საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ენგურჰესის კაშხალზე ინფო-ტური გამართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებითა და ეკონომიკის მინისტრის ხელშეწყობით, „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ტურისტულმა ცენტრმა დაიწყეს.
ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ თანამშრომლებმა თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისათვის აქამდე მიუწვდომელი იყო. ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.