ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიღწია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის ვიცე მერმა კოტე თოფურიამ განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის პირველადი მონაცემები, რადგან სპეციალური კომისია ზარალის აღწერას ამ დრომდე აგრძელებს.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 94 კერძო სახლი და მუნიციპალურ ბალანსზე არსებული 40 ობიექტი.
„პირველადი დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 10 ათასი ლარი, დანარჩენი თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. უბნებზე, სადაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, ამ დრომდე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება,“ – განაცხადა კოტე თოფურიამ.