აბიშეკ პანგისი მშობლებთან ერთად ტადობას ნაკრძალს სტუმრობდა, როდესაც საოცარ სანახაობას გადააწყდა. შავი ლეოპარდი წყლის დასალევად ტბორთან მივიდა და 40 წუთის განმავლობაში უძრავად იდგა. 23 წლის ინდოელისთვის ეს წუთები მართლაც დაუვიწყარი იყო.
„ლეოპარდის დანახვამ ყველაფერი დამავიწყა. ასეთი სილამაზე აქამდე არასდროს მინახავს, გავშეშდი და გონზე მოსასვლელად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. შემდეგ კი ფოტოების გადაღება დავიწყე. ნამდვილად ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან როგორც წესი ადამიანებს შავი ლეოპარდის ნახვა 2-3 წუთით შეუძლიათ ხოლმე, მე კი მთელი 40 წუთი მქონდა“ – იხსენებს სტუდენტი.
პანგისმა და მისმა ოჯახმა ლეოპარდი მაშინ ნახა, როცა ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევდა, ცხოველმა სამალავი სწორედ სიცხის გამო დატოვა და წყლის მარაგის შესავსებად გამოვიდა.
რაც შეეხება მის უჩვეულო ფერს, შავი პიგმენტის სიმრავლე გენეტიკურმა მუტაციამ გამოიწვია.