როგორ მოარიდოთ ბავშვები გაჯეტებს - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

კომპიუტერი და ვიდეო თამაშები ხშირად იპყრობენ ბავშვების ყურადღებას, თუმცა მათი არადოზირებულად გამოყენება ბავშვებში იწვევს სხვადასხვა პრობლემებს. ამიტომ დღეს მშობლები ცდილობენ გაჯეტებისა და ტელეფონების მოხმარების საკითხი ბავშვებში დაარეგულირონ. როგორ მოვარიდოთ ბავშვები გაჯეტებსა და ტელეფონებს  – მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მარი გოგიაშვილმა ისაუბრა.

რამდენად ხშირია გაჯეტებზე დამოკიდებულება?

ხშირად ვხვდებით მშობლებს, რომლებიც შეშფოთებული არიან, რომ მათი შვილი ვერ წყდება ეკრანს, რაც მის ცხოვრების ხარისხზე ცუდად აისახება. ხშირად გაჯეტებსა და ტელეფონებზე დამოკიდებულება მიზეზი ხდება ისეთი პრობლემისა, როგორიცაა: ემოციური და ქცევითი აშლილობები, დაბალი აკადემიური მოსწრება, ძილის დარღვევა და სხვ.

აქვე გეტყვით, რომ გაჯეტებთან ბავშვების ურთიერთობას,  შეიძლება გამოვუნახოთ დადებითი მხარე. მაგალითად, მივცეთ ასაკის შესაბამისი დავალება, რომლის შესახებ ინფორმაციასაც მოიძიებს ინტერნეტით. თუმცა გახსოვდეთ ზომიერება. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია ზომიერი კონტროლი ბავშვისა და მოზარდის ქცევაზე გაჯეტებთან და ტელეფონებთან მიმართებაში.

განსხვავდება თუ არა დამოკიდებულება ასაკის მიხედვით?

დამოკიდებულების პრობლემები ასაკის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგალითად, მცირეწლოვან ბავშვებში (2 წლამდე ასაკი), როდესაც თავის ტვინი ვითარდება გარემოსთნ აქტიური კონტაქტით, ადამიანებთან ურთიერთობით, ეკრანთან გატარებული დრო აფერხებს ბავშვის განვითარებას, რადგან ბავშვი არ მეტყველებს, არ აქვს ურთიერთობა და კონტაქტი გარემოსთან.

ხშირად მშობლების (აღმზრდელების) მხრიდან ხდება ბავშვის არასწორად ჩართვა ეკრანთან, რაც მოტივირებულია იმით, რომ ბავშვი იყოს რამით დაკავებული, ხოლო მშობელმა “დაისვენოს“ მისგან. კომპიუტერთან და სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებთან მიმართებაში ისეთი წინადადებები, როგორიცაა: „რა კარგად თამაშობ“, „ყოჩაღ“, პირდაპირ წახალისებას გამოხატავს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ბავშვების ადიქციურ და შემდგომში დიდი ალბათომით პრობლემურ ქცევას.

დღეს ორივე მშობელი დაკავებულია ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე. ამ დროს კი საჭიროა იცოდეთ, რითია დაკავებული ბავშვი. საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, თუ ბავშვი ინტერნეტით ასაკისათვის შეუსაბამო ინფორმაციას ღებულობს.

დღესდღეობით 8-16 წლამდე ბავშვების უმეტესობას ნანახი აქვს ძალადობის შემცველი კადრები, პორნოგრაფიული ფილმები და ვიდეოები. ამისათვის ბავშვის გონება შეიძლება მზად არ იყოს. პუბერტატში მყოფ ადამიანს, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ ჩამოყალიბებული, შეიძლება არასწორი დამოკიდებულება და მოლოდინები შეექმნას რიგ საკითხებზე. თავისუფალი წვდომა ამ ტიპის ინფორმაციაზე გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ, ინტერპერსონალურ სფეროზე, ასევე მის სექსუალურ ქცევაზე.

დაკვირვებულ მშობელს შეუძლია ამოიცნოს ადიქციური ქცევის გამოვლინებები:

ბავშვს უვიწროვდება ინტერესების სფერო, საუბრობს მხოლოდ ტექნოლოგიებზე: გაჯეტებსა და ტელეფონებზე. ინტერესს იჩენს  მხოლოდ დამოკიდებულების საგნის მიმართ, ხშირად მისი ემოციები კარგავს სიმძაფრეს და ზოგიერთ შემთხვევაში ადექვატურობასაც, უქრება ოჯახის წევრებთან ურთიერთობის სურვილი, ჩნდება ძილისა და კვების სხვადასხვა ტიპის დარღვევა, უარესდება აკადემიური მოსწრება და ხარისხი.

პრევენციის მიზნით, იმისთვის, რომ ბავშვი არ გახდეს დამოკიდებული ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე, აუცილებელია მშობლებმა არ წაახალისონ ზემოთაღნიშნული ქცევები, მოხდეს დროის განსაზღვრა.

ეკრანის გამოყენების ოპტიმალური დრო (გასართობად) ბავშვებში:

5 -6 წელი – 15-20 წუთი

7-13 წელი – 30 წუთი

მოზარდებში 16 წლამდე – მაქსიმუმ 2 საათი დღეში.

7 რჩევა მარიამ გოგიაშვილისგან:

1.ბავშვები მოდილერებით დაისწავლიან ქცევას, რაც გულისხმობს სხვის ქცევაზე დაკვირვებას და შემდეგ ამ ქცევის განმეორებას. შესაბამისად, მშობლის ქცევა უფრო მეტად გავლენიანია ბავშვისთვის, ვიდრე სიტყვები. მნიშვნელოვანია ბავშვს აჩვენოთ პირადი მაგალითი.

2.შეზღუდეთ ბავშვებისთვის კომპიუტერისა და ტელეფონის გამოყენების დრო, განსაზღვრეთ დროები და დააწესეთ ლიმიტი.

3.ბავშვებს შესთავაზეთ დროის გაყვანის სხვა ალტერნატივა, ბავშვთან ერთად გააკეთეთ ჩამონათვალი, რითიც ბავშვი დაკავდება მთელი დღის განმავლობაში.(სწავლა, საინტერესო წიგნიდან რამდენიმე გვერდის წაკითხვა და მისი განხილვა).

4.კომპიუტერი შეიძლება გამოიყენოთ როგორც აღზრდის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, სადაც ნახავს დავალებაზე კონკრეტულ ინფორმაციას.

5.ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა თამაშებს თამაშობს ბავშვი, თამაში ხშირად არის უძილობის, გაღიზინების, აგრესიისა და სპეციფიური ფობიის გამომწვები მიზეზი.

6. სასურველია ბავშვებმა ისწავლონ თამაშების მიმართ კრიტიკულად მიდგომა, დაანახეთ, რომ ვირტუალური სამყარო არაა რეალობის ჩამნაცვლებელი.

7.თუკი მშობელი ვერ უმკლავდება პრობლემას, უნდა მიმართოს სპეციალისტს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

რეკლამა: 0:05