გაჩერდეს არსებულ გარემოში.

რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ადვილია მისთვის კომფორტის ზონიდან გასვლა. რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, მით უფრო სწრაფად შეუძლია აითვისოს ახალი არეალი და დაძლიოს წინააღმდეგობა. როდესაც ჯანმრთელი ადამიანი დიდხანს ყოვნდება კომფორტის ზონაში, არსებობს საფრთხე მისი პიროვნული განვითარების შეჩერების. ამიტომ ასეთი ტიპის ადამიანებს ჭირდებათ კომფორტის ზონის გაფართოვება და არა ზონიდან გასვლა.

რისთვის არის სასურველი კომფორტის ზონის გაფართოვება?

იმისათვის, რომ გავზარდოთ კომფორტის ზონა, უნდა ვისწავლოთ და მივაჩვიოთ საკუთარი თავი რთული ამოცანების მარტივ ამოცანებად, ან ქვეამოცანებად დაყოფას.

მაგალითად, ავიღოთ ადამიანი, რომელიც ემზადება დიდი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსასვლელად. თუ მას უქმნის დისკომფორტს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა (ან ზოგადად საჯარო გამოსვლები), მაშინ შესაძლოა გამოვიდეს იმ აუდიტორიის წინაშე, რომლის მოცულობაც არ უქმნის დისკომფორტს და ასე ნელ-ნელა გაზარდოს თავისი კომფორტის ზონის საზღვრები.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი და ფაქტორი – კომფორტის ზონის გაფართოვება უბიძგებს ადამიანს უარი თქვას რუტინაზე, შაბლონურ ყოფაზე და აზროვნებაზე. ცნობილია ის, რომ ახალი გამოცდილება ზრდის დოფამინის დონეს ტვინში. დოფამინი არის ჰორმონი, რომელიც არის „დაჯილდოვების სისტემის“ მნიშვნელოვანი ნაწილი. დენიელ პინკი, მოტივაციის შესახებ მრავალი წიგნის ავტორი და მეცნიერი, თავის წიგნში „დრაივი: საოცარი სიმართლე იმის შესახებ თუ რა გვიბიძგებს ქმედებისკენ“ აღნიშნავს, რომ ადამიანები მიისწრაფვიან დისკომფორტის იდეალური დონისკენ, რომელშიც იქნებიან მაქსიმალურად პროდუქტიულები. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩატარდა თაგვებზე. ექსპერიმენტის დროს დადგინდა, რომ თაგვები ზრდიდნენ თავის პროდუქტიულობას მარტივი ამოცანების ამოხსნის დროს მეტწილად იმ შემთხვევაში, როდესაც განიცდიდნენ მცირე დისკომფორტს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამოცანა იყო რთული, დისკომფორტი და განგაშის მდგომარეობა ეხმარებოდა თაგვს მხოლოდ გარკვეულ პერიოდამდე. შესაბამისად, დადგინდა ის, რომ გარკვეული ზღვარის გადალახვის შემდეგ, სირთულისა და შფოთვის კომბინაცია აქვეითებდა თაგვების პროდუქტიულობას. რა კავშირი აქვს ზემოხსენებულს ჩვენ თემასთან? პირდაპირი! კომფორტის ზონის მიღმა იმყოფება ზრდის ზონა, თუმცა რაც უფრო ვშორდებით მას, მით უფრო მეტი შფოთვის საბაბი გვიჩნდება. ამიტომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა ყოველთვის დადებითი ფაქტორი ვერ იქნება ადამიანებისთვის. კომფორტის ზონა უნდა გავაფართოვოთ მაშინ, როდესაც ვხვდებით იმას, რომ შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც გვსურს, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაქვს.

ჩემთვის კომფორტის ზონაში დარჩენა ბევრ დადებით ფაქტორთან ერთად, ბევრ უარყოფით შედეგზე მიუთითებს. მაგალითად, ადამიანი, რომელიც იმყოფება თავისი კომფორტის ზონაში და არ სურს მისი გაფართოვება, იმყოფება მუდმივი რისკის წინაშე, რომ ვერასოდეს მოახდენს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას; თავისი ნებით დაბლოკავს პიროვნული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობას; ხელოვნურად განსაზღვრავს მიზნებს და მათ რაოდენობას; ვერასოდეს იცხოვრებს სრულფასოვანი და მრავალფეროვანი ცხოვრებით…

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები