წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები არიან შეკრებილები, მთავრობის და პარლამენტის წევრები მივიდნენ.
ტაძარში მივიდნენ პრემიერ-მინსიტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები. ტაძარში მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირიც.
ცნობისათვის, 17 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება. დაგეგმილი მსვლელობის გამო, დღეს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება იზღუდება.
ფოტოები: ინტერპრესნიუსი