LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გვეხმარება ადამიანის ღირებულებების ამოცნობა ორგანიზაციაში – FM ქოუჩი

7
couch-news-19

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ განისაზღვრება ადამიანის განვითარების სტადიები და როგორია ღირებულებითი სისტემის იერარქია – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” “გროუნის” დამფუძნებელმა თამუნა ჩიჩუამ ისაუბრა.

რას ნიშნავს სპირალური დინამიკა?

სპირალური დინამიკა არის მოდელი, რომელიც განასხვავებს პიროვნების ან საზოგადოების განვითარების სტადიებს, კონკრეტულად ღირებულებების თვალსაზრისით. ეს არის ღირებულებითი სისტემების იერარქია, რომელიც შედგება 8 დონისგან, პირობითად კოდირებულია სხვადასხვა ფერებით. ღირებულებითი სისტემა აისახება ადამიანების ცხოვრების სტილში, ქცევაში, პრეფერენციებში და ცხოვრების სხვა ბევრ ასპექტში. ამიტომ საინტერესოა ვიცოდეთ ამ დონეების შესახებ, დავუკვირდეთ ჩვენ თავს და გარშემო პირებს, და განსაზღვროთ, თუ განვითარების რომელ დონეზე იმყოფება პიროვნება ან საზოგადოება. საკუთარ თავში გარკვევა გვეხმარება სხვანაირად შევხედოთ კონფლიქტურ სიტუაციებს, მოვლენებს, ურთიერთობებს, შევძლოთ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

კლერ გრეივზის თანახმად, ადამიანის ზრდის პროცესი გავს მსოფლმხედველობების სპირალური ტრაექტორიით განვითარებას, ანუ ერთ მსოფლმხედველობას მოსდევს მეორე, უფრო მაღალი დონის კლასტერი, და იქმნება მსოფლმხედველობების ჯაჭვი. თუმცა ყველა განვითარების ეტაპი აუცილებელია და გარდაუვალი.

ახალ სისტემაზე გადასვლას იწვევს გარემო და იმ დროის შესაბამისი პრიორიტეტული პრობლემები. თუმცა შემდეგ ღირებულებით კლასტერზე, ანუ სპირალური დინამიკის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისას, ძველი სისტემა არ ქრება. ის გამოიყენება ადამიანის მიერ ძველი საჭიროებების განმეორების შემთხვევაში.

გრეივზის სპირალური დინამიკის მოდელში გამოყოფილია 8 სხვადასხვა ღირებულებითი დონე და თითოეულ დონეს კოდირების მიზნით მინიჭებული აქვს ფერი. ქცევების და ცხოვრების სტილის მიხედვით, შესაძლებელია გამოვიცნოთ, ღირებულებითი სისტემების განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფება ინდივიდი ან საზოგადოება:

 8 სხვადასხვა ღირებულებითი დონე ფერში:

  1. ბეჟი: გადარჩენაზე ორიენტაცია

ადამიანები ამ დონეზე, მოტივირებული არიან ფიზიოლოგიური საჭიროებებით, ფიზიკური არსებობით. დღევანდელ საზოგადოებებში, ამ დონეზე არსებობა თითქმის გამონაკლისია – ეს არის უსახლკაროები, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები და განვითარებადი ქვეყნების ნაწილი.

  1. იასამნისფერი: ჯგუფზე ორიენტაცია

ამ დონეზე ადამიანები ეძებენ სოციალურ სტაბილურობას, დაცულობას, ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას, რომელიც იმართება გაკერპებული ობიექტისადმი უპირობო მორჩილებით. დღევანდელობაში, ეს არის ცრურწმენებზე დამოკიდებული, მისტიურ-მაგიური თემებით გატაცებული ადამიანები, ვისაც სჯერა თალისმანების, გათვალვების, სიმბოლოების. უპირატესობას ანიჭებენ ვიწრო მეგობრულ წრეებში ჩაკეტილ ურთიერთობებს.

არასწორი იქნება იმის თქმა, რომ რომელიმე ადამიანი კონკრეტულად ლურჯია, ან წითელი. ჩვენ ყველა ღირებულებითი სტრუქტურას ვავლენთ სხვადასხვა სიტუაციაში, თუმცა განმსაზღვრელია რომელი ეტაპი დომინირებს ჩვენში, სად არის ჩვენი ღირებულებების “გრავიტაციის ცენტრი”.

  1. წითელი: ძალაუფლება

ეგოცენტრული. სიამოვნებაზე და ფლობაზე ორიენტირებული არიან. ამ დონეზე ინდივიდუალიზმი ძლიერდება. ცდილობენ თვითდამკვიდრებას, სხვის დამორჩილებას, ექსპლუატაციას. ამ ღირებულებით სისტემაში – “ვინც უფრო ძლიერია, ის არის სწორი”. მენტალიტეტია: “ყველაფერი მინდა, ახლავე”. ეს არის აგრესიულად გამოხატული “ქონების” უპირატესობა. უნდობლობა. არანაირი სინანული და სირცხვილის გრძნობა.

არა მხოლოდ ინდივიდებში, სხვადასხვა საზოგადოებაშიც, კულტურებსა და სუბკულტურებში, ღირებულებითი ევოლუციის სხვადასხვა დონეები დომინირებს. თითოეული დონე არის საზოგადოების ორგანიზების უნიკალური პლატფორმა და აისახება ცხოვრების სტილში, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და განათლების სისტემაში, სოციუმის ყველა ასპექტში – მუშაობის გართობის, ურთიერთობების და ა.შ.

  1. ლურჯი: სამართალი

ავტორიტარული. დისციპლინა, ტრადიციები, მორალ-წამყვანი კულტურული მანიფესტაციებია. ამ დონეზე ადამიანები ხვდებიან წესების მნიშვნელობას, რომ ცხოვრება არ იქნება სასიამოვნო, თუ არ დავემორჩილებით კანონებს. ლურჯი ადამიანები არიან მიდრეკილი რელიგიური დოგმებისკენ. კანონმორჩილები არიან და საუკეთესოდ გრძნობენ თავს სამხედრო რეგულაციების დროსაც. კონფორმიზმი. იდეოლოგია. ფრაზეოლოგიურად “უნდა” “სწორია” ტერმინებში გამოიხატება.

  1. სტაფილოსფერი: მიღწევის წყურვილი

შედეგზე ორიენტირებული. პრაგმატული, სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანები. მნიშვნელოვანია ავტონომია, იმიჯი და სტატუსი. წარმატება მატერიალურ მიღწევაში გამოიხატება. ახასიათებს კონსუმერიზმი. ძალის ნაცვლად, ამ ღირებულებითი სისტემის ადამიანები ცდილობენ მიღწევა ცოდნით მოიპოვონ. სჯერათ, რომ ცხოვრებაში ის დაწინაურდება , ვინც დაიმსახურა.

თანამედროვე საზოგადოების ძირითადი ნაწილი – ბიზნესი, მეცნიერება, მედიცინა სტაფილოსფერ ღირებულებით სისტემაშია. სტაფილოსფერი გახდა დომინანტური ეტაპი ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში და ტექნოლოგიურ და ინფორმაციულ დღევანდელობამდე გრძელდება.

  1. მწვანე: ადამიანზე ცენტრირებული

სოციალური კავშირები არის ამ ღირებულებითი სისტემის ცენტრალური საკითხი. საზოგადოება, ზრუნვა, გრძნობები. შემოდის თანასწორობის იდეა და უარყოფს დოგმების, მატერიალიზმის და არაჰუმანური ტექნოლოგიებს. ამ ეტაპზე ადამიანებს ნაკლებად ადარდებთ მატერიალური მიღწევები და ძალა, და უფრო მნიშვნელოვნად თვლიან ადამიანის გრძნობებს, საჭიროებებს და რას ფიქრობენ სხვები. ყველაფერი ფარდობითია. უყვართ კომუნიკაცია, გუნდურობა, და ზოგჯერ ხელისშემშლელად გუნდურებიც კი არიან გადაწყვეტილების პროცესში.

მწვანე ეტაპი წარმოიქმნა 60-იან წლებში ჰიპების მოძრაობისას. მასთან ერთად შემოვიდა ადამიანთა და ცხოველთა დაცვის იდეები, დაიწყო ფემინიზმი, რასობრივი თანასწორობა. ლიბერალიზმი მწვანე მსოფლმხედველობის გამოვლინებაა.

  1. ყვითელი: მოქნილობა

ეკოლოგიურობა. ნატურალისტური, სისტემური, ინტეგრაციული მსოფლმხედველობა. აერთიანებს ყველა დონეს. ან დონეზე მნიშნელოვანია თვითგამოხატვა. აღიარებს ბუნებრივ პროცესებს, კონფლიქტების გარდაუვალობას. ჭეშმარიტი კოოპერაციის უნარი აქვს და კონკურენტულიც არის. ხედავს სამყაროში ყველაფრის ურთიერთკავშირს, იყენებს ცოდნებს სამყაროს გაერთიანებისთვის.

  1. შაბიამნისფერი: ჰოლისტიკური ხედვა

კოლექტიური ინდივიდუალიზმი. ეს არიან ძირითადად 21 საუკუნის ადამიანები, გლობალური გადარჩენის თემებზე ორიენტირებულები. ამ დონეზე მნიშვნელოვანი ხდება ჰარმონიისა და სიმშვიდის პოვნა ამოუცნობ სამყაროში, მრავალგანზომილებიანი ხედვების მიმღებლობის განვითარება ყოველგვარი უპირატესობების გარეშე.

ღირებულებითი სისტემა აისახება ადამიანების ცხოვრების სტილში, ქცევაში, პრეფერენციებში და ცხოვრების სხვა ბევრ ასპექტში. ამ მოდელის ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავერკვეთ ჩვენ თავში, გარშემო მყოფებში, ავხსნათ ბევრი მოვლენა, განვვითარდეთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. გრეივზის სპირალური დინამიკის მოდელი ასევე მნიშნელოვანია ორგანიზაციის ლიდერებისთვის, კორპორატიული კულტურაზე და თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები