LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გვჭირდება მიზნების დასახვა და როგორია მათი მიღწევის სტრატეგიები – FM ქოუჩი

80
lizi-sofromadze-cch

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ დავისახოთ მიზნები და რატომ გვჭირდება მიზანი ცხოვრებაში – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ტრენერმა ლიზი სოფრომაძემ ისაუბრა.

რატომ გვჭირდება მიზნების დასახვა?

ჩვენ ხშირად ვართ მდგომარეობაში, როცა ზუსტად არ ვიცით რა გვინდა და საით გვინდა წასვლა, ანუ არ გვაქვს კარგად და ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. მიზნების დასახვას და იმის გაგებას, თუ რა გვსურს გარკვეული რესურსი სჭირდება და ამ რესურსებში მე ვგულისხმობ გამოცდილებას, ცოდნას, კვალიფიკაციას, ჩვევებს, ღირებულებებს.

მიზნების დასახვა ეს გარკვეული უნარია, რომელიც უნდა შევიძინოთ და განვავითაროთ და ამ უნარის შეძენაზე დიდ გავლენას ახდენენ გარემო და ის ადამიანები, ვინც ჩვენს გვერდით არიან.

დღეს ძალიან ბევრ ღირებულ მასალას ნახავთ იმაზე, თუ როგორ დავისახოთ ეფექტური მიზანები და როგორია ამ მიზნების მისაღწევი გზები და სტრატეგიები, რადგანაც მხოლოდ მიზანი თავისთავად არაფერია, თუ მისი მიღწევის გზა და გეგმა არ გვაქვს.

ყველა გამოცდილი პრაქტიკოსი ცალსახად გვეუბნება, რომ მიზანი უნდა იყოს ნათელი და კონკრეტულად გამოხატავდეს იმას, რისი მიღწევაც ჩვენ გვსურს. თუკი მიზანი ბუნდოვანია, რთულდება შედეგების შეფასება და არ ჩანს, ამა თუ იმ ქმედებამ რამდენად მნიშვნელოვანად დაგვაახლოვა სასურველ შედეგს.

როგორც პრაქტიკოსები გვეუბნებიან მიზნები SMART კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ და ეს რომ მართლა ასეა, თითოეული ჩვენთაგანის გამოცდილების ანალიზი დაადასტურებს. მიზანი პირდაპირ კავშირშია ქმედებებთან და მისი მიღწევა გარკვეული ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია.

თუკი ვაპირებთ, რომ ჩვენი მიზნენები SMART კრიტერიუმების გათვალისწინებით დავგეგმოთ, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ:

  • ნაბიჯი 1იყავით კონკრეტული

სპეციფიკური ნიშნავს, რომ მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, დეტალური და კარგად განსაზღვრული. მიზანი კავშირში უნდა იყოს იმასთან, რისი მიღწევაც გვინდა.

შესაბამისად აუცილებელია დავუსვათ ჩვენს თავს კითხვები:

  • რა გვინდა?
  • რის გაკეთებას ვაპირებთ ამისთვის?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ჩვენთვის?
  • კავშირშია თუ არა ჩვენს ღირებულებებთან?
  • მარტო შევძლებთ ამის მიღწევას თუ გვჭირდება ვინმე?
  • როდის ვაპირებთ ამ მიზნის შესრულებას?

რაც მეტ კითხვას დაუსვამთ საკუთარ თავს, მით უკეთ დავინახავთ რა გვინდა.

  • ნაბიჯი 2გაზომეთ ეს შედეგი

თუ მიზანი გაზომვადია, ეს ნიშნავს, რომ ვაკონტროლებთ შედეგს.  გაზომვა გვეხმარება იმის გაგებაში, მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს. თუ არ შეგვიძლია გავზომოთ შედეგი, მაშინ ვერ ვმართავთ მას.

  • ნაბიჯი 3 – მიზანი გახადეთ მიღწევადი

მიზანი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს მისწრაფებებს და ხედვებს. თუ მიზანი ძალიან შორს არის რეალობისგან, მისი მიღწევა თითქმის შეუძლებელი იქნება.

  • ნაბიჯი 4იყავით რეალისტული

მიზნის დასახვის დროს რეალისტური უნდა ვიყოთ. ჩვენი რესურსის გათვალისწინებით უნდა დავგეგმოთ ყველა ქმედება. ამიტომ გავითვალისწინეთ ყველა ის რესურსი, რომელიც გაგვაჩნია: ინტელექტუალური, პროფესიული, ფინანსური, ადამიანური და დროითი. არასდროს დავისახოთ ისეთი მიზანი, რომლის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი არ გაგვაჩნია, ასეთ შემთხვევაში, მიზნის მიღწევა გართულდება, ან საერთოდ ვერ განვახორციელებთ დაგეგმილ ღონისძიებებს და პრიორიტეტების გადახედვა მოგვიწევს.

  • ნაბიჯი 5 – დრო ფულია < დრო დროა

ბოლო პერიოდში ცნობილი დრო ფულია გამოთქმა შეიცვალა სიტყვებით დრო დროა, რადგან დროს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, ვიდრე ფულს. ფული თუ არ გვაქვს შეგვიძლია ვისესხოთ, ან დავაგროვოთ, ხოლო დროს ვერც ვისესხებთ და ვერც დავაგროვებთ.

მიზნის მისაღწევად ყველა ქმედებას უნდა გავუწეროთ დრო, უნდა ვიცოდეთ თუ რა ვადებში უნდა შევასრულოთ. თუკი ქმედების დაწყებისა და დასრულების კონკრეტული ვადა არ გვექნება მითითებული, დიდი რისკია იმის, რომ ეს ქმედება დროში ძალიან გაგვეწელოს, ან საერთოდაც არც კი დავიწყოთ. თითოეული ქმედებისთვის ვადების დათქმა აუცილებელი პირობაა.

როგორც აღვნიშნე, მიზანი პირდაპირ კავშირშია ქმედებებთან.

მიზნის განსაზღვრის შემდგომ იწყება ძალიან საინტერესო პროცესი, მისი მიღწევისთვის განხორციელებული ქმედებები. მე ხშირად ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, მიზნის მისაღწევი გზა ეს არის ჩვენი ცხოვრების შესახებ ფილმი, რომლის რეჟისორიც, სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელიც ვართ ჩვენ. წარმოვიდგინოთ და დავინახოთ ეს ფილმი, და რა გვჭირდება ამისთვის? დეტალურად გაწერილი სცენარი და მისი განხორციელება, მთავარი გმირის როლში შესვლა და მისი შესრულება. რაღაცა გამოგვივა, რაღაცა ვერ, დროდადრო სცენარს ჩასწორება დასჭირდება, დროდადრო შესაძლებელია გავჩერდეთ კიდეც და ეს ნორმალურია. სწორხაზოვნად არაფერი არ ხდება ცხოვრებაში და ამით არის ის საინტერესო, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად საინტერესო და სახალისო იქნება ეს ფილმი.

მნიშვნელოვანია საკუთარი ქმედებების დროდადრო შეფასება და მიღწეული შედეგების გადახედვა, ასევე, ახლად წარმოჩენილი დაბრკოლებების გაანალიზება და მათზე დროული რეაგირება.

მიზნის მიღწევის პროცესში არ არსებობს აბსოლუტურად ჭეშმარიტი რეცეპტი, ყველას თავისი რეცეპტი აქვს, ეს ინდივიდუალურად იქმნება, მთავარია ვიცოდეთ ის ინგრედიენტები, რისგანაც ეს პროცესი შედგება. როგორც ავღნიშნე შედეგთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია თავად პროცესი. ამ პროცესით ხდება ჩვენი ცოდნისა და უნარების განვითარება, საკუთარი თავის გაცნობა, მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენა, კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება. მთავარია გავბედოთ, ვენდოთ საკუთარ თავს და ვიმოქმედოთ.

და ბოლოს ერთ ნაწყვეტს შემოგთავაზებთ:

„ხომ ვერ მეტყვით, გეთაყვა, აქედან რა გზით წავიდე?“

„ეს იმაზეა დამოკიდებული, სად გინდა წასვლა“ – თქვა კატამ.

„მთლად კარგად არ ვიცი,“ – უპასუხა ელისმა.

„მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, საით წახვალ“ – თქვა კატამ.

„სადღაც მაინც ხომ მივალ“ – ელისი თითქოს შეეცადა აეხსნა.

„ო, სადღაც აუცილებლად მიხვალ, თუ ბევრს ივლი“, – უთხრა კატამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები