LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახა პანდემია სასტუმროს ბიზნესზე – FM ქოუჩი

10
eleneotarashvili2012

როგორ მუშაობენ სასტუმროები პანდემიის პირობებში – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი“ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის“ გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრმა ელენე ოთარშვილმა ისაუბრა.

როგორ აისახა პანდემია სასტუმროს ბიზნესზე?

პანდემიამ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მიმდინარე სიტუაციამ  ყველა სფერო დააზარალა. თუმცა, როგორც კი შეიზღუდა ავიამიმოსვლა და ჩაიკეტა მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები, სასტუმრო ინდუსტრია დარტყმის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ფუნქცია დაკარგა უამრავმა სასტუმრომ თუ ტურისტულმა ობიექტმა, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა.

ამ ყველაფერმა მწვავე გამოწვევების წინაშე დააყენა ტურიზმის სექტორი. მოხდა დარგის მთლიანად პარალიზება და სამუშაო ადგილების შემცირება. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ასევე ტურისტული კომპანიები და ტურიზმის ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესრგოლებიც.

სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ამ დროისთვის ვაგრძელებთ სტუმრების მიღებას, ვინაიდან როგორც იცით კახეთის რეგიონს არ შეეხო სასტუმროების დახურვის რეგულაცია. მიღებული გვაქვს კრიზისის მართვის ყველა ზომა, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო და ადგილობრივი პროტოკოლის მიხედვით.

ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით ვმასპინძლობთ. ახლა მთელი ქვეყანა მძიმე განსაცდელშია და „რადისონ ქოლექშენში“ მოსული სტუმარი მაქსიმალურად უნდა განიტვირთოს, გარკვეული დროით განერიდოს საერთო დაძაბულობას და აღიდგინოს ძალები. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.

ჩვენი მაღალი სტანდარტის მომსახურების მთავარი მესიჯი კვლავაც რჩება „yes i can”. არ არსებობს სტუმრის მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ. ასეა მომზადებული და განწყობილი ჩვენი ყველა თანამშრომელი.

„რადისონ ქოლექშენში“ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვადაპტირდით ახალ რეალობასთან, მთლიანად მოვერგეთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს და ასე შევინარჩუნეთ გარკვეული ბალანსი.

ჩვენთვის ამ წლის მთავარი გამოწვევა იყო „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება, რასაც წარმატებით გავუმკლავდით. ვუმასპინძლეთ მსოფლიო კლასიკური მუსიკის ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გორნერი, ალექსანდრ კანტაროვი, დანიელ ლოზაკოვიჩი და სხვები. ფესტივალის 4-დღიანი დატვირთული პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ჩავატარეთ.

იგივე კონტექსტში შეიძლება გავიხსენოთ ასევე ფესტივალის Jazz & Wine Kakheti 2020-ის ჩატარება „წინანდლის მამულში“, რომელმაც ასევე წარმატებით ჩაიარა.

იმედის თვალით ვუყურებ მომავალს და ვფიქრობ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, მოგზაურობას მოწყურებული ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოსკენ აიღებს გეზს. თუმცა აქვე ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიდრე ამ ვირუსის რისკი გლობალური ხედვიდან არ გაქრება, ტურისტები მაინც თავს შეიკავებენ მოგზაურობისგან.

როგორ იცავთ უსაფრთხოების ზომებს?

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრების და თანამშრომლების უსაფრთხოება. შექმნილი სიტუაცია, ჩვენი მხრიდან, უფრო მეტ მობილიზებას და ინვესტირებას მოითხოვს. დანახარჯები გაზრდილია, მაგრამ ჩვენ არ ვაძვირებთ მომსახურებას, ვინაიდან, ვფიქრობ უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ ამ ვითარებაში.

მკაცრად მივყვებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც სახელმწიფო გასცემს. ჩვენს რესტორნებში, ბარებში, გარე და შიდა აუზზე დაცული გვაქვს ფიზიკური დისტანცირების ყველა დადგენილი ნორმა.

ჩვენი უპირატესობა არის გაშლილი ტერიტორია, სრულიად ჯანსაღი გარემო, წინანდლის 18 ჰექტარზე გადაშლილი უნიკალური პარკი, სადაც დღემდე 1 600-ზე მეტი სახეობის ეგზოტიკური მცენარეა წარმოდგენილი მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან; ასევე ულამაზესი და ფართოდ გაშლილი შიდა სივრცეები, თავისი ძალიან დახვეწილი შთამაგონებელი დიზაინით, სადაც ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ იზოლირებულად და კომფორტულად.

მინდა აღვნიშნო, რომ „რადისონ ქოლექშენმა” სისუფთავის და უსაფრთხოების მიმართულებით SGS პლუს საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო.

SGS გახლავთ წამყვანი საერთაშორისო კომპანია ინსპექტირებისა და ტესტირების სფეროში და მათი შეფასება ჩვენი მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტის დასტურია.

ასევე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე “World Travel Awards”, “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულმა“ გაიმარჯვა კატეგორიაში GEORGIA’S LEADING HOTEL 2020 (“World Travel Awards“ 27 წელია მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ლიდერ კომპანიებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში). აქვე დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს ძვირფას სტუმრებს, თანამშრომლებს და გულშემატკივრებს, ვინც მხარს გვიჭერდნენ კონკურსის განმავლობაში.

2020 წელს უამრავ გამოწვევას გავუმკლავდით. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობდით არ შეგვეწყვიტა განვითარება, რის შედაგადაც ახალ ხარისხში ავიყვანეთ ჩვენთან სტუმრობის გამოცდილება.

სტუმარმა თავად რა უნდა გაითვალისწინოს, ვიდრე გეწვევათ?

ვთხოვთ იმ ელემენტარული წესების დაცვას, რაც ამ პერიოდში ყველგან მოგვეთხოვება: შემოსვლისას ტემპერატურის შემოწმება და პირბადის გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ არ აქვთ პირბადე ჩვენ ვუზრუნველყოფთ.

ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ ჩვენს სტუმრებს უსაფრთხო დასვენება მოვუწყოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რეალობა დროებითია, გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ამ ყველაფერთან ადაპტირება და გაზაფხულიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდებით. ვფიქრობ. ამ გლობალური პანდემიის დამარცხებისთანავე სასტუმრო ინდუსტრია მალე მოახერხებს ფეხზე დადგომას.

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები