არასამთავრობოების ნაწილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დატოვა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე მსჯელობდნენ.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა ედუარდ მარიკაშვილმა კანონპროექტის ავტორებს ავტორიტარი უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მას ვერავინ შეაჩერებს.
„ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგარქვათ სახელი. თქვენს გადაწყვეტილებებს დავარქვათ სახელი, რათა შემდგომ ეს სახელი გამოჩნდეს, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე, ჩვენმა მოსახლეობამ დაინახოს რა გქვიათ. თქვენ ყველანი ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები“ — მიმართვა მარიკაშვილმა „ოცნების“ წარმომადგენლებს.
მარიკაშვილის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატების — მიხეილ სარჯველაძის, გურამ მაჭარაშვილისა და ალუდა ღუდუშაურის გაღიზიანება გამოიწვია და მათ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელს სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს.
„გააფრთხილე და თუ არა, გააგდე აქედან კაცო“ — მიმართა „ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თავის თანაგუნდელ მიხეილ სარჯველაძეს. სარჯველაძემ არაერთხელ მოუწოდა მარიკაშვილს მიკროფონის გამორთვისკენ.
„რა სახელს მარქმევს, ვერ გავიგე?“ — თქვა მიხეილ სარჯველაძემ, რომელსაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიჰყავდა.
უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა კი მარიკაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შეურაცხყოფას გვაყენებ. თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი. ნუ ბლატაობ“.
სიტყვიერ შელაპარაკებას ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელმაც ღუდუშაურს მიმართა: „ბატონო ალუდა, დიდი ბოდიში, მაგრამ სიტყვა „ბლატაობა“ და ასეთი ტერმინოლოგია გამოიყენეთ ქუჩაში. ნუ ბედავთ და პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასეთ ტერმინოლოგიას ნუ იყენებთ. ასევე, ბატონო მიხეილ (სარჯველაძე), მიმართეთ ეთიკის კომისიას იმისთვის, რომ ბატონი ალუდას მიერ შეურაცხმყოფელი და პარლამენტისთვის შეუფერებელი ტერმინოლოგიის გამოყენება სათანადოდ რეაგირების ქვეშ მოექცეს“.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივაზე მსჯელობდნენ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა უმრავლესობის ამ წინადადებასმხარი დაუჭირა.
ამავე თემაზე: