Mercedes-Benz-მა ოფიციალურად წარადგინა GLC-ის სრულიად ახალი ელექტრო ვერსია, რომელიც საჯაროდ პირველად მიუნხენის ავტოსალონზე გამოჩნდება. საინტერესოა, რომ ბრენდმა საბოლოოდ უარი თქვა EQ ინდექსზე – მოდელი მოიხსენიება როგორც GLC with EQ Technology და პირდაპირ შეცვლის ნაკლებად პოპულარულ EQC-ს, თუმცა პარალელურად ისევ გაიყიდება ტრადიციულ GLC-თან ერთად.
ახალი ელექტრო კროსოვერი გამოირჩევა მასშტაბური რადიატორის ბადით, რომელიც 942 განათებულ წერტილს აერთიანებს. ფარები და უკანა ნათურები შესრულებულია ვარსკვლავის ფორმის LED ელემენტებით – დეტალი, რომელიც მომავალში ყველა „მერსედესის“ სიმბოლოდ უნდა იქცეს.
ელექტრო GLC-ს ბენზინის ვერსიასთან შედარებით გაზრდილი აქვს საბაზისო სიგრძე – 2972 მმ. საბარგულის ტევადობა მერყეობს 570-დან 1740 ლიტრამდე, ხოლო დამატებითი 128 ლიტრი სივრცე ხელმისაწვდომია კაპოტის ქვეშ.
სალონში დამონტაჟებულია ახალი Hyperscreen – 39,1 დიუმიანი უკიდეგანო ეკრანი MBUX მედია სისტემისთვის. ინტერიერში ასევე ვხვდებით გარემოს განათებას, ორ უსადენო დასამუხტს და ჭკვიან ხმოვან ასისტენტს, რომელიც წინა დიალოგებსაც კი იმახსოვრებს.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ყველა ვერსიას აქვს 94 კვტ/სთ ლითიუმ-იონური ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს 713 კილომეტრამდე სვლის მარაგს ერთი დამუხტვით. სწრაფი დამუხტვისას 300 კმ მარაგის მიღება შესაძლებელია სულ რაღაც 10 წუთში.