LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეიძლება გაიღოს სისხლი და ვინ არ შეიძლება გახდეს დონორი – „სისხლის უანგარო დონაცია“

11
sajaiaoqropiridze

გადაცემის ლაივი LIVE

რა საქმიანობას ეწევა “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია”, რას გულისხმობს სისხლის უანგარო დონაცია და რა აქციები მიმდინარეობს ქვეყანაში სისხლის ბანკის მარაგების შესავსებად – საინტერესო კითხვებს თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემაში ,,პულსი’’ პაციენტთა უფლებადამცველი, “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორი- მეგი საჯაია და მეან გინეკოლოგი – ნინო ოქროპირიძე პასუხობენ.

პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მეგი, მოდით დავიწყოთ საუბარი სისხლის უანგარო დონაციისა და ჯანმრთელობის ფედერაციის ურთიერთკავშირზე. რას წარმოადგენს თქვენი ფედერაცია, რა მიზნებს ემსახურება და რა კავშირი აქვს სისხლის უანგარო დონაციასთან?

მეგი საჯაია: დიდი მადლობა. “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია” პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე შეიქმნა უკვე წელიწად-ნახევარია, თუმცა მე პირადად უკვე მრავალი წელია ვემსახურები პაციენტების უფლებათა დაცვის საქმეს. რაც შეეხება სისხლის უანგარო დონაციას და კავშირს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, შექმნიდან მალევე ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კონტრაქტორები გავხდით, შემდეგ კი დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ფედერაციის ექიმებს მის შექმნამდეც ჰქონდათ პროექტები სისხლის უანგარო დონაციასთან დაკავშირებით. იყო პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ექიმები უზიარებდნენ სისხლს პაციენტებს. ექიმი ყველაზე კარგად ხედავს სისხლის საჭიროებას. თანაც ერთია, როცა სისხლის გადასხმა გეგმურია და მეორეა, როცა გადაუდებელი აუცილებლობაა სახეზე და ბანკში სისხლი არ არის. უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში სისხლის მარაგზე არის დეფიციტი  და ამ დროის განმავლობაში სულ ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა ამ მხრივ. მაგალითად,  ფედერაციის შექმნამდე გვქონდა პროექტი „ექიმები გვიზიარებენ სიცოცხლეს“. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან,   „ჯანმრთელობის და განათლების ხელშეწყობის ფონდთან“ ერთად შევედით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ტენდერში, კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

მეგი, რა უპირატესობა აქვს სისხლის უანგარო დონაციას გარდა იმისა, რომ ეს კეთილი ნების და სოლიდარობის გამოხატვაა?

მეგი საჯაია: სხვათა შორის, ევროპის მრავალ ქვეყანაში დონაცია მთლიანად უანგაროა და იქ აღარ არიან ფასიანი დონორები. ზოგადად, უანგარო დონორის სისხლი გაცილებით უსაფრთხოა, რადგან სამწუხაროდ, ფასიანი დონორები ხშირად მალავენ ისეთ ცნობებს, რამაც მათი სისხლი შეიძლება საშიში გახადოს პაციენტებისათვის. უანგარო დონორებთან კი ეს პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ აქტიურად გვქონდა  შეხვედრები ამ თემაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს ამ მიმართულებით, რომ საქართველო მალე მთლიანად უანგარო დონაციაზე გადავიდეს. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ მხრივ გაიზარდოს როგორც მოქალაქეობრივი თვითშეგნება, ასევე ადამიანების კეთილი ნების გამოხატულებაც და რაღაც დროის შემდეგ საქართველოში ფასიანი დონორები აღარ იყვნენ.

ნინო მეან-გინეკოლოგიაში სისხლი ძალიან ხშირადაა საჭირო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიის ფონზე კი ალბათ სხვა სამედიცინო კომპონენტებთან ერთად სისხლზეც შეიქმნა დეფიციტი. ზოგადად რა ვითარება იყო ამ მხრივ თქვენს სფეროში პანდემიამდე და პანდემიამ თუ გაართულა საქმე?

ნინო ოქროპირიძე: დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც ცნობილია, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის ბანკის არსებობა. სისხლის დეფიციტი სულ იყო  ჩვენს ქვეყანაში,  პანდემიამ კი რასაკვირველია გაართულა ვითარება, რადგან ბევრი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის დონორები, ბევრს ახალი გადატანილი აქვს კოვიდი და ა.შ რაც, რასაკვირველია ართულებს ვითარებას. ამიტომ ჩვენ, ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გადავარჩინოთ პაციენტები. ექიმები ვერთვებით ამ აქციაში – გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე. ხშირად მქონია ჩემს პრაქტიკაში შემთხვევა, რომ მშობიარეს სჭირდებოდა სისხლი და მთელი კლინიკა მობილიზებულა, მეც მზად ვყოფილვარ ჩემი სისხლი გადამესხა მისთვის.

თუ შეიძლება, კონკრეტული ქეისები რომ გაიხსენოთ, იქნებ ადამიანებს, ვინც ახლა გვისმენს სურვილი გავუჩინოთ, რომ სისხლი გაიღონ?

ნინო ოქროპირიძე: კლინიკურ პრაქტიკაში გვქონია როგორც ფიზიოლოგიური, ასევე საკეისრო კვეთის დროს განვითარებული სისხლის დეფიციტი. ამ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამოქალაქეების მობილიზებას და ჩართულობას, რადგან სისხლი შეუცვლელი ხსნარია, მას ხელოვნური ანალოგი არ გააჩნია. თან, სისხლი მალფუჭებადია, სისხლი და მისი კომპონენტები მუდმივად საჭიროებენ განახლებას.  გვქონია მძიმე შემთხვევები, მაგრამ საბედნიეროდ, შევძელით და კარგად დამთავრდა. ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ამ აქციაში, გავიღოთ სისხლი სისხლის ბანკისათვის და დავეხმაროთ სხვა ადამიანებს, გავუზიაროთ ერთმანეთს სიცოცხლე.

მეგი საჯაია: ამ მხრივ დიდი გამოცდილება მაქვს და მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დონაცია სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. სისხლის გაღება უკეთესიც კია, მით უმეტეს მამაკაცებისთვის, რადგან ქალი ყოველთვე მაინც კარგავს სისხლის გარკვეულ რაოდენობას და შემდეგ აღიდგენს, მამაკაცებში კი სისხლის დონაცია ააქტიურებს სისხლმბადი ორგანოების მუშაობას. ეს დადებითად მოქმედებს ადამიანზე ემოციურადაც, რადგან როდესაც იცი, რომ შენმა ერთხელ გაღებულმა სისხლმა გადაარჩინა სამი ადამიანი, ძალიან კარგი შეგრძნებაა. მე, როგორც პაციენტთა უფლებადამცველი ამას სხვა ჭრილშიც ვუყურებ, ჩვენ გვყავს ექიმთა უფლებათა დამცველიც და როდესაც განვიხილავთ ხოლმე ამ თემას სულ ვამბობთ, რომ როცა სისხლი დეფიციტშია, ამით ირღვევა როგორც ექიმის, ასევე პაციენტის უფლებებიც.  შესაძლოა ექიმმა იდეალურად ჩაატაროს ოპერაცია და სისხლის არქონის გამო პაციენტი დაკარგოს. მეორესმხრივ,  ქვეყანაში არასაკმარისი სისხლის მარაგის გამო პაციენტის სიცოცხლის უფლება შეიძლება დაირღვეს. საბედნიეროდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ კამპანიით, რომელსაც მრავალი წელია აწარმოებს, ცდილობს ამ რეალობის შეცვლას. ისინი ყოველ წელს სხვადასხვა კომპანიებთან აქტიურად მუშაობენ და ცდილობენ,რომ ამ მხრივ მოსახლეობის თვითშეგნება ამაღლდეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან გვიშლის ხელს კომერციული სისხლის ბანკები და სახელმწიფო ალბათ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და საკითხი დარეგულირდეს. გასაგებია, რომ  სისხლის ბანკებს აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჰყავთ თანამშრომლები, აქვთ ხარჯები და ამით აიხსნება, რომ მათი მომსახურება არის ფასიანი,  თუმცა ვფიქრობ, რომ რაკი ეს ქვეყანაში სისხლის მარაგების დეფიციტსა და მართვაზე ახდენს გავლენას, სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში მართვის სადავეები. ეს პროცესი დაწყებულია, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ მიდგომა შეიცვალოს და სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა, რათა პაციენტისთვის უფასოდ გაღებული სისხლი იყოს მართლა უფასო და ხელმისაწვდომი.

ნინო,გვითხარით, ვინ შეიძლება იყოს დონორი, ვინ შეიძლება გაიღოს სისხლი და ვინ არ შეიძლება გახდეს დონორი?

ნინო ოქროპირიძე: რასაკვირველია, გარკვეული შეზღუდვები არსებობს. პირველ რიგში, არის ზედა და ქვედა ასაკობრივი ზღვარი. დონორების ასაკი 18-65 წელია, გარდა ამისა არ შეიძლება დონორი იყოს ადამიანი, ვინც 50 კგ-ზე ნაკლებს იწონის. სისხლის გაღებამდე ადამიანი უნდა იყოს კარგად ნასაუზმევი, უნდა ჰქონდეს მიღებული არაალკოჰოლური სითხე,  0,5 ლიტრზე მეტი.

არ შეიძლება დონორი გახდეს ის, ვისაც ინფექციური პათოლოგიები აქვს გადატანილი, მაგალითად  ბე და ცე ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი, აივ-ინფექცია, ვისაც რაიმე ქირურგიული ჩარევა ჰქონია ბოლო 1 წლის განმავლობაში. დონორი ვერ იქნება ორსული, ასევე ქალბატონი, ვისაც ბოლო 3 თვეში ხელოვნური აბორტი აქვს გაკეთებული, ასევე ვისაც  სტომატოლოგიური ჩარევა  ჰქონდა ან სალონებში მანიკურ -პედიკურის პროცედურა საერთო ინსტრუმენტებით ჩაუტარეს.

საინტერესოა, კოვიდგადატანილებს შეუძლიათ დონორობა?

ნინო ოქროპირიძე: ზოგადად მთელ მსოფლიოში მიდის ამაზე მსჯელობა, თუმცა ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, გადატანიდან 1-3 თვის შემდეგ ისინი უკვე შეიძლება რომ იყვნენ დონორები.

მეგი საჯაია: მე შემიძლია მოგაწოდოთ ამის შესახებ ბოლო ინფორმაცია. ჩვენ პაატა იმნაძესთან გვქონდა ინტერვიუ, არის ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სამი ბოლო უსიმპტომო დღიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ, ბუნებრივია თუ ადამიანს არ აქვს პოსტ-კოვიდური მდგომარეობა, მას შეუძლია სისხლი გაიღოს. ასევე,  სრული ვაქცინაციიდან 14 დღეში თამამად შეგვიძლია გავცეთ სისხლი, ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საბოლოო რეკომენდაციები.

საორგანიზაციო საკითხებს მივუბრუნდეთ, სად მიმდინარეობს ეს აქცია, რა კამპანიაა, რა ჰქვია და უახლოესი გეგმების შესახებაც რომ გვითხრათ?

მეგი საჯაია: ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით. მათ თვითონ შემოგვთავაზეს, რომ ექიმები ყოფილიყვნენ პირველი დონორები და აქციას ასეც ჰქვია – “ექიმები გვიზიარებენ სიცოცხლეს”. სისხლის ჩაბარება “ნიუ ვიჟენის” სისხლის ბანკში მიმდინარეობს. ეს არის არამომგებიანი სისხლის ბანკი. გარდა ამისა, იგეგმება ბევრი აქტივობა, ცნობილი ადამიანების, ექიმების ჩართვა, ლაივები , სტუმრობები. „მე ვარ დონორის“ გვერდზე დაიდება სისხლის ბანკების მისამართები, რომლებიც ჩართული არიან უსაფრთხო სისხლის დონაციის პროგრამაში. დამატებით, ვაპირებთ მონაწილეობა შევთავაზოთ ორგანიზაციებს, ვინც ზოგადად აქტიურია და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აქვს.  რასაკვირველია, ეს აქცია კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება, ექიმების შემდეგ უკვე სხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთვებიან ამ აქციაში და სხვებს სიცოცხლეს გაუზიარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები