2017 წლის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები წინა წელთან შედარებით 16,45%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი” იუწყება. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს ფოთის პორტში 318,752 TEU კონტეინერი გადამუშავდა, ხოლო 2016 წელს – 273,690 TEU კონტეინერი.
2017 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 6 600 000 ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 7,7%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით. ”ყოველივე ეს საქართველოს მზარდი ეკონომიკისა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების შედეგია“, – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ინფორმაციით, „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე 2,900 მეტრს შეადგენს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული.