სექტემბერში თსუ 5712 პირველკურსელს მიიღებს - FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ შევიდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. ტრადიციულად იკავებს პირველ ადგილს კავკასიის რეგიონში. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტს ჰქონდა კამპანია “აირჩიე თსუ, გახდი პროფესიონალი”. რას სთავაზობს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ,,FM ქოუჩი” თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით წელს,  ყოველი მესამე აბიტურიენტის ნომერ პირველი არჩევანი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. რამდენ პირველკურსელს მიიღებს თსუ სექტემბერში?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ 2020-2021 სასწავლო წელს საინტერესო სიახლეებით ხვდება.  სექტემბერში თსუ 5712 პირველკურსელს მიიღებს,  240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 24 უცხოენოვან პროგრამაზე. უახლოეს მომავალში კიდევ 10 უცხოენოვანი პროგრამა დაემატება სასწავლო პროგრამებს. ეს წინა წელთან შედარებით 400 პირველკურსელით მეტია.

თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის უნივერსიტეტის ყველა კორპუსი იქნება გარემონტებული. ამბიციური განცხადებაა, ასწრებთ ამ ვადებში კორპუსების გარემონტებას?

ახალ სასწავლო წელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.  ამჟამად, მე-2 კორპუსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სექტემბრისთვის ამ კორპუსის ნახევარი (იურისტების ფლიგელი) უკვე სრულად იქნება რეაბილიტირებული და მზად იქნება სასწავლო პროცესისთვის. კორპუსის სამუშაოები სრულად მომდევნო წელს დასრულდება. სხვა კორპუსებშიც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ხოლო 2023 წლისთვის თსუ ყველა ძირითადი სასწავლო კორპუსი გარემონტდება.  თსუ პირველ და მეათე (მაღლივ) კორპუსებში გახსნილია კვების ობიექტები, სადაც სტუდენტებს  შეღავათიანი ფასებით ემსახურებიან. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მეათე (მაღლივი) კორპუსის ფოიეში  სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ახალი გარემო სტუდენტებს დასვენების, კითხვის, სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს. ამჟამად, თსუ 700 სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს სტუდენტური საერთო საცხოვრებლით (ბაგები, ლისი).  მაღლივი კორპუსის მიმდებარედ იგეგმება 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის აშენება. ეს იქნება ყველაზე დიდი სტუდენტური ქალაქი კავკასიაში.

უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად… 

თსუ ლიდერია Erasmus+ პროგრამებში. უნივერსიტეტში ხორციელდება 256 პროექტი ევროპის 26 ქვეყნის 106 უნივერსიტეტთან, რომელშიც ჩართულია 1500-ზე მეტი სტუდენტი და პროფესორი. 2015-2019  წლებში გაცვლით პროგრამებში თსუ-ს 1500-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა მობილობაში ევროპის 26 ქვეყანაში. თსუ-ს ინსტიტუციური პარტნიორების, უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების რიცხვი 56 ქვეყანაში 300-ს აღწევს და ამ მონაცემებით იგი ლიდერია საქართველოში. 2019 წელს თსუ-ში გაიხსნა „აკადემია ევროპეას“ ჰაბი, რომელიც რიგით მეხუთე რეგიონული სამეცნიერო ჰაბია უნივერსიტეტში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი N1 უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონში და შედის მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5%-ში. ასევე, ერთადერთია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც ზედიზედ 4 წლის განმავლობაში შევიდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში.

უნივერსიტეტში გაიხსნა დიაგნოსტიკური ლაბორატორიაც. რა ხდება ამ მიმართულებით?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტიდან ახალი უნიკალური, თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეთოდოლოგიით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ლაბორატორია ამოქმედდა. ლაბორატორია ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის ანალოგია და სხვადასხვა დაავადებათა ზუსტი და სწრაფი დიაგნოსტიკისათვის მოლეკულურ-გენეტიკური, ბიოქიმიური, უჯრედული, პათო-მორფოლოგიური, PCR და სხვა გამოკვლევების განხორციელების საშუალებას იძლევა.