LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფულადი თუ ჰუმანიტარული შემოწირულობები სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია უკრანელი ხალხისთვის” – საქართველოს წითელი ჯვარი ბიზნეს სექტორს მიმართავს

86
1594710038-1594538407-წითელი-ჯვარი

საქართველოს წითელი ჯვარი, როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია და მმართველი საბჭოს წევრი, ყოველთვის მზად არის დახმარება გაუწიოს სხვა ეროვნულ საზოგადოებებს. შესაბამისად საქართველოს წითელი ჯვრის გუნდი აქტიურად მუშაობს უკრაინის წითელი ჯვრის დასახმარებლად.

როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში განაცხადეს, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ორგანიზაციაში შემუშავდა მთელი რიგი აქტივობები გადაუდებელი რეაგირებისთვის. პირველ რიგში, შეიქმნა დონაციის ვებგვერდი, რომლის მეშვეობით შეგროვებული თანხა მთლიანად უკრაინის წითელ ჯვარს გადაერიცხება. ამჟამად შემოსულია 25,000 ლარამდე თანხა.

მათივე ცნობით, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კერძო ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია როგორც თანხის შემოწირულობის, ასევე ჰუმანიტარული პროდუქტების მიღების მიზნით. საქართველოს წითელ ჯვარს მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინის წითელ ჯვართან და, შესაბამისად, ინფორმირებულია მათი საჭიროებების შესახებ. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია პროდუქტების და პირველადი საჭიროების სხვა ნივთების ჩამონათვალი, რომლის უკრაინაში გაგზავნას უზრუნველყოფს საქართველოს წითელი ჯვარი.

“აგრეთვე, საქართველოს წითელი ჯვარი პირველ არხთან ერთად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად გეგმავს საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“. შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება უკრაინის წითელ ჯვარს.

“მოგმართავთ თხოვნით ხელი შეგვიწყოთ უკრაინაში მყოფი დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მეშვეობით.

კერძო კომპანიების ჩართულობა და მათი ფულადი თუ ჰუმანიტარული შემოწირულობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული ხალხისთვის.

ფულადი შემოწირულობების შემთხვევაში, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი საბანკო ანგარიშით: GE48BG0000000162223425

ჩვენს ერთსულოვნებას შეუძლია უკრაინაში ათასობით დაზარალებული ადამიანის დახმარება!” – აღნიშნულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები