LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბექა ბროლაძეს ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაუწერა: „კლიპის პრეზენტაციაზე ნახევარი დარბაზი უკვე მღეროდა ამ სიმღერას… ზღვა ხალხი მოვიდა, ძალიან ვღელავდი…“

557
ბექა ბროლაძე ახალი

2 ოქტომბერს „გალერია კავეას“ კინოთეატრში მომღერალ ბექა ბროლაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია შედგა. ვიდეორგოლის ჩვენებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და პრეზენტაციას უამრავი ადამიანი დაესწრო. მთავარი გმირი ძალიან ღელავდა, მაგრამ ღელვამ გაიარა, როგორც კი დამსწრე საზოგადოებისგან დადებითი შეფასებები მოისმინა და რაც მთავარია, ნახა, როგორ აჰყვნენ იქვე მის ახალ სიმღერას…

ბექა ბროლაძე: 

სიმღერა „პარალელები“, რომელიც მაიკო კაჭკაიშვილმა და ირინა სანიკიძემ დაწერეს, ორი ადამიანის ურთეირთობაზეა, რომლებსაც ერთად ყოფნა სურთ, მაგრამ მთავარი გმირი მაინც რჩება მარტო. თუმცა სიყვარული მაინც რჩება, ამიტომ ჰქვია პარალელები. ეს სიტყვა აღმოჩნდა მთავარი. დიდი მადლობა ირინა სანიკიძეს, რომელიც დიდხანს მუშაობდა ტექსტზე და დიდი ენერგია ჩადო.

სიმღერა ჩაიწერა „ბრავო რეკორდსში“. დიდი მადლობა ზაზა შენგელიას, რომ ასეთი მხარდაჭერა გამიწია. ბორიკო შხიანის არანჟირებაა და ხმა და მასტერინგი ეკუთვნის ალეკო ბერძენიშვილს. მთლიანად ამ გუნდმა სამი თვის განმავლობაში მხოლოდ სიმღერაზე ვიმუშავეთ.

პარალელურად იგეგმებოდა კლიპის გადაღებებიც. სიმართლე გითხრა, ასეთ მასშტაბურ ვიდეოს და მასში ასეთი დიდი რესურსის ჩადებას არ ვგეგმავდი, მაგრამ მაიკომ  სიმღერა რომ გადმოაგზავნა, შევატყვე, რომ ძალიან მაგარი გამოდიოდა. არანჟირებაც რომ გამზადდა, ჩავთვალეთ, რომ ჰიტი კეთდებოდა. ჩემი ნამუშევრების მიმართ ყოველთვის თავმდაბლურად ვარ და ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი, თუმცა ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელზეც შედარებით ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ღირებულია და ჰიტია.

სად შედგება სიმღერის პრემიერა?

„არ დაიდარდოს“ ექნება ჩემი ახალი სიმღერის ექსკლუზივი და ამ დღეებში შედგება რადიოპრემიერა. ტელეპრემიერა უკვე იგეგმება, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, იმავე საღამოს კი კლიპი აიტვირთება „იუთუბზე“ და ფართო მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა ექნება.

ვინ არის კლიპის რეჟისორი?

ვიდეორგოლი გადაიღო კინორეჟისორმა თათა მეტივიშვილმა. ის ჩემი მეგობარია, ფაქტობრივად, არაფერი დაიშურა. გადაღების პროცესში იყო ჩართული დრონები, რამდენიმე კამერა. გამოვიყენეთ ხუთი ლოკაცია. მალთაყვაში ზღვის ულამაზესი კადრები გადავიღეთ. კლიპი სიუჟეტურად არ არის დატვირთული. შინაარსი მელანქოლიური აქვს, მაგრამ საცეკვაო, პოპ-დენსის სტილია ფანკის ნარევებით. ვფიქრობ, შეიქმნა ძალიან ლამაზი კლიპი. ვიდეოში მონაწილეობს ჩემი მეგობარი, მსახიობი, ანი ტაბატაძე, რომელიც ჩემთან ერთად მთავარ როლშია. ჩემი და ანის მონაწილეობით გადმოიცემა ის ამბავი, რომელიც სიმღერაში მოთხრობილი.

პრეზენტაციით კმაყოფილი ხარ?

რაც შეეხება კლიპის პრეზენტაციას, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც მოახერხა მოსვლა. ვინც ვერ მოახერხა, მირეკავდნენ. უამრავი გულშემატკივარი მოვიდა. დიდი ფურორი მოხდა. პრეზენტაციას ასევე დაესწრო მედია, ტელევიზიები, პორტალების წარმომადგენლები. ზღვა ხალხი რომ მოდიოდა, ნერვიულობა უფრო და უფრო იმატებდა. თავად „კავეამ“ მაღალი დონის ორგანიზება გააკეთა და დიდი მადლობა ამ გუნდს. ყველაფერი გამოვიდა ძალიან ლამაზად. ბედნიერი ვარ, ღირებული პროდუქტი შეიქმნა ჩემი მონდომებით და ბევრი ხალხის დახმარებით. არაფერი დავიშურე როგორც სიმღერისთვის, ასევე კლიპისთვის. ქართულ მუსიკალურ ბაზარზე ამ კლიპით ღირებულ სიტყვას ვიტყვი.

როგორია გამოხმაურებები?

გამოხმაურებები უკვე დაწყებულია. ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს. გაოგნებული ვიყავი. მისამღერს მღეროდა ნახევარი დარბაზი. სიმღერის პრემიერა იყო „მთავარზე“ და ეტყობა, იქიდან დაამახსოვრდათ?! რა თქმა უნდა, ველოდები გამოხმაურებებს მეც და ის გუნდიც, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. ზაზა შენგელიამ განსაკუთრებული პოსტი მიუძღვნა ამ სიმღერას. ვფიქრობ, დადებითი გამოხმაურებები იქნება. ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ.

სიმღერა შეუმდგარ სიყვარულზეა და საინტერესოა, შენს ცხოვრებაში თუ ყოფილა ასეთი სიყვარულის ამბავი, რომელიც სევდიანად დასრულებულა?

რა თქმა უნდა, ყოფილა ჩემს შემთხვევაშიც და ყველა ადამიანის შემთხვევაში. არის გარემოებები, გიყვარს ადამიანი, მასთან ხარ და სინამდვილეში ხვდები, რომ რაღაც არ გამოდის. შეიძლება, მარტო რჩები, მაგრამ ის სიყვარული შენთან არის. ზუსტად ამიტომ აღვნიშნე, რომ ტექსტი სევდის მატარებელია. ის აზრი, რაც ირინამ ჩადო ტექსტში, ბევრ ადამიანს აწმყოს ან წარსულ ისტორიას გაახსენებს. სრულიად უცნობი ადამიანები მწერდნენ, რომ ეს პროექტი ნამდვილად ღირებული და მაღალი ხარისხისაა. ისეთმა ადამიანებმა იმუშავეს ამ პროექტზე და ეს პირადად ჩემთვის გააკეთეს, რომ არც კი ვიცი, მათ მადლობა როგორ გადავუხადო…

ბექა, ამავე დღეს შედგა შენი საპროდიუსერი პროექტის პრეზენტაციაც…

მიხარია, რომ ვიმუშავე ჩემს პირველ საპროდიუსერო პროექტზე პიანისტ მორის ვარუდაშვილთან. მისი კლიპიც თათა მეტივიშვილმა გადაიღო, როგორც პროდიუსერი კი, მე დავეხმარე ამ პროექტის „შეფუთვაში“. ვფიქრობ, ამ პრეზენტაციაცამ წარმატებით ჩაიარა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: ბექა ცირეკიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები