LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება ადამიანის რესურსების მართვა კრიზისულ სიტუაციაში – FM ქოუჩი

15
92109175-3643965269007867-7705703926443540480-n

როგორ ხდება ადამიანის რესურსების მართვა კრიზისულ სიტუაციაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებელმა ლილი ბიბილაშვილმა ისაუბრა.

მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო კორონავირუსამდე – ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას. ისედაც სწრაფად ცვლადი გარემო, კიდევ უფრო საინტერესო სიურპრიზებით გაჯერდა. ჯერ კიდევ, ზუსტად კი არა, მიახლოებითაც არ არის ცნობილი, თუ რა პრობლემებს მოიტანს პანდემიის შედეგები. თუმცა, ერთი რამ უდავოა – იცვლება ყველაფერი: დამოკიდებულებები, ფასეულობები, ბიზნეს სამყარო, ურთიერთობები და ა.შ. როგორ შეიცვლება? რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია – ცვლილებები გარდაუვალია. ეს ხომ VUCA სამყაროა!

უაღრესად მნიშვნელოვანია კორონავირუსით გამოწვეული შედეგების გაცნობიერებისა და გაანალიზების ეტაპი. დღეს მსოფლიო, ჯერ კიდევ, სტრესის პირველ სტადიაშია – რეაქცია განგაშზე (რესურსების მობილიზაცია). გასათვალისწინებელია და სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაართმევს თავს დედამიწის მაცხოვრებლები მეორე (წინააღმდეგობის) და მესამე (გამოფიტვის) სტადიებს, რომელიც უფრო ხანგრძლივი და ბევრად მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს. ყოველი მომდევნო სტადიის, ნაკლები დანაკარგებით გადალახვა, წინა ეტაპის დაძლევის ხარისხზეა დამოკიდებული და შესაბამისად, იმ რესურსებზე, რომელიც მოცემულ ქვეყანას გააჩნია.

რესურსებიდან უპირველესი – ადამიანური რესურსებია. სწორედ ტალანტები, ადამიანური კაპიტალია ფინანსური, ტექნოლოგიური თუ სხვა მნიშვნელოვანი რესურსების უზრუნველმყოფი – მათ (ტალანტების) გარეშე, წარმოუდგენელი იქნება რეცესიით გამოწვეული პრობლემების მოგვარება.  ამ ეტაპზე კი მთავარია უძრაობაში, რაც შეიძლება სწრაფი მოძრაობა – ბიზნესის ახალი ვალუტა სისწრაფეა!

როგორ უნდა მოხდეს კადრების შენარჩუნება?

ქვეყნის სიმდიდრეთა შორის უპირველესი – ადამიანური კაპიტალია. ტალანტები – სწრაფი ადაპტაციის უნარის მქონე, არაორდინალურად, ინოვაციურად მოაზროვნე, შემოქმედებითი, მრავალუნარიანი თანამშრომლები. ისინი განსაზღვრავენ ზოგადად ქვეყნისა თუ კონკრეტული კომპანიის სიმდიდრეს და განვითარების ხარისხს.

ტალანტების აღმოჩენას, მათ განვითარებას და შემდეგ შენარჩუნებას, ნიჭიერი მენეჯერები უზრუნველყოფენ.  კორონავირუსამდე, ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საოპერაციო ფუნქცია, სწორედაც რომ, მართებულად შერჩეული პერსონალი იყო. მეთოდები/მეთოდოლოგიები, რომლებიც გამოიყენებოდა შერჩევის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში, შეიძლება შენარჩუნებულ იქნას. თუმცა, რაც უფრო ადრე გააცნობიერებს ორგანიზაციის მენეჯმენტი ცვლილებების აუცილებლობას და ამ ცვლილებების მიმართულებას, მით უფრო ადვილად და უფრო მეტი წარმატებით დაძლევს გარდაუვალ სირთულეებს.

სწორედ ეხლა, ამ ეტაპისთვისაა აუცილებელი ადანიანის რესურსების მართვის  პროცესებში, ინოვაციურად მოაზროვნე, ბიზნესში,  ფსიქოლოგიაში განსწავლულ-გათვითცნობიერებული ეიჩარი. პროფესიონალი, რომელიც კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის მყარ ბიჯებზე შემდგარი ხიდია. ხიდი, რომლის მთავარი მიზანი არც მენეჯმენტის „დაყვავება“ და არც თანამშრომების მაამებლობაზე ზრუნვაა, არამედ, ბიზნესის ინტერესების დაცვა, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს, როგორც მენეჯმენტის  ინტერესების გათვალისწინებას, ასევე თანამშრომლების კმაყოფილების ზრდას.  ამისათვის კი, აუცილებელია მაღალკვალიფიციური ეიჩარის არსებობა კომპანიაში.

ადამიანის რესურსების მართვის სპეციალისტთა მომზადებას უდიდესი მნიშველობა აქვს. ის რომ დღეს, უმაღლესი მენეჯმენტი და ხშირ შემთხვევაში, თანამშრომლებიც ვერ ხედავენ, ვერ აფასებენ ეიჩარის მნიშვნელობასა და როლს, გარკვეულად წილად თავად ეიჩარების „დამსახურებაა“. მათი დიდი ნაწილი (სამწუხაროდ) ვერ ახერხებს საკუთარი როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენას და ძირითადად “PAPER WORK” – ით და მიმდინარე საოპერაციო საქმიანობითაა  დაკავებული. ეს არ არის ეიჩარის ფუქნცია, ამ საქმიანობას ნამდვილად ადამიანის რესურსების დეპარტამენტი ახორციელებს, მაგრამ არა ეიჩარი.

ხშირად გაიგებთ საქართველოში პროფესიონალი კადრების დეფიციტის გამო წუხილს. იგივე სიტუაციაა ეიჩარის მიმართულებითაც. მიუხედავად იმისა,  შრომის ბაზარზე ე.წ. ეიჩართა დიდი არმიაა, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ მათი ცოდნის, უნარების დონე, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს. საბედნიეროდ არიან ნამდვილი, მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთა ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო და დღეს ისინი მოცემული სფეროს წამყვანი, მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მაგრამ  მათი რაოდენობა არასაკმარისია. დიდი ალბათობით, ეიჩარების პროფესიონალიზმი იქნება ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა ბიზნეს სამყაროსათვის.

როგორ მივიდეთ პოზიტიურ შედეგებთან?

არსებული სიტუაცია ნამდვილად აიძულებს მსოფლიოს შეიცვალოს. იმედია, საქართველო შეძლებს მინიმალური დანაკარგებით შეხვდეს კორონავირუსით გამოწვეულ შედეგებს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შოკური მდგომარეობიდან თავის დაღწევა და მოსალოდნელ გამოწვევებს წინ დახვედრა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს და გათვალსწინებულ იქნას, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი, სახლიდან იძულებით მუშაობის პირველი შოკის დაძლევის, დროის მართებულად მართვის შემდეგ, აუცილებლად გააცნობიერებს ყველა იმ უპირატესობას, რომელიც დისტანციურად საქმიანობის განხორციელებას ახლავს. მათი დიდი ნაწილი ნაკლებად მოინდომებს ძველი სტილით მუშაობას. ეს კი აუცილებლად მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს მართვის სისტემებში.

როგორც ვხედავთ, ბიზნეს გარემოში სერიოზული ცვლილებები გარდაუვალია. თუმცა,  ძნელია ზუსტად ითქვას, თუ  როგორ გადანაწილდება ბაზარი მსოფლიოში. შეიცლება თუ არა გლობალიზაციის მაშტაბები, ვექტორები. რა ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდებით. უკვე დღეს, მთელი რიგი კომპანიები იცვლიან ან უკვე შეიცვალეს პროფილი, მიმართულება, ინდუსტრიაც კი. ბუნებრივია, ეს კვლვაც გაგრძელდება, ჩემი აზრით, შეიცვლება პრიორიტეტები, კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა და საჭიროება ხელოვნური ინტელექტის „პროდუქტებზე“. ინდივიდების პირადი უსაფრთხოება განსხვავებული მაშტაბებით იქნება წარმოდგენილი – ამას საზოგადება მოითხოვს.

კომპანიებმა, რომ შეძლონ ნაკლებად მტკივნეული შედეგების მიღება, ადამიანის რესურსების მართვის მიმართულებით გასახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალია ქვემოთ მოცემული. ეს არის იმ ცვლილებების ნუსხა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების პროფესიონალთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ჩემი მოკრძალებული თვალსაზრისია და ნამდვილად არ აქვს  სრულყოფილების პროეტენზია.

  1. ტალანტების შენარჩუნება და ახალი ტალანტების აღმოჩენა/გადმობირება.
  2. საკადრო პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვა.
  3. არსებული ადამიანის რესურსების, ადამიანური (ჰუმანური) რესურსებით მართვა
  4. დისტანციური მუშაობის სისტემის შემუშავება/ამოქმედება და იმ პოზიციების დადგენა, რომელთა სამუშაო პროცესი მთლიანად ან ნაწილობრივ გადავა დისტანციურზე.
  5. გაჩერებული ეკონომიკის შედეგები, დიდი ალბათობით გამოიწვევს თანამშრომელთა რიცხვის შემცირებას (როგორც ეკონომიკური ვითარებიდან, ასევე ტექნოლოგიების  უფრო ინტენსიურად გამოყენებიდან გამომდინარე). შესაბამისად ძალიან  მნიშვნლოვანია არსებული, კომპანიაში „გაზრდილი“,ნიჭიერი თანამშრომლების შენარჩუნება და ახალი ტალანტების აღმოჩენა.
  6. ძალიან მნიშნველოვანი Z თაობის მოძიება შრომის ბაზარზე. ეს არის თაობა, რომელიც დღეს ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, ისიც საწყის პოზიციებზე. მათთან ურთიერთობის გააქტიურება და Y თაობასთან კოოპერირების შესაძლებლობების გაცნობიერება/გათვალისწინება.
  7. თანამედროვე ტალანტების მოთხოვნილებების გათვალისწინება: მრავალფეროვნება, სირთულეების „სიყვარული“, ახალი უნარების სრული სპექტრის დაუფლება, დიდი გამოცდილების მიღება.
  8. გააქტიურედეს და გაძლიერდეს ცოდნის მართვის სისტემები.
  9. კომპანიის საქმიანობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფროსი ასაკის, გამოცდილი, პროფესიონალი თანამშრომლების მაქსიმალურად შენარჩუნება, მათი ცოდნისა და უნარის სრულფასოვნად გამოყენება.
  10. თანამშრომების დახმარება მომავლის შიშის დაძლევაში:
  • თანამშრომლებთან პერმანენტული კომუნიკაცია,
  • ორგანიზაციის საქმიანობაში თანამშრომელთა ჩართულობის გაძლიერება,
  • ინფორმაციის ღიაობა,
  • სიახლეებისათვის მოსამზადებელი დისტანციური ტრენინგები, პროფესიული, შემეცნებითი და გამამხნევებელი ვებინარების ჩატარება,
  • ამბივალენტური საინფორმაციო ნაკადებში სანდო/საჭირო/სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებაში დახმარების გაწევა თანამშრომლებისათვის (პირველ რიგში თავად გარკვევა)
  • სიახლეების დაუფარავად, მუდმივად შეტყობინება
  • ინოვაციური იდეების წახალისება
  • ნებისმიერი იდეის მიმღებლობისადმი მზაობა და წახალისება
  • ახალი გეგმების გაცნობა
  • „ახლად აღმოჩენილი“ ტალანტ – თანამშრომლების წახალისება,
  • ტალანტების მოზიდვის გეგმის შემუშავება (სიახლეების გათვალისწინებით)
  • „ტვინის შტურმის“ გააქტიურება
  • AGILE ტრანსფორმაციის პროცესებისათვის შეძლებისდაგვარად (იმ დეპარტამენტებში, სადაც ეს შესაძლებელია) მზადება/დაწყება/აქტიურად გაგრძელება
  • ახალი უნარების/ცოდნის დაუფლებისათვის ინდივიდუალური. გუნდური და ჯგუფური გეგმების შემუშავება/შეძლებისდაგვარად დაწყება/განვითარება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები