მომღერალი ბექა ბროლაძე, რომელიც პირადად ესწრებოდა უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენის, ნიკა ლომიასა და მისი უკრაინელი რჩეულის ქორწილს კანსა და მონაკოში, fortuna.ge-ს ექსკლუზიურად უყვება ქორწილის დეტალებისა და ცნობილი სტუმრების შესახებ, ასევე საკუთარ სიურპრიზზე, რომელიც მეგობარს გაუკეთა…
ბექა, მოგვიყევი, ვისი მხრიდან იყავი ამ გრანდიოზულ ქართულ-უკრაინულ ქორწილში, რომელიც კანსა და მონაკოში გაიმართა?
ნიკა ლომიას ოთხ წელიწადზე მეტია, ვიცნობ. ნიკა გამაცნო ჩვენმა საერთო მეგობარმა, კომპოზიტორმა, პიანისტმა და მომღერალმა, მორის ვარდუაშვილმა. ის ნიკას ბიზნესპარტნიორია, ბავშვობის მეგობრები არიან. მგონი, მთელმა დედამიწამ იცის ეს ისტორია, თუ როგორ დაიწყო ორმა მეგობარმა ერთი პატარა ოთახიდან ბიზნესი… თავიდან ერთ პატარა ოთახში მუშაობდნენ მორისი და ნიკა. მაღლივში ერთად სწავლობდნენ აიტი მიმართულებით. ძალიან დიდი და გაჭირვებული პერიოდები აქვთ გამოვლილი, ისეთი გაჭირვებიდან მოდიან ეს ადამიანები და თავისი შრომით ამდენს მიაღწიეს… ვმეგობრობთ, ვძმაკაცობთ და ხომ წარმოგიდგენია, როგორი საუბრებია ჩვენ შორის. მეც ხომ არ მაქვს ნაკლებად ნატანჯი ცხოვრება. თავზე არ დასცემიათ არაფერი. მათი კომპანია საქმიანობს აიტის მიმართულებით, მომსახურებას საერთაშორისო კომპანიებს უწევენ, ციფრულ ტექნოლოგიებში არიან ჩართულები. ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და მოვიდნენ აქამდე. ნიკა არის უდიდესი ქველმოქმედი, მორისთან ერთად. მათ შორის საქართველოში და არა მხოლოდ, უამრავ ადამიანს, ბავშვებს ეხმარებიან. ნიკას გამოვლილი აქვს ის, რაც დღეს საქართველოსი ბავშვებს აკლიათ, ამიტომაც მათზე, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, განსაკუთრებულად ზრუნავს…
პატარძალზეც მოგვიყევი, უკრაინელი გოგონაა?
რაც შეეხება პატარძალს, გოგონას ჰქვია ნიკი, რომელიც უკრაინელი გახლავთ. ომის დროს მოუწიათ დატოვება ქალაქის, სადაც ცხოვრობდა, შემდგომ გაიცნო ნიკა ტიკ-ტოკის საშუალებით და ერთმანეთს შეხვდნენ. იმ დროს ნიკა ხარკოვში ცხოვრობდა. მათი ურთიერთობა აეწყო. მივედით იქამდე, რომ ყველა ლაპარაკობს მათ ქორწილზე (იღიმის). საოცარი წყვილია…
ქორწილზე მოგვიყევი…
ქორწილი შედგა კანში, Château de la Croix des Gardes-ში. ეს არის ულამაზესი ადგილი მთელ საფრანგეთში. პირველი დღე იყო კანში, მეორე დღის ქორწილი გაკეთდა მონაკოში.
შენი სიურპრიზი როგორ შედგა?
ნიკამ ისედაც იცის, რომ ერთ-ერთი ცნობილი მომღერალი ვარ საქართველოში. მერე მითხრა, რომ ვეჭვობდი, რომ აპირებდი ჩემთვის სიმღერასო, მაგრამ წინასწარ პროგრამაში ჩემი სიმღერა არ ეწერა. ორგანიზატორებმა შემომთავაზეს სიმღერის შესრულება ქორწილში სიურპრიზად. სასმელი რომ მოეკიდა ამ ხალხს, უცებ გამოდის დათუნა ალადაშვილი და აცხადებს, ახლა სიურპრიზი იქნება სცენაზე ნიკას საუკეთესო მეგობრისგანო… გამოიხედა ნიკამ, უცებ ჩაირთო მაიკო კაჭკაჭიშვილის „პარალელები“… უამრავი ვიდეო იყო… ნახევარი ქორწილი სულ ქართველები ვიყავით და ატყდა ერთი ამბავი. ჩემი სიურპრიზიც შედგა ნიკასთვის. მერე ასე ხუმრობდნენ, სადაც ბექა ბროლაძეა, იქ რაღა უნდოდა რიკი მარტინსო… (იცინის).
შენ, სხვათა შორის, ნამღერი გაქვს რიკი მარტინის სიმღერა… როგორ შევხდი ბექსთეიჯში, მოგვიყევი…
ძალიან უშუალო ადამიანია. თურმე ყოფილა 50+. საოცრად გამოიყურება… კონკრეტულად მასზე და მის იმიჯზე უამრავი ადამიანი ზრუნავს. გაგიჟებული იყო, ულამაზესი წყვილია და ეს რა ადგილას აღმოვჩნდიო. სხვათა შორის, ორი თვის წინ იქ ნამღერი აქვს ბრუნო მარსს იმავე ლონაციაზე. როიალზე მისი ავტოგრაფიც არის გაკეთებული.
რამდენი ადამიანი ესწრებოდა ქორწილს?
150 ადამიანი…
რიკი მარტინის გარდა, კიდევ იყვნენ ვარსკვლავები…
მოწვეული ჰყავდათ ვალერი მელაძე, ხოლო მაქსიმ გალკინს მიჰყავდა ქორწილი. მეორე დღე დათუნა ალადაშვილსა და მაქსიმ გალკინს – ერთად. ვალერის ქართულად ვესაუბრე, იდეალურად საუბრობს. სცენაზე ჭიქებს ვაწვდიდით და სადღეგრძელოებს ამბობდა ქართულად. არ მეგონა, თუკი ასე გამართულად ისაუბრებდა, რადგან დიდი ხანია, წასულია საქართველოდან. ვალერი იყო ქართველი კაცის მხარდამჭერი ქორწილში, არა მარტო მომღერლის სტატუსით, არამედ მინითამადაც იყო, გვესიყვარულებოდა სცენიდან… ქართულად „წინწყაროც“ კი შეგვისრულა. ქართველებისა და უკრაინელების ჩახუტებისა და სიყვარულის ქორწილი იყო. სხვათა შორის, მაქსიმ გალკინმაც კი ქართულად გვიმღერა, ოთარ რამიშვილის სიმღერა შეასრულა, თან – ორი. ეტყობა, ოთარი ძალიან უყვარს…
