LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორტუნამ და ძიუდოს ფედერაციამ მემორანდუმი გააფორმეს

29

რადიოჰოლდინგმა ”ფორტუნამ” და საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ხელმოწერის ცერემონია დღეს ”Holliday Inn”-ში გამართული თბილისის ”გრან პრის” წილისყრის დასრულების შემდეგ გაიმართა. მემორანდუმს ხელი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა მოაწერა.

მთელი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და რეიტინგული რადიოსადგურები გვერდში დაუდგებიან სპორტის სახეობას, რომელშიც ქართველებს ისტორიულად აქვთ დიდი წარმატებები.

”დიდი სიამოვნებით ვერთვებით ქართული სპორტის წინსვლის საქმეში. ჩვენთვის დიდი პატივია მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ქართული სპორტის წარმატებაში. ვიმედოვნებ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგება. წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ძიუდოსტებს დამდეგ გრან-პრიზე და ზოგადად ყველა ტურნირზე, სადაც ისინი საქართველოს სახელით გამოვლენ”, – განაცხადა რადიოჰოლდინგ ”ფორტუნას” გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ.

 

საქართველოს ნაკრებს თბილისურ გრან-პრიზე სამი წამყვანი ძიუდოისტი დააკლდება.

ტურნირზე ვერ იასპარეზებენ გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე – 100) და ლევან მატიაშვილი (+100). მათ ნაცვლად საქართველოს ჩემპიონი ლაშა გურული, ვიცე-ჩემპიონი ჯაბა მუმლაძე და ვახტანგ ოქრუაშვილი იჭიდავებენ.

ალექსანდრე მსხალაძის გამოკლების მიზეზი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სასჯელია, რომელმაც ქართველ ფალავანს ევროპის ჩემპიონატამდე აუკრძალა ძიუდოს საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მსხალაძემ პრაღაში ევროპის “ღია კონტინენტურ თასზე” წაგების შემდეგ, ხელი არ ჩამოართვა, მეტოქეს, იტალიელ ჯულიანო ლოპორკიოს.

რაც შეეხება თუშიშვილსა და მატიაშვილს, მათ დისციპლინის დარღვევისთვის ადგილობრივი საჯარიმო სანქციები დაეკისრათ.

ტურნირი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 25 მარტს იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები