LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვისაც მემკვიდრეობით დაჰყვა დაავადება, ყოველ წელს უნდა მიაკითხონ ოფთალმოლოგს” – მერაბ დვალი გლაუკომაზე და მისი დიაგნოსტირების ინოვაციურ მეთოდზე

60
merabdvali

გადაცემის ლაივი LIVE

19 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკის „ახალი მზერა“ ხელმძღვანელი მერაბ დვალი სტუმრობდა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგ დაავადებაზე – გლაუკომაზე და მისი დიაგნოსტირების ინოვაციურ მეთოდზე ისაუბრა.

– ბატონო მერაბ, რას ნიშნავს გლაუკომა?

– პირველ რიგში, მცირე შესწორებას შევიტან, რადგან არსებობს გლაუკომების მთელი ჯგუფი, რომელთაც სრულიად განსხვავებული სიმპტომატიკა, მკურნალობის მეთოდები და შედეგები აქვს. სწორედ ამ დაავადებებს აერთიანებს ტერმინი გლაუკომა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ასოცირდებოდა თვალის წნევის მომატებასთან, თუმცა, 30-35 წლის წინ დაწყებულმა კვლევებმა დაადასტურა რომ გამონაკლისის სახით დაავადება წნევის მომატების გარეშეც ვითარდება.

– როგორ ვლინდება გლაუკომა ასეთ შემთხვევაში და როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება?

– დაავადებას გამოვლინის სამგვარი ფორმა აქვს – თვალშიდა წნევის მომატება (90-95%), მხედველობის ველის შევიწროვება და მხედველობის ნერვის დისკოს პათოლოგია. წლების წი, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, როცა ნაკლებად მიგვიწვდებოდა ხელი უცხოურ კვლევებზე, სწორედ შეცდომით დასმული დიაგნოზი იწვევდა უამრავი ადამინის დაბრმავებას. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ მოგვიანებით, უცხოელ კოლეგებთან თანამშრმლობით გავიგეთ, რომ მათთვის ამგვარი პრობლემები კარგად იყო ცნობილი და სწორედ ამიტომ ჩაანაცვლეს თვალის წნევის გაზომვა მხედველობის ნერვის გამოკვლევით, თუმცა საბოლოოდ, მაინც კომპრომისული ვარიანტი გამოიძებნა და გლაუკომის დიაგნოზირებისას ერთნაირად სავალდებულო გახდა წნევის და ნერვის გამოკვლევა.  სამწუხაროდ, ჩვენს პოლიკლინიკებში, რიგით ოფთალმოლოგებს არ აქვთ მხედველობის ნერვის გასინჯვის შესაძლებლობა, არადა, არსებობს სპეციალური აპარატურა, რომელიც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით იძლევა კვლევის სრულ სურათს, მთავარია მედიკოსმა შეძლოს ამ სურათის წაკითხვა. საბედნიეროდ ჩვენს კლინიკას აქვს ასეთი აპარატურა, ამიტომ სიამოვნებით ვასწავლით ოფთალმოლოგებს მის გამოყენებას და  სურათების კითხვას. წლების წინ კლინიკებს მხოლოდ 1-2 სპეციალისტი ჰყავდა, ვისაც თვალის ფსკერის კვლევა შეეძლო და ყველა მათ მიმართავდა, დღეს კი, ასეთი სპეციალისტები მრავლად არიან.

– რამდენად ხშირია დაავადება, რა გეოგრაფიული, ასაკობრივი და გენდერული თავისებურებებით ხასიათდება?

–  ყველაზე ხშირ ფორმად ღია კუთხოვანი ქრონიკული გლაუკომა ითვლება, რომელსაც ხშირად ვერაგ გლაუკომასაც უწოდებენ, რადგან სრულიად უსიმპტომოდ ვითარდება. დაავადების ამგვარი ფორმით 40 წელს გადაცილებულთა 2 პროცენტი იტანჯება, თანდაყოლილი გლაუკომა კი, რომელიც გენეტიკური ფაქტორით ხასიათდება, 3 წლის ასაკში ვლინდება და ძალიან რთულად ექვემდებარება მკურნალობას. დაახლოებით 25 წლის წინ შეერთებული შტატების ერთ-ერთ კლინიკაში ვიყავი და ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ გლაუკომას მეტწილად აფრო-ამერიკელები უჩიოდნენ. უცნაურია, მაგრამ დაავადებით სწორედ შავკანიანები იტანჯებიან, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს ამერიკაში ცხოვრობენ, აფრიკაში, თუ ევროპაში, რადგან ჩვეულებრივ, მათ შავი ფერის თვალები და ამიტომ მეტი პიგმენტი აქვთ ფერად გარსში. ე.წ. წყალ-წყალა ნამი კი, რომელიც აუცილებელია რქოვანი ბროლის და მინისებრი სხეულის გამოსაკვებად, ასაკთან ერთად მცირდება, რაც ჯერ თვალის წნევის მომატებას, მერე მხედველობის ნერვზე ზეწოლას იწვევს, სისხლძარღვები კი, ვეღარ კვებავენ ბადურა გარსს.

– სამწუხაროდ, ადამიანები მხოლოდ მაშინ მიმართავენ მედიკოსებს, როცა ავადმყოფობა მწვავდება და არასდროს ახსენდებათ პრევენციული ზომები, თუნდაც პროფილაქტიკური შემოწმება,

– სწორედ ამიტომ ვურჩევ 40 წელს გადაცილებულებს ორ წელიწადში ერთხელ საკონტროლო გამოკვლევის ჩატარებას, მათ, კი, ვისაც მემკვიდრეობით დაჰყვა დაავადება, ყოველ წელს უნდა მიაკითხონ ოფთალმოლოგს.

– რა დანიშნულება აქვს და რა ფუნქციას ასრულებს თქვენი კლინიკის აპარატი?

– კვლევები ჩვენი აპარატით ძალიან ძვირი ღირს, თუმცა ჩვენ გრანტის ფარგლებში ვახერხებთ უფასო ან შეღავათიან ფასად დიაგნოსტირებას და მკურნალობას. გრანტის დასრულების შემდეგ კი, მართალია, მკურნალობას ვერ შევწვდებით, მაგრამ კვლევა ისევ უფასო იქნება. როგორც მოგახსენეთ ღია კუთხოვანი გლაუკომა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ პაციენტი ყოველთვის დაგვიანებით გებულობს დაავადების შესახებ, ჩვენი აპარატი კი, სწორედ მის დროულ დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

– რამდენად მტკივნეული და ხანგრძლივია ამგვარი გამოკველავა?

– საბედნიეროდ, კვლევა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, რადგან ხელსაწყო დისტანცირებულია და არასდროს ეხება თვალს. ჩვეულებრივ, პროცედურა თვალის წნევის გაზომვას და მხედველობის ნერვის დათვალიერებას აერთიანებს. მართალია, გუგის გაფართოვებას საშუალოდ 10-15 წუთი სჭირდება, მაგრამ თავად პროცედურაზე მხოლოდ 5 წუთი იხარჯება. ამიტომ, ყველას ვურჩევ მოიცალოს მაქსიმუმ 30 წუთით და ჩაიტაროს უაღრესად საჭირო კვლევა. სხვათაშორის, არსებობს ებრაელების გამოთქმა – „სიბრმავე – სიკვდილია“ და მართლაც ასეა. არ ღირს დაზარება და გადავადება, რადგან რასაც გლაუკომა ანადგურებს, მისი აღდგენა შეუძლებელი ხდება.

– რამდენად შესაძლებელია გლაუკომას მკურნალობა?

– არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდილაზერით, ქირურგიული ჩარევით და სპეციალური წვეთებით, რომლის სამი ტიპი არსებობს, თუმცა სამივე ძალიან ძვირია, არადა მისი მოხმარება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდს ითვალისწინებს, ოპერაცია კი, მართალია მარტივია, მაგრამ შედეგია ნაკლებად დამაკმაყოფილებელი. პირადად მე ყველაზე ოპტიმალურად ლაზერი მიმაჩნია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, თუმცა საოცრად ეფექტურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები