LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარლამენტის დღევანდელი ბიურო იყო ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდლებისა და გენერლების სურათი“ – რატომ არ მივიდა უმრავლესობა სხდომაზე, სადაც ინსპექტორის სამსახურის ალტერნატიული პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო

107
ბიურო - ნავლიშვილი და მდინარაძე

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრები არ მივიდნენ, რის გამოც კვორუმის პრობლემა შეიქმნა და შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა. დღევანდელ სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ალტერნატიული საკანონმდებლო პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო, „ქართული ოცნებიდან“ არავინ გამოჩენილა. როგორც უმრავლესობაში თქვეს, ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წაროუდგენია, მათ ინსპექტორის კანონპროექტი წარადგინეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მისმა თანაპარტიელებმა ბიუროს სხდომა სპეციალურად ჩაშალეს და ეს პოლიტიკური ოპონენტების საპასუხოდ გააკეთეს.

„პარლამენტის დღევანდელი ბიურო იყო ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდლებისა და გენერლების სურათი“, – ასე შეაფასა ბიუროს სხდომის კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლა, ჟურნალისტებთან საუბრისას „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

გუშინ კი ანა ნაცვლიშვილმა ასევე თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მათ ალტერნატიული პროექტი ჰქონდათ მომზადებული. ნაცვლიშვილმა რეგლამენტით დადგენილი წესით მათი ალტერნატიული ინიციატივის განხილვის დაწყება მოითხოვა, რისთვისაც პირველ რიგში, ბიუროს სხდომაზე პროექტის ინიცირება იყო საჭირო. ამის შემდეგ კი პარლამენტს უმრავლესობის ინიციატივასთან ერთად, ოპოზიციის ალტერნატიული შეთავაზებაც უნდა განეხილა.

როგორც მოგვიანებით ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს განსხვავებული აზრის ეშინია და შესაბამისად, ბიუროს სხდომაზე გამიზნულად არ მივიდნენ.

„მმართველ გუნდს იმისიც კი ეშინია, რომ მათ აბსოლუტურად უაზრო კანონპროექტის პარალელურად განსახილველად არ დადგეს აზრიანი, გონივრული და სამართლიანი პროექტი, ამისაც კი ეშინიათ. ამიტომ დღეს გადაწყვიტეს, რომ ბიუროზე არ მოესვლებოდათ და ვერ მოვიდნენ. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მათ ეშინიათ, ყველგან ეშინიათ განსხვავებული აზრის და ყველგან ეშინიათ სიმართლის ხმის გაგონების. „ქართული ოცნება“ ძალიან ხშირად ცდილობს თავისი, ჯერ კიდევ მომხრეები დაარწმუნოს იმაში, რომ ოპოზიცია არ მუშაობს, ოპოზიცია უსაქმურია, ოპოზიციას იდეები არ აქვს, მაგრამ როგორც კი ჩვენ კონკრეტულ კანონპროექტს ვდებთ მაგიდაზე, გარბიან ბრძოლის ველიდან.

„ქართული ოცნება“ მიუხედავად მათი სისტემური მცდელობისა, ვერ აკონტროლებს და ხელიდან გაექცა მთელი რიგი მიმართულებებით პროცესები და ახლაც ცდილობენ დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტების ამოქმედებით სასამართლოსთან, მედიასთან მიმართებით, ინსპექტორთან მიმართებით და ა.შ. ის ფანჯრებიც ამოქოლონ, საიდანაც სინათლის სხივი შეიძლება შემოვიდეს ამ საზოგადოებაში და სიმართლეს სიმართლე დაერქვას და მათი ტყუილი იყოს მხილებული. ეს არის მათი მცდელობა, რომ ტოტალური კონტროლი განახორციელონ, თუმცა ესეც იქნება უშედეგო. აქამდე არსებული საკანონმდებლო ბარიერებიც საკმაოდ ძლიერი იყო და ამის პირობებში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ გაჩერებულა. რამდენი კანონიც არ უნდა მიიღონ ამ პროცესს ვერ შეაფერხებენ, რადგან ის, რასაც ისინი აკეთებენ, ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

რას ამბობენ მმართველ გუნდში

 

თავად „ქართული ოცნებაში“ კი, ბიუროს სხდომის ჩაშლა ოპონენტებს დააბრალეს და თქვეს, რომ მათ პროცედურული მექანიზმების გამოყენებით, მაქსიმალური დროის გაწელვა გადაწყვიტეს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისმა თანაპარტიელებმა ბიუროს სხდომა სპეციალურად ჩაშალეს და ეს პოლიტიკური ოპონენტების საპასუხოდ გააკეთეს.

„ჩვენც ამას დავუპირისპირდით იმით, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას შეგნებულადაც ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ განმარტა, მმართველი გუნდი საზოგადოებას ვერ მოატყუებს, რომ „სცადეს და ბიურო ვერ ჩაატარეს, პირიქით, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთ მცდელობას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.“ მისივე თქმით, ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წაროუდგენია, მათ ინსპექტორის კანონპროექტი წარადგინეს. მდინარაძე მიჩნევს, რომ ამას ბევრი შეფასება არ სჭირდება, ეს არის ცუდი პრეცედენტი.

„რამდენიმე ადამიანი გამოვცხადდით ინსტიტუტის, ბატონი გიას პატივისცემის ნიშნად, მაგრამ ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა, უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ალტერნატივის სახით არის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ანალოგი, სიტყვა-სიტყვით არის იგივე. ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წარმოუდგენია, მათ ინსპექტორის კანონპროექტი წარმოადგინეს. ვფიქრობ, ამას ბევრი შეფასება არ სჭირდება, ეს არის ცუდი პრეცედენტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.