LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავხადოთ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კითხვადი – FM ქოუჩი

13
zura-balanchivadze

გადაცემის ლაივი LIVE

მას შემდეგ, რაც სოციალური მედია გახდა უფრო აქტუალური, კონკურენცია ინფორმაციის გავრცელების კუთხით სულ უფრო იზრდება. როგორ გავხადოთ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კითხვადი,  რას ნიშნავს ადვოკატირება სოცმედიაში, ვინ არის ინფლუენსერი – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი ზურა ბალანჩივაძე.

როგორ გავხადოთ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კითხვადი?

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დაგეგმვა. წინასწარ უნდა განისაზღვროს ბევრი ფაქტორი, რათა მიახლოებითი შედეგი უკვე იცოდე და არა გამოგივიდეს. ყველაფერს განსაზღვრავს ინფორმაციის ტიპი. თუ ეს სკანდალურია, იგი უფრო ადვილად გადაფარავს ბევრ სხვა ამბავს, მაგრამ სკანდალები მოკლევადიანი ინფორმაციაა.

თუ რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ეხება, რომელიც ერთი შეხედვით, თვალისმომწყვეტი არ ჩანს, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ჯერ ამ ინფორმაციის ყველაზე მარტივად აღსაქმელი ფოკუსი უნდა მოიძებნოს და ეს გახდეს მთელი თანმდევი ამბის ე.წ. “შემთრევი” ფეისბუქ მორევში. ანუ გამარტივებული სლოგანითა და ვიზუალით დაიწყოს პოზიციონირება და დანარჩენი გამოჩნდეს მერე.

დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მოვლენებია სოციალურ ქსელში იმ მომენტში, რომ საჩვენოდ გამოვიყენოთ ან პირიქით, თავი ავარიდოთ. თუ, მაგალითად, რომელიმე სპორტსმენმა რაღაც მოიგო და ჩვენ სასწავლო კურსს ვარეკლამებთ, შეიძლება ამ ორი თემის ერთმანეთთან სიმბოლურად დაკავშირება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტრენდი – რა არის მოდაში ახლა. აქ იგულისხმება, როგორც ფრაზეოლოგია, ისევე ვიზუალური გაფორმების მხარე. მაგალითად, ჰეშთეგებით ტექსტის აწყობა ჯერჯერობით ისევ ტრენდულია.

რას ნიშნავს ადვოკატირება სოცმედიაში?

ადვოკატირება სოციალური მედიის მზარდი კომპონენტია, რომელიც კომუნიკაციას ბრენდსა და მომხმარებელს შორის შუამავლების ე.წ. ადვოკატების საშუალებით ამყარებს. მათ  ინფლუენსერებს ვეძახით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ word of mouth რეკლამირების ყოველთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სწორედ ამ პრინციპს ემყარება ადვოკატირებაც. ადამიანები, რომლებიც რომელიმე პროდუქტზე, ბრენდზე ან სერვისზე და ა.შ. წერენ/საუბრობენ, რაღაც კუთხით არიან შესაბამის სფეროში ჩართულნი და სწორედ ამიტომაა მათი აზრი საინტერესო და სანდო ბრენდის აუდიტორიისთვის. ასე რომ, ინფლუენსერების სწორად შერჩევა აქ ყველაზე მთავარია.

ვინ არის ინფლუენსერი?

ის არ არის სელებრითი. ინლუენსერი კონკრეტულად რომელიღაც სფეროში/სფეროებში გათქვეფილი ადამიანია, ზოგჯერ ექსპერტებსაც რომ ეძახიან. ადვოკატირების მარკეტინგში სწორედ ასეთი ადამიანებია საჭირო.

მოგზაურობს ადამიანი და ბევრს პოსტავს სერვისზე, ფასებზე, ხარჯებზე? ჰყავს მიმდევრები? – უკვე შეიძლება მისი ჩართვა ინფლუენსერად. ვინმე დიდ დროს ხარჯავს ჯიმში? იძლევა რეკომენდაციებს? ხშირად უსვამენ კითხვებს? – ინფლუენსერობის კანდიდატია. ქალაქის ქუჩებში ფეხით დადის, უცნობ ადგილებს უღებს ფოტოებს, იცის შენობების ისტორია, იმსახურებს მოწონებას? – ასევე შეიძლება ინფლუენსერად ჩართვა.

ინფლუენსერის შემთხვევაში ნამდვილად არ არის აუცილებელი ფართო მასებზე გასვლა. მას აქვს თავისი ნიშა, ჰყავს შედარებით მცირე, მაგრამ მტკიცე აუდიტორია და ამითაა სასარგელო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები