LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრანკლინის კლუბი” საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას წყვეტს – განცხადება

272
BeFunky-collage - 2023-03-20T230243.081

„ფრანკლინის კლუბი” საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას წყვეტს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში ფრანკლინის კლუბი გახდა ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიების უპრეცედენტო, ცილისმწამებლური პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნე. კლუბის წინააღმდეგ აგრესია და უსაფუძვლო ბრალდებები გააჟღერეს პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და სხვა გავლენიანმა პირებმა.

ამასთან, კლუბის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ხელისუფლება აქტიურად იყენებს საქართველოს უნივერსიტეტზე სრულიად უსამართლო თავდასხმებისთვის.

ამის გათვალისწინებით, ფრანკლინის კლუბმა მიიღო რთული, მაგრამ არსებულ მდგომარეობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, შეწყვიტოს თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტთან და ამით თავიდან აარიდოს ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული ნეგატიური საინფორმაციო კამპანია.

დღეს საქართველოს უნივერსიტეტი არის სახელისუფლებო პროპაგანდის კონტროლის მიღმა დარჩენილი ერთ-ერთი დიდი თავისუფალი სივრცე, რომლის არსებობაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენისთვის.

ხაზს ვუსვამთ, რომ ფრანკლინის კლუბის თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტთან ატარებდა წმინდად საგანმანათლებლო ხასიათს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არასოდეს ჩარეულა ფრანკლინის კლუბის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მართვასა თუ საქმიანობის შინაარსში.

დაფუძნების დღიდან, ფრანკლინის კლუბი ემსახურება დემოკრატიული ღირებულებებისა და კლასიკოს ლიბერალ მოაზროვნეთა იდეების გავრცელებას. კლუბი ხელს უწყობს წევრებს შორის თანამშრომლობას, ქმნის თავისუფლების იდეაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო და მედიაპროექტებს, მონაწილეობს სამოქალაქო დისკუსიებსა და აქტივიზმში. ჩვენს მისიად რჩება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კლუბის უმსხვილესი პროექტი, ფრანკლინის აკადემია, ახალგაზრდებს ეხმარება, მიიღონ თანამედროვე განათლება ეკონომიკის, სამართლის, ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობების, დებატების და სხვა მიმართულებით. აკადემია ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და თანამედროვე მოქალაქისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებას.

ჩვენ ვამაყობთ აკადემიის თითოეული კურსდამთავრებულით, რომელთა რაოდენობა უკვე ორ ათასს აღემატება. გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ფრანკლინის აკადემიას ვერ შევქმნიდით.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფრანკლინის კლუბზე იერიში სწორედ იმიტომ მიიტანა, რომ ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელი განათლება ვეღარ მიგვეცა. სწორედ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობაა მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და ევროპული მომავლის გზაზე.

ფრანკლინის კლუბის ისტორიაში დღეს იწყება მომდევნო ეტაპი. კლუბი მზადაა საქართველოს უნივერსიტეტის გარეთ განავითაროს საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო ისე სხვა, უკვე არსებული და ახალი მიმართულებებით, რომ კიდევ უფრო შედეგიანი გახდეს საკუთარი მისიის განხორციელების გზაზე.

დღეს ჩვენი ორგანიზაცია ძლიერია, როგორც არასდროს, პირველ რიგში, იმ საოცარი საჯარო მხარდაჭერის გამო, რაც ხელისუფლების თავდასხმის ფონზე მივიღეთ უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანისა და ორგანიზაციისგან. ამ მხარდაჭერისთვის, გვსურს, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.

პოტენციურ პარტნიორებსა და მხარდამჭერებს, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ ფრანკლინის კლუბის ისტორიის ახალ ეტაპზე. დღეს თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგანაც მკაფიოდ ვგრძნობთ, რომ ერთად, შეგვიძლია, არამარტო გავუძლოთ პროპაგანდის ზეწოლას, არამედ შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.

ერთად დავიცვათ თავისუფლების იდეა და მივაღწიოთ ევროპულ მომავალს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კობახიძე: „ფრანკლინის კლუბისა” და „გირჩის” წარმომადგენლები, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში

კობახიძე: „ფრანკლინის კლუბისა” და „გირჩის” წარმომადგენლები, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში

„რა სატანისტები, რა ფრანკლინის კლუბი.. „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ამოწურულია და უნდა წავიდეს!“ – ელისაშვილი პრემიერის განცხადებაზე

„ფრანკლინის სკოლა საინტერესო მიმართულებაა, ხალხს დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით” – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g