საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელის გახანგრძლივების საკითხს სპეციალური განცხადებით ეხმაურება:
„საქართველოს ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული გამოწვევებით ხასიათდებოდა, კერძოდ, ფქვილის და ხორბლის იმპორტის სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმმა, ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული, არათანაბარ პირობებში ჩააყენა საქართველოს წისქვილების მუშაობა ფქვილის იმპორტთან შედარებით, შედეგად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ბაზარზე რთული მდგომარეობა შეიქმნა – წისქვილკომბინატების გაჩერების პარალელურად ფქვილის არაპროგნოზირებადი და აგრესიული იმპორტი განხორციელდა, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ადგილობრივი წარმოების ფქვილი მთლიანად ჩანაცვლებულიყო იმპორტირებული ფქვილით, შესაბამისად, ქართული ხორბლის მოსავლის რეალიზაცია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ამ ფონზე პრობლემას წარმოადგენდა ხორბლის გარდამავალი მარაგები.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ, წისქვილკომბინატების, ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად 2023 წლის 12 ივნისიდან 2024 წლის 1 მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა, რომლის მიზანი იყო საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახადო რეჟიმების აღდგენა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა – ქართული ხორბლის ძველი და ახალი მოსავლის რეალიზაცია, პურის ფასის სტაბილურობა და ქვეყნის გარდამავალ სტრატეგიულ მარაგების შევსება.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საწყის პერიოდში ბაზარი გარკვეული გამოწვევებით ხასიათდებოდა, მთლიანობაში შეიძლება ითქვას რომ აღნიშნულმა მექანიზმმა ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა, კერძოდ: აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის, შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა; დადგენილების ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს წისქვილკომბინატებში ჩაბარებულია 50 000 ათას ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი; აღდგა ხორბლის იმპორტი და დღეს საშუალოდ ყოველთვიურად ქვეყანაში შემოდის 20-დან 25 ათას ტონამდე ხორბალი, ამასთან, გრძელდება ფქვილის იმპორტი, თვეში საშუალოდ 8-დან 12 ათას ტონამდე; მთელი ამ დროის განმავლობაში 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი მერყეობს 45-49 ლარის ფარგლებში; ფქვილის აღნიშნული სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, პურის ფასი სტაბილურია და ამ მხრივ დღეს გამოწვევები არ არსებობს; წისქვილკომბინატებმა მუშაობის განსახლების შედეგად აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანები საქართველოს ბიუჯეტში; ფქვილის საიმპორტო მოსაკრებლიდან ბიუჯეტში დამატებით შევიდა 20 მილიონ ლარზე მეტი (რომელიც ადრე არ არსებობდა); წისქვილკომბინატების მუშაობით ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილია უწყვეტი გარდამავალი სტრატეგიული მარაგებით ხორბლად (გაეროს რეკომენდაცია), რაც ქართული ხორბლის სეზონურ მოსავალთან ერთად ნებისმიერ გაუთვალისწინებელ კრიტიკულ შემთხვევაში 100%-იანი სასურსათო უსაფრთხოების გარანტიას იძლევა (ცალკე აღებული ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მარაგების შექმნა სრულად ვერ ხერხდება).
ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების შესანარჩუნებლად და ბაზრის შემდგომი პროგნოზირებადი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის, 2024 წლის 1 მარტის შემდგომაც გაგრძელდეს ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელის დაწესებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილების მოქმედების ვადა“.