განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლების სისტემაში არსებულ სხვადასხვა ხარვეზზე და მის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
მინისტრმა საუბარი 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული შემთხვევით დაიწყო. მან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს სტრესის გადალახვაში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები მუდმივ რეჟიმში ეხმარებიან.
„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, მთელს ჩვენს საზოგადოებას. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მუშაობენ “მწვანე სკოლის”, მე-100 და 169-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში.
სამინისტროში მუშაობს ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი, სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრის თქმით, მთელი ძალისხმევა არსებული განათლების სისტემის შეცვლას უნდა მოხმარდეს.
„რაც არ უნდა რთული იყოს დღეს ნებისმიერ სხვა საკითხზე მსჯელობა, სწორედ ჩვენი შვილების ინტერესები მოითხოვს, რომ მთელი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მივმართოთ განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა ჩხენკელმა.